ევროპული დესანტი საქართველოში - ევროკავშირი ქართველ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის ფორმას და შუამავლებს ცვლის!

ევროპული დესანტი საქართველოში - ევროკავშირი ქართველ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის ფორმას და შუამავლებს ცვლის!

ევროპა თბილისში ახალი დესანტის გადმოსხამად ემზადება - არ არის გამორიცხული ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართველებთან დიალოგის ფორმა და მომლაპარაკებელი შეცვალოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის საქართველოში ევროპის 6 ქვეყნის (საფრანგეთი, შვედეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი იგეგმება და ისინი ქალაქს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ეწვევიან.

მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დენიელსონის ჩართულობით გამართული ორი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვაში მზად არიან ჩაერთონ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ევროკავშირის ოფისში, სადაც გუშინ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი არჩილ თალაკვაძეს და „ლელოს“ ლიდერებს შეხვდნენ, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ განახლებულა. მისიის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ოფიციალურად მესამე რაუნდის დღე და დრო ჯერ არ ჩანიშნულა.

მედიაციით მესამე რაუნდის გამართვასთან დაკავშირებით, შარლ მიშელის ოფისიდან ახალი გზავნილები უკვე ისმის. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ახლა შემდგომ ნაბიჯებზე მიდის მსჯელობა. ევროკავშირის გზავნილი უცვლელია - პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად კომპრომი შესაძლებელია, თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია გამოიჩენენ გამბედაობას, სიმწიფეს და მზაობას.

„ბატონი დენიელსონის მედიაციის მისია არ აღმოჩნდა წარმატებული. არც ერთ პოლიტიკურ მხარეს, არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება კომპრომისის მისაღწევად. ევროკავშირის ლიდერები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობენ. მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ არ ვფლობთ ინფორმაციას კონკრეტულ შედეგებსა თუ თარიღებზე“, - აცხადებს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი პიტერ სტანო.

for.ge-სთვის კი ცნობილი ხდება, რომ კარლ ჰარცელთან შეხვედრის დროს, დახურულ კარს მიღმა ელჩმა, როგორც ოპოზიციას ასევე ხელისუფლებას ევროპიდან წამოსული გზავნილები გააცნო. ჰარცელმა ორივე მხარე მკაცრად გააფრთხილა, რომ თუკი შეთანხმება არ იქნება, ევროკავშირი ქვეყანას დაფინანსებას შეუწყვეტს და საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღება კიდევ დიდი ხნით გადაიწევს.

სწორედ მოლაპარაკების გამო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. სავარაუდოდ, ის ამერიკელებს ხელისუფლების პოზიციებს გააცნობს და აუხსნის „ოცნება“, მოლაპარაკების პროცესში, რა დათმობაზე მიდის.

„ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ის შეხვედრებს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართავს.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა გადაჭრან ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და რაც შეიძლება მალე.

„ჩვენ გვესმის საზოგადოებისგან, რომ ელოდება კრიზისის სწრაფად და რაც შეიძლება მალე გადაჭრას, რომ პარლამენტის არჩეულმა წევრებმა დაიწყონ მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს – კოვიდი, ეკონომიკა, ცვალებადი რეგიონული დინამიკა. ამ გამოწვევებზე პასუხი მოითხოვს მთელი მთავრობის და მთელი პარლამენტის მუშაობას, საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციით და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა სწრაფად შეთანხმებისთვის“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კელი დეგნანმა.

მმართველი გუნდი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობს და ოპოზიციას პასუხიმგებლიანი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოსაწერად მზადაა, თუმცა საკუთარ მოთხოვნებს ოპოზიციამაც უნდა გადახედოს. არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ბოიკოტის მომხრე არ არის, აქედან გამომდინარე, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

„მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ პრინციპულად მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმების დოკუმენტს და პოზიტიურად დავასრულოთ ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, ჩვენი მზადყოფნა არსებობს ამასთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებზე დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის კვლევები უკვე სახეზეა, სადაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს ბოიკოტს, არ უჭერს მხარს მონაწილეობაზე უარის თქმას და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაშიც სახეზეა უკვე ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს“, - აცხადებს თალაკვაძე.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ კვირაში გაიმართოს მედიაციის მესამე რაუნდი დიპლომატების, ოპოზიციის და ხელისუფლების მონაწილეობით.

„შეხვედრისას შედარებით იმედის მომცემი იყო, რომ ისინი გვიდასტურებენ პროცესის გაგრძელების შესაძლებლობას. ყველანი ვთანხმდებით, რომ ის დოკუმენტი, რომელიც ბოლოს დაიდო, არ არის ის, რომელზეც მხარეები ხელს მოაწერენ. თუ მოლაპარაკება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მასში 5-ვე საკითხი უნდა იყოს მოცემული“, - აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მომლაპარაკებლის შეცვლას დიდად აზრი არა აქვს, რადგანაც საქართველოში ჯერჯერობით პოლიტკური სურათი ისევ იგივეა. არაფერი ძვრა მხარეებს შორის ჯერ არ შეიმჩნევა, ამიტომაც აქ პირადად მომლაპარაკებელზე ბევრი არაფერია დამოკიდებული. ძაბირაძე ამბობს, რომ მესამე რაუნდის განახლება ყველაზე ეფექტური მაინც 15 მაისის შემდეგ იქნება, რადგანაც პოლიტიკოსებს გონზე მოსასვლელად დრო სჭირდებათ. თანაც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე გამოჩნდება ხალხი რას იზამს, რა შესაძლებლობები აქვთ. თუ აქცია ფართომასშტაბიანი არ იქნება, ოპოზიციის ნაწილი გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„რამდენად მასშტაბური იქნება ოპოზიიცის დაგეგმილი აქცია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ, ევროკავშირმა დენიელსონის დოკუმენტი უნდა დადოს და ღიად განაცხადოს, რომ ეს მათი პოზიციაა და მხარეებმა ბუტიაობას თავი დაანებონ, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დილემის წინაშე დააყენებს. ან ევროკავშირის წინააღმდეგ წავიდნენ, ან იმას დათანხმდნენ, რასაც ევროპა შესთავაზებს. მოლაპარაკებიდან გამოსული მხარეები იქ მიმდინარე საუბარს სათავისოდ იყენებენ. ერთი მხარე სულ სხვა ინტერპრეტაციას აძლევს მოლაპარაკებებს, მეორე გამოდის და სათავისოდ კერავს. ამიტომ მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. ევროკავშირმა ღიად უნდა მოითხოვოს, რომ მათ პოზიციას ორივე მხარე დაეთანხმოს.

რაც შეეხება მუქარას, რომ საქართველოს დახმარებას შეუწყვეტენ და სანქციებს დააწესებენ, ეს ოპოზიციისთვის მისწრებაა. ოპოზიცია ამას საკუთარ მხარდაჭერად აღიქვამს და იტყვის, რომ აგერ, ბატონო, რასაც ვამბობდით, „ქართლი ოცნება“ ევროკავშირმა დასაჯა. ზუსტად ეს უნდა ოპოზიციას, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს და ყველა მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიცია ელოდება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ამ სანქციების დაწესების შედეგად კიდევ უფრო გართულდეს და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. ამიტომ ევროპის მხრიდან მუქარა, რომ სანქციებს დაგიწესებთ, ოპოზიციას არ ეშინია. მათთვის ქვეყნის ბედი დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანია თუ ხელს რიგგარეშე არჩევნებს ევროპის დახმარებით ვერ გამოკრავენ, იქნებ სანქციების დაწესების შემდეგ, ხალხის მღელვარება მაინც გამოიწვიონ. აჩვენონ ყველას, რომ „ოცნება“ ქვეყნის საზიანო საქმეშია ჩაბმული.

„სანქციების მუქარით ევროკავშირი ოპოზიციას ვერ შეაშინებს. პირიქით, ეს ხალხი სულ სანქციებზე საუბრობს და ერთი სული აქვთ, რომ ეს დაგვიწესდეს. ასეთ თემებს დასავლეთი რეალურ ვითარებაში ვერ აღიქვამს. ჰგონია, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას თუ ეტყვიან დახმარებას შეგიწყვეტთ, ორივეს თანაბრად შეეშინდება. იქ ოპოზიციას ამის გაგონებაზე გული გაუსკდება, აქ კიდევ პირიქით არის - ერთი სული აქვთ.

მეორე მხრივ გამოსავალი არსებობს და ხელისუფლებამ ყოველგვარი პირობის გარეშე, ამ 5-პუნქტიანი გეგმის შესრულება დაიწყოს. სასწრაფოდ, პარლამენტმა 20 ივნისთან დაკავშირებით ამნისტია მიიღოს და ეს პატიმრების თემა დაასრულოს. არანაირი ხელმოწერა არ სჭირდება. იმოქმედოს „ოცნებამ“, ოპოზიციაც და ევროკავშირიც ფაქტის წაინაშე დააყენოს. ხელისუფლება ამით პარტნიორების სრულ დახმარებას მოიპოვებს. ლაპარაკი იმაზე აღარ იქნება, ქვეყანას ევროკავშირიდან დახმარება შეუწყვიტონ თუ არა. ამ კვირაში ან ამ თვის ბოლოს, ევროკავშირი მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დაბრუნდეს, ოპოზიციაში რაიმე ცვლილებას ვერ ვხედავ. ამიტომ ხელისუფლებას ვურჩევ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს, ოპოზიცია ევროკავშირთან პირისპირ დატოვოს და მერე იმათმა ერთმანეთთან ილაპარაკონ“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ სყვარელიძე კი for.ge-სთან ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებაში სრულიად სხვა პირები ჩაერთონ. ის არ გამორიცხავს, რომ როგორც დენიელსონის ცვლილება მოხდეს, ასევე მის მიერ შემუშავებული დოკუმენტიც გადაიხედოს. საყვარელიძის აზრით, ევროკავშირიდან სანქციებზე საუბარი არ იქნება, რადგანაც ისინი მიიჩნევენ, რომ თუ საქართველოს ევროპა ხელს გაუშვებს, რუსეთი უმალვე ჩვენს დაპატრონებას შეეცდება. ამიტომაც ამ გადაწყვეტილებას ევროპა არ მიიღებს. პირიქით, მათ მიაჩნიათ, ვინც ამ მოლაპარაკებას შლის, რუსეთის სცენარით თამაშობს და პასუხიც მან უნდა აგოს. ამიტომ ქვეყნის საზიანო საქმეს ევროკავშირი არ გააკეთებს. მაქსიმალურად შეეცდებიან მოლაპარაკების მესამე მცდელობაც წარუმატებელი არ აღმოჩნდეს და რუსეთის სასიხარულო საქმე ისევ არ გაკეთდეს.

„სამწუხაროდ, რასაც ვუყურებ, თავად ოპოზიციის შიგნით არ არინ ჩამოყალიბებული. იქ ბევრი სუბიექტია, რომელთაც სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ. „გირჩმა“ ახლა 7-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი პარლამენტში შევლენ. „სტრატეგია აღმაშენებლი“ სრულიად სხვა პირობებზე საუბრობს. ნაციონალებს ისევ რიგგარეშე არჩევნები უნდათ. ამიტომ მეეჭვება, რომ ეს ხალხი ერთიან პოზიციაზე შეთანხმდნენ. ფაქტია, ვიღაცეებს სურთ, ნაბიჯები გადაიდგას, რათა პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ რაღაცა ხელს უშლით და ამას ვერ ბედავენ. ევროკავშირისგან სანქციები და ევროპული მიმართულებით საქართველოს მოძრაობა დაიბლოკოს - მეეჭვება. ევროპული სტრუქტურები მაშინ ძალიან რულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ისინი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს საყვედურობენ, შექმნილი სიტუაცია რუსეთს ხელს აძლევსო და საკმარისია, მათ ხელი გვკრან, ყველაზე კარგი საჩუქარი რუსეთისთვის ეს იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საყვარელიძე.

მისივე თქმით, ახლა რუსეთი გახარებულია, რომ ევროპა დიპლომატიურ ფრონტზე საქართველოში დამარცხდა. ეს მარცხი კიდევ თუ გაგრძელდა, რუსეთი კიდევ უფრო გაიხარებს. ამიტომ ვისაც კრემლის გახარება უნდა, ეცდება, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს.