ავიაციას ვერც რეგულაციების მოხსნამ უშველა. შედეგი ჯერჯერობით უმნიშვნელოა. რთული მდგომარეობაა ტურიზმის აღდგენის მიმართულებით. ვითარების გამოსწორება ვერც ამ დარგში ხერხდება და უკვე ზაფხულის სეზონი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.
საქართველოში რეისები კანტიკუნტად სრულდება. მესამე ტალღის რიტორიკა დამატებით პრობლემებს უქმნის ყველაფერს. „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა იმედს ზაფხულის სეზონზე ამყარებს.
„ავიამიმოსვლა განახლდა, მაგრამ მხოლოდ რეგულაციების მოხსნა საკმარისი არ არის, პრობლემა მაინც არსებობს. ჯერჯერობით ვმუშაობთ, რომ გამოსავალი მოიძებნოს, რაც კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარება. მთელ აქცენტს ზაფხულის სეზონზე ვაკეთებთ, რომ ამ პერიოდში მაინც მოვახერხოთ მგზავრთა ნაკადის გაზრდა. ამ შანსს თუ გავუშვებთ, მერე პოზიციების აღდგენა ძალიან გაგვიჭირდება. აპრილი-მაისი ჯერჯერობით ნაკლებად ეფექტურია, თუმცა ნელ-ნელა კომპანიები შემოდიან და მატებაც დაიწყო“, - განაცხადა კოდუამ.
რაც შეეხება მოლოდინს, ყველაზე დიდი საფრთხე დარგს მესამე „ლოქდაუნით“ შიეძლება დაემუქროს, ამიტომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვები ავიაციის სფეროზე არ გავრცელდეს.
„ინდუსტრიაში ყველანაირი რეგულაცია დაცულია, რის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ შეზღუდვები არ უნდა შეეგვეხოს. ეს იქნება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღრმა კრიზისში აღმოვჩნდებით, საიდანაც გამოსვლა გაგვიჭირდება. საქართველოს ეკონომიკამ ერთწლიანი ჩაკეტვა გადაიტანა და ახლა, მეორე წელსაც თუ იგივე გაგრძელდა, ვეღარ გადარჩება. მომხრე ვარ, რომ მკაცრი კონტროლი იყოს, მაგრამ ჩაკეტვა კატეგორიულად მიუღებელია“, - განუცხადა „რეპორტს“ კოდუამ.
ავიამიმოსვლის პარალელურად მძიმე მდგომარეობაა ტურიზმშიც. 2021 წლის მარტში საქართველოში 55 907 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 73.4 პროცენტით ნაკლებია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 40 759 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით - 14 181, საზღვაო გზით - 770 და სარკინიგზო გზით - 197.
ამ ეტაპზე ტურიზმის გამოცოცხლების ნიშანწყალი თითქმის გამქრალია და სასიკეთო ცვლილება შესაძლოა, ზაფხულის სეზონისთვისაც ვეღარ მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში მორიგი „ლოქდაუნი“ გამოცხადდება.
ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ ზაფხულის სეზონის ბედი გაურკვეველი იქნება.
„დღესდღეობით ერთადერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო საზღვრების გახსნა და ავიარეისების აღდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა იყოს წინაპირობა იმისა, რომ დიდი ვარდნა შევავსოთ. როდესაც პარალელურ რეჟიმში საუბარია კორონავირუსის მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ჩაკეტვაზე, გაურკვეველი ხდება ზაფხულის სეზონის ბედიც.
იმ პირობებშიც კი, როდესაც საზღვრები გახსნილია და ავიამიმოსვლა - აღდგენილი, ძალიან ბევრი მაინც თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისგან, რადგან მოქმედებს კომენდანტის საათი და სხვა ბევრი რეგულაცია. თუ ლოქდაუნი ისევ განმეორდება, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ ზაფხულის სრულფასოვან სეზონზე.
რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესიც ერთ-ერთი წინაპირობაა ტურისტულ სეზონზე, რაც დაგვიანებულია, რადგან არც კამპანია იყო ჩატარებული და არც ვაქცინების შესაბამისი რაოდენობა გვაქვს“, - განაცხადა სიდამონიძემ.