ბარიერგადალახულები, ეტყობა, სააკაშვილის ჰიპნოზიდან ფხიზლდებიან - ვაშაძეს და „გირჩს“ თვალი პარლამენტისკენ უჭირავთ

ბარიერგადალახულები, ეტყობა, სააკაშვილის ჰიპნოზიდან ფხიზლდებიან - ვაშაძეს და „გირჩს“ თვალი პარლამენტისკენ უჭირავთ

„გირჩი“ ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა, მმართველ გუნდთან კონსულტაციების რეჟიმში არიან და გეგმებზე საჯაროდ ორშაბათს, 12 აპრილს ისაუბრებს. მისივე თქმით, „გირჩს“ კონკრეტული შეთავაზება აქვს.

„კომუნიკაცია გვაქვს და მათ დაახლოებით კონტურები წარმოდგენილი აქვთ. არ ვიცი, ჩვენი გუნდიდან ტელეფონით ისაუბრეს თუ როგორ, მაგრამ კომუნიკაცია გვქონდა. კვლავ ვართ ჩიხში, არაფერი არ ხდება და როგორც დაანონსებული გვქონდა, “ქართულ ოცნებასაც” ინფორმაცია მივაწოდეთ და ისედაც რეალურად, ჩვენ უკვე ორშაბათიდან ჩვენი გეგმის შესახებ საჯაროდ განვაცხადებთ“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

თუმცა, ეს პარტია ერთადერთი არ არის, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მართავს. როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა For.ge-სთან განაცხადა, გარკვეული მოლაპარაკება სხვა პირებთან თუ პარტიებთანაც მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტული გვარების დასახელებისგან მან თავი შეიკავა.

„მოლაპარაკებებისთვის კარი დავტოვეთ ღია. ინდივიდუალური მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა პირებთან, პოლიტიკოსებთან და ჯგუფებთან. შედეგი რა იქნება, ვნახოთ. ოფიციალური მოლაპარაკება, როგორც ასეთი, არ გვაქვს, მაგრამ ინდივიდუალური შეხვედრები არსებობს. კონკრეტულად ვისთან, ეს გამოჩნდება. რაც შეეხება „გირჩს“, კარგი იქნება, თუ შემოვლენ პარლამენტში“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა For.ge-სთან.

 „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის მიერ წარმოდგენილ 5-პუნქტიან დოკუმენტს, შესაძლოა, ხელი დამოუკიდებლად მოაწეროს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერი მომავალი კვირისთვის მოვლენების განვითარების 3 ვერსიას განიხილავს. მისი თქმით, შესაძლოა, დასახელდეს მესამე რაუნდის თარიღი, დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი ან დაინიშნოს პირდაპირ მოლაპარაკება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ თუ დიალოგი განახლდა, ის შეთანხმებით დასრულდება. ვაშაძე არც იმას გამორიცხავს, რომ 5-ვე პუნქტი, თუ მისთვის მისაღები ფორმულირებით ჩაიწერება, დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად, სხვა პარტიების გარეშე მოაწეროს.

„მომდევნო კვირაში, შეიძლება ეს იყოს გარკვეული თარიღი, როცა მესამე რაუნდი იქნება, შეიძლება ეს იყოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, რომელიც დაიდება, შეიძლება ეს იყოს პირდაპირ უკვე მოლაპარაკება დანიშნული მომავალ კვირაში.

სამივე ვარიანტს ველოდები იმიტომ, რომ მაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას ბოლო დღეებში ჩემი კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც მე ჩემი ხედვა გავუზიარე“, - თქვა ვაშაძემ.

პოლიტიკოსის თქმით, იგი 90%-ით დარწმუნებულია, რომ თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება დოკუმენტი“, - დასძინა გიორგი ვაშაძემ.

 „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის. მისივე თქმით, ვიწრო პარტიული ინტერესების წინ წამოწევა შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას სპობს.

„მზად ვართ და კარები გახსნილი გვაქვს მოლაპარაკებისთვის. ყველა ბარიერგადალახულ სუბიექტს სივრცე მივეცით, რომ მოლაპარაკება შედგეს და წარიმართოს იმ სულისკვეთებით, რომელიც სამართლიანობაზეა დაფუძნებული და რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფოებრიობისგან. მოლაპარაკება არ და ვერ შეიძლება შედგეს ისეთ საკითხებზე, რომელიც არის ვიწროპარტიული.

იმედს გამოვთქვამთ „გირჩის“ პარლამენტში შემოსვლაზე. ასევე პროგრესულად შეგვიძლია შევაფასოთ ბატონი ვაშაძის განცხადებაც. ეს მოალაპარაკება შედეგიანად რომ დასრულდეს, ამას სჭირდება ისეთი კომპრომისების მონახვა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის პრინციპებზე და სახელმწიფო ინტერესებზე. არ შეიძლება, რომ ულტიმატუმების ენით ვისაუბროთ მოლაპარაკებაზე. სწორედ ეს არის, რომ ხელს უშლის მოლაპარაკებას“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა For.ge-სთან.