ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი დაასახელა

ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი დაასახელა

მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ისეთი ტიპის ტალღა, როგორც იყო შემოდგომაზე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი პირბადის გამოყენებაა.

„დარწმუნებული ვარ, თუ მოსახლეობა დაგვეხმარება, დაეხმარება საკუთარ თავსა და ქვეყანას, ეს პირველ რიგში პირბადის ტარებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია დღეისთვის, დავეხმარებით ქვეყანას პანდემიის მართვაში. დანარჩენი მხოლოდ შეზღუდვებზე გადის და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის ეფექტურობაზე. ევროპის ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია დიდი ხნის დაწყებულია, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გადააჭარბა 10%-იან მაჩვენებელს. ერთადერთი, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ცხოვრება გააგრძელოს და ამას არ მოჰყვეს ისევ შეზღუდვები, სერიოზული დამაზიანებელი ზემოქმედება ეკონომიკასა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ბუნებრივია, ეს არის ის, რომ პირბადით უნდა დავეხმაროთ ჩვენ თავსა და პანდემიის მართვას“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.