ბოკერიას ფაქტორის „პეპლის ეფექტი“

ბოკერიას ფაქტორის „პეპლის ეფექტი“

„ევროპულ საქართველოში“ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პარტიის ახალი თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. ამის ფონზე, „ევროპული საქართველოს“ რიგები დატოვა რამდენიმე წევრმა, ესენი არიან: დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი და ლევან თარხნიშვილი. პარტიის პოლიტიკური საბჭო დატოვა სერგი კაპანაძემ.

გარკვეულწილად, პარტიაში არ მალავენ განხეთქილებას, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა ამჟამინდელ და აწ უკვე ყოფილ წევრებს შორის. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღეს მათ, რადგან გიგა ბოკერიას ფაქტორი საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებდა და მოქმედებს ყოფილ თანაგუნდელებზე.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ გიგა ბოკერიას თავმჯდომარეობით „ევროპული საქართველოსთვის“ ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება რთული იქნება. მისივე თქმით, პარტიის ყოფილ და ამჟამინდელი წევრები წარსულს ვერ ამოშლიან, რაც უშუალოდ იმ „9-წლიან სისხლიან რეჟიმს“ უკავშირდება.

„რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მიმართულებით წავა პროცესები „ევროპულ საქართველოში.“ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა პარტიის განვითარების რა გზას დაადგება. იგივე პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებზე დამოკიდებულებასა და სხვას საკითხებზე. აპირებს ის რეალურ ცვლილებებს თუ არა.

თუნდაც ის საკადრო ცვლილებები, რაც პარტიაში იქნა მიღებული ყრილობის შემდეგ, მე პირადად მეუბნება იმას, რომ დიდ და სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ამ მხრივ მაინდამაინც ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, რომ პარტია პოლიტიკურად გაჯანსაღდება.

ის მძიმე წარსული, რაც მოსდევს პარტიის იმ ლიდერებს, რომლებიც დღეს პარტიის სათავეში მოექცნენ, არსად წასულა და არც ამ პარტიის ლიდერებს არ გაუკეთებიათ ისეთი განცხადებები, რაც საზოგადოებას დაარწმუნებდა იმაში, რომ მათ ამ მძიმე წარსულთან კავშირი გაწყვიტეს. ეს წარსული მოსდევს „ევროპული საქართველის“ ყველა მოქმედ თუ წასულ ლიდერს, რასაც ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცევა.

დღეს „ევროპული საქართველო“ დგას არჩევანის წინაშე. მათ თუ სურთ, რომ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია გადარჩნენ და არ გაიზიარონ იმ ორგანიზაციების ბედი, რომლებიც პოლიტიკურ არქივში ჩამოწერა პოლიტიკურმა პროცესებმა, მათ უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რასაც მათგან საზოგადოება ელოდება. ეს ნაბიჯი იქნება ის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თავად გიგა ბოკერია და სხვა იდიოზური ფიგურებიც ნელ-ნელა ჩამოცილდნენ პარტიას და რეალურად გაუხსნან გზა ახალ კადრებს, რომლებთანაც საზოგადოებას არ ექნება მძიმე კითხვები. სხვა გამოსავალს ამ პარტიისთვის ვერ ვხედავ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ გიგა ბოკერია რადიკალური პოზიციით გამოირჩევა, რამაც, მისი თქმით, პარტიის დაშლა გამოიწვია. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი ძალიან დაბალია და მისი გაუმჯობესება რთული იქნება.

„რაც ხდება პარტიაში, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასეთი ცვლილებები განიცადა ბევრმა პარტიამ თავის დროზე, მათ შორის „ქართულმა ოცნებამაც“. ეს ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმის თვისებაა. პარტიები ცდილობენ, რომ ადამიანების დრამატული გასვლები არ ხდებოდეს, თუმცა ეს სერიოზული გამოწვევაა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.

ადამიანების წასვლა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ის, ვინც რჩება. გიგა ბოკერიას ფაქტორმა და ფენომენმა განაპირობა იმ ხალხის გასვლა, ვინც გავიდა, ბოკერია იყო მიზეზი. როგორც ჩანს, ბოკერია გამოირჩევა რადიკალური პოზიციებით, ხშირად გაუმართლებელი პრინციპულობოთ, კატეგორიულობით და გარკვეულწილად ავტორიტარული მმართველობის სტილით.

რამდენად მოახერხებს ის ამ სტილით და ამ თვისებებით, შეკრას ისეთი პარტია, რომელიც უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე დღეს არის? - ვნახეთ, რომ არჩევნებზე ამ პარტიამ 4%-ც ვერ აიღო, რაც მათ ამბიციებს არ შეესაბამება. რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ არჩვნები გაყალბდა, თუ გაყალბდა, ამ შემთხვევაში ეს მოხდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და არა სხვა პარტიების საწინააღმდეგოდ. არავის წაურთმევია ხმები „ევროპული საქართველოსთვის.“ ეს არის მათი ალალი ხმები. არავის არაფერი მოუმატებია და არ დაუკლია.

ეს არის ძალიან ცოტა და მგონია, რომ ამ შედეგს ვერ გააუმჯობესებს ბოკერიას ფაქტორი. ლიდერებმა არ უნდა შეუქმნან ასეთ პარტიებს საფრთხე, რასაც რეალურად ვხედავთ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.

tngh "ევროპული საქართველო" ბ-ნი გ. ბოკერის ხელმძღვანელობით უძლეველი იქნება ყველა არჩევნებში. არ გამოვრიცხავ, კონსტიტუციური უმრავლესობაც მიიღოს...
1 თვის უკან
tngh "ევროპული საქართველო" ბ-ნი გ. ბოკერის ხელმძღვანელობით უძლეველი იქნება ყველა არჩევნებში. არ გამოვრიცხავ, კონსტიტუციური უმრავლესობაც მიიღოს...
1 თვის უკან
tngh "ევროპული საქართველო" ბ-ნი გ. ბოკერის ხელმძღვანელობით უძლეველი იქნება ყველა არჩევნებში. არ გამოვრიცხავ, კონსტიტუციური უმრავლესობაც მიიღოს...
1 თვის უკან