ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების რისკი დიდია

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების რისკი დიდია

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის დაწყების რისკი დიდია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით მცირე ეპიდაფეთქებები ხალხმრავალმა შეკრებებმა გამოიწვია და მოსახლეობას დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების დიდი რისკია. შეიძლება ვთქვათ, რომ ის დაწყებულია, თუმცა ფართო მასშტაბი ჯერჯერობით არ აქვს მიღებული. ყველა ინდიკატორი, რომელიც აფასებს ეპიდსიტუაციას, სამწუხაროდ, გაუარესებულია. ეს მცირე აფეთქებები დაიწყო დიდი თავშეყრებიდან, ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ დროებით ხელი უნდა ავიღოთ ამ დიდ თავშეყრებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.