ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 18%-ით მოიმატა. სიღარიბის ზრდის მიზეზი გაძვირებული ცხოვრება და უმუშევრობაა. ორივე მათგანი პანდემიის ფონზე გამწვავებულია. ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 75% კი არასრულფასოვნად იკვებება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (უკიდურესად გაჭირვებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83 296 ადამიანით არის გაზრდილი.
სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764 შეადგინა, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს.
ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 922 247-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 033 051 ადამიანია რეგისტრირებული.
მარტში წლიურმა ინფლაციამ დაგეგმილ მაჩენებელს 2.4-ჯერ გადააჭარბა და 7.2%-ს მიაღწია, თუმცა განსხვავებული კვების რაციონის, კომუნალური გადასახადებისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, სამომხმარებლო ფასები სხვადასხვა ადამიანისთვის სხავადასხვა მოცულობით გაიზარდა.
ფასების თუნდაც მცირედით ზრდა ყველაზე მტკივნეულად სოციალურად დაუცველ ადამიანებზე მოქმედებს. ხელმოკლე ადამიანი შემოსავლის 50%-ზე მეტს და ზოგ შემთხვევაში 70%-ზე მეტსაც საკვებზე ხარჯავს. „საქსტატის“ ცნობით ბოლო ერთ წელიწადში სურსათზე ფასები საშუალოზე უფრო დაბალი მაჩვენებლით - 5.7%-ით გაიზარდა, რაც ქმნის იმის ილუზიას, რომ ღარბი ადამიანისთვის ინფლაცია შედარებით დაბალი იყო, მაგრამ რეალობა განხსხვავებულია. ის პროდუქტები, რომლებსაც ყველა მოიხმარს, საშუალოზე ბევრად მეტით გაძვირდა, მაგ: ზეთი და ცხიმი - 35.8%-ით (ფასები ამოწერილია 10-დან 20 რიცხვამდე და თვის ბოლოს ზეთის დამატებითი გაძვირება სტატისტიკაში ვერ აისახა), ყავა და ჩაი - 13.7%-ით, შაქარი - 13%-ით, რძის ნაწარმი - 8.5%-ით. პური და პურპროდუქტები -7.7%-ით, მათ შორის თონის პური 20%-ით შედარებით ნაკლებად 5%-ით გაიზარდა ფასები ნატურალურ წვენებზე და 4%-ით ხორცზე, ასევე 8.6%-ით გაიაფდა ხილი და 12%-ით ბოსტნეული.
სურსათის გარდა აუცილებელი ხარჯების კატეგორიას განეკუთვნება ასევე კომუნალური გადასახადები და ჯანდაცვა. კომუნალური ხარჯები ერთ წელიწადში 7.8%-ით გაიზარდა, ჯანდაცვა - 13.6%-ით.
იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალი ისედაც დაბალია რეალური ინფლაცია ორნიშნა აღმოჩნდა, რამაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. გაუფასურებულმა ლარმა დასაწვავზე ფასების მატებამ უახლოეს პერიოდში ფასები შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ ბიულეტენში საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაცაა შეფასებული. მსოფლიო ბანკში ამბობენ, რომ პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2%-იანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4%-ით გაიზარდა.
„სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა. საბიუჯეტო დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს - 4%-ით, ხოლო 2022 წელს 5%-ით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება პანდემიამდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება“, - პროგნოზირებენ მსოფლიო ბანკში.
სწორედ ასეთი სავალალო რეალობის გამო ქვეყანაში იზრდება სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი. ნახტომისებური სიძვირის გამო უკვე მოსახლეობის 75% არასრულფასოვნად იკვებება. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი მძიმე რეალობაზე და მაჩვენებლებზე ამახვილებს ყურადღებას:
„ახლახან დავამთავრე გაანგარიშება. საარსებო მინიმუმის რეალური მაჩვენებელი საშუალო წონის 30 წლის მამაკაცზე დღეისათვის შეადგენს 510 ლარს. აქედან 50% მოდის სურსათზე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდიკა ამ საკითხში აბსოლუტური სიმახინჯეა. ცხადია, პანდემიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. უპირველეს ყოვლისა დასაქმებას და ხალხს წაერთვა არსებობისათვის აუცილებელი საშუალებები.
სიღარიბის დონე ქვეყნაში ცალსახად გაზრდილია. ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 75% არასრულფასოვნად იკვებება. ეს გავლენას ახდენს განსაკუთრებით ბავშვებზე, მეძუძურ დედებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე“, - განაცხადა კოღუაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერი ვალდებულია ვითარებიდან გამოსავალი აკადემიურ წრეებთან ერთად იპოვოს. საამისოდ დრო არც ისე ბევრია.
აუუუჰ........................... რა მადლია ამათი (ორივესი) ერთ დიდ ხაროში ჩაყრა ............იიიიიიიიიიიიიიიიფ