პრაქტიკულად, გამზადებულია და ყველა შესაძლებლობა არსებობს, რომ ოპოზიცია ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად შემობრძანდეს საქართველოს პარლამენტში და ჩვენი ოპონირება აქედან დაიწყოს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომლებსაც გააჩნიათ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, პარლამენტში უნდა შევიდნენ.
„რაც შეეხება პოლიტიკურ შეთანხმებას და დოკუმენტს, ჯერ არ გვინახავს, ვაშაძე რას გულისხმობს. თუმცა აქაც უნდა ითქვას, რომ თავად ამ პოლიტიკურს სპექტრში, რადიკალურ ფრთაშიც არ არის შეთანხმებული პროცესები. ერთი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტთან მოკავშირეობას გვთავაზობს, მეორე საკუთარ ქვეყანას დაბომბვას აბრალებს, მესამე ელჩებს აგინებს და ინსტიტუციების გაუქმებით იქადის. ის ოპოზიციური პოლიტიკოსები, რომლებსაც გააჩნიათ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, საქართველოს პარლამენტში უნდა შემოვიდნენ და ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას მათი ოპონირების ფონზე გავაგრძელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება მმართველი გუნდის „გირჩთან“ შეხვედრის საკითხს, ამასტან დაკავშირებით მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ რამდენადაც მას აქვს ინფორმაცია, „გირჩთან“ ოფიციალური შეხვედრა არ შემდგარა.
„ვერ გეტყვით, „გირჩთან“ ოფიციალური შეხვედრა, რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა. ჩემთვის გაუგებარი მაინც „გირჩის„ იმ დეპუტატების პოზიციაა, რომლებიც ობიექტურად არ ეთანხმებიან ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, თუმცა პრეტენზიებიც ვერ გავიგეთ, რატომ არ აგრძელებენ იმ საქმიანობას, რომელიც საკუთარმა ამომრჩეველმა მიანიჭა. ალბათ ამ ნაბიჯს გადადგამენ, თუმცა ეს მათზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.