გია ვოლსკი „გირჩის“ მოთხოვნებზე: არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს საკმარისი არაა, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ

გია ვოლსკი „გირჩის“ მოთხოვნებზე: არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს საკმარისი არაა, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ

არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება - ეს არ არის საკმარისი, რათა ამ თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ „გირჩის“ 7-პუნქტიან მოთხოვნას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, არსებობს თემები, რაზე მსჯელობაც შეიძლება, თუმცა გარკვეული საკითხები „გირჩმა“ უკეთესად უნდა დაასაბუთოს.

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები, ასევე უმრალესობის და უმცირესობის ფუნქციები, იმიტომ, რომ შეიძლება ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მათ უჭერს მხარს, სწორედ ასეთი მოთხოვნებით გამოდის. მაგრამ არსებობს უმრავლესობის პოზიციები ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით და მათზე მსჯელობა შეიძლება. მაგრამ. მაგალითად, სკოლების და სასწავლებლების დამოუკიდებლობის, თვითრეგულაციის საკითხებს, ალბათ უკეთესად უნდა დაასაბუთონ, რა ფინანსური შედეგი ექნება და ჩვენს საზოგადებას რას მოუტანს. თუნდაც დამოუკიდებელი შერიფის არჩევის და მოსამართლის არჩევის თემებთან დაკავშირებით, არ შეიძლება, რომ ბატონი იაგოს განცხადებებზე აიგოს ჩვენი პოზიციია. არ შემოვალთ, ვისეირნებთ პარლამენტში, იარაღს ჩავიდებთ ჯიბეში და გარკვეული პრივილეგიები გვექნება, ეს არ არის საკმარისი, რათა თემებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ. გარდა ამისა, შანტაჟის განცხადება, რომ შემოვალთ, თუ ჩვენს ამ მოთხოვნებს შეასრულებთ, არ მგონია, სერიოზული იყოს. თუმცა, რასაც ეს პარტია გვიყვება, შესაძლოა, პოლიტიკისთვის და მხარდამჭერთა რაოდენობის მობილიზების თვალსაზრისით კარგი იყოს, მაგრამ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს პარლამენტის მიმართ“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. ეს პუნქტებია: „ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით; კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან; რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ; (მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში); პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული; ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი; რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად; მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია“.

ამასთან, „გირჩში“ აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მათი ბოიკოტი სხვა ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებული იქნება.

მათი განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. „თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს; იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს);პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას“, - აცხადებენ გირჩში.