„ოპოზიციისთვის სურათი საკამოდ სავალალოდ გამოიყურება, ელექტორალურად უკვე იმდენად დაზიანდნენ, რომ დიდი შედეგი მათ არც ერთ ქმედებას აღარ ექნება“

„ოპოზიციისთვის სურათი საკამოდ სავალალოდ გამოიყურება, ელექტორალურად უკვე იმდენად დაზიანდნენ, რომ დიდი შედეგი მათ არც ერთ ქმედებას აღარ ექნება“

უარი პარლამენტის ბოიკოტს, რიგგარეშე არჩევნებს და მცირე პარტიების დაეული რეიტინგი - ესაა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები, რომელმაც წესით, ოპოზიციის გეგმებში ცვლილებები უნდა შეიტანოს. IRI-ს კვლევაში გამოკითხული მოსახლეობის 60% პარლამენტის ბოიკოტს არ ეთანხმება. 45%-ს რიგგარეშე არჩევნები არ სურს, ხოლო მცირე პარტიებს რეიტინგი ყველაზე მეტად აქვს დაცემული. რაც შეეხება პოლიტიკურ ხუთეულს, მის სათავეში 65%-ის მხარდაჭერით გიორგი გახარია ლიდერობს.

რამ განაპირობა კვლევაში მოცემული მონაცემები და შეეცვალა თუ არა ქართველ ამომრჩეველს პოლიტიკური გემოვნება?  ანალიტიკოსები for.ge-სთან ადასტურებენ, რომ ეს კვლევა ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ მოსახლეობას ქუჩის პოლიტიკა აღარ აინტერესებს, არ სურს რევოლუცია და დესატაბილიზაცია. მოსახლეობას სურს საქმის მკეთებელი პოლიტიკოსები და ლოგიკურად, გიორგი გახარიასაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. თუმცა გახარიას მთალად ილუზიაში ყოფნასაც არ ურჩევენ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ეს „ოცნების“ რეიტინგიც არის და მარტო მისი რეიტინგი შესაძლოა, ამხელაც არ იყოს. ასევე ყველაფერი მის პოლიტიკაში შემოსვლაზე და იმ განცხადებაზე იქნება დამოკიდებული, რასაც იტყვის. თუმცა აქ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში პატარა პარტიები მიაჩნიათ, რომელთაც საკუთარი იდენტობა დაკარგეს, რამაც პარალელურად, ამომრჩევლის დაკარგვაც გამოიწვია.

მიუხედავად ამ კვლევისა, საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები მაინც საკუთარ გეგმას მიჰყვებიან. მასში ცვლილებები ვერც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებმა შეიტანა. პოლიტიკურ ძალებში კვლევის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა.

გამოკითხულთა პოზიციას სრულად იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდეს და პოლიტიკურმა პროცესებმა სწორედ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლოს.

„ქართულ ოცნებაში“ ოპონენტებს ურჩევენ, გაიაზრონ კვლევის შედეგები და თანამშრომლობა საკანონმდებლო ფორმატში განაგრძონ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მთლიანობაში IRI-ს კვლევა ქვეყანაში და საზოგადოებაში არსებულ განწყობებს თითქმის, ზედმიწევნით ასახავს. საუბარი იმაზე, რომ ეს გადაჭარბებული მონაცემებია, უაზრობაა, რადგანაც მოსახლეობის 60%-ს რომ პარალმენტის ბოიკოტირება სწორად არ მიაჩნია, სრულიად ბუნებრივია. ძაბირაძე ამბობს, რომ რეალობაში მოსახლეობას ქვეყანაში არსებული სიტუაცია აფრთხობს და ფიქრობს, რომ პროცესების ქუჩაში გადატანა დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ხოლო ნებისმიერი არასტაბილური გარემო მოსახლეობას აშინებს. რაც შეეხება მცირე პარტიების რეიტინგს, განასკუთრებით „ლელოს“ შემთხვევაში, ანალიტიკოსს სრულიად ლოგიკურად მიაჩნია. უნდა თუ არა ვინმეს, ქვეყანაში მაინც ორი ბანაკია ჩამოყალიბებული - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პატარა პარტიებით და „ქართული ოცნება“. ამიტომ ამომრჩეველმა პორალიზება მოახდინა და ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელიც „ლელოს“ მხარს უჭერდა, არ მიიღეს ის მოცემულობა, რომ მათმა მხარდაჭერილმა პარტიამ „ნაციოანლურ მოძრაობასთან“ საერთო ენა გამონახა.

„ცალკე, კი, ბატონო, ბოიკოტი გამოეცხადებინათ, მაგრამ ეს ყოფილიყო მესამე ძალის მსგავსი გაერთიანება, სადაც ორივე მხარე მათგან დისტანცირებული იქნებოდა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, მონაცემები ასეთი კატასტროფული არ ყოფილიყო, რაც ახლა გვაქვს. ანალიტიკოსებიც ზუსტად ამას ვამბობდით, რომ „ლელოს“ ამომრჩეველი ნაციონალების მხარდამჭერი ვერ იქნებოდა და პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა. პატარა პარტიები, გამოდის, თავის ამომრჩეველს კი არ უსმენენ, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“. ხალხს ქუჩის პოლიტიკა აღარ უნდა და მათ საქმის მკეთებელი პოლიტიკოსები სჭირდებათ. IRI-ს კვლევის მთავარი სურათი ესაა. პოლიტიკოსების დღის წესრიგს მოსახლეობა არ მიჰყვება, ეუბნება: თქვენ იარეთ ჩვენი დღის წესრიგით, შედით პარალმენტში და საქმე გააკეთეთ. მოსახლეობას არჩევნების გაყალბებაში ოპოზიცია ვერ აჯერებს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის სურათი საკამოდ სავალალოდ გამოიყურება. ძაბირაძე ფიქრობს, რომ პატარა პარტიები 15 მაისამდე მაინც არსებულ პოზიციაზე უნდა დარჩნენ, თუმცა ამის შემდეგ, უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. თუმცა ელექტორალურად უკვე იმდენად დაზიანებულები არიან, რომ დიდი შედეგი მათ არც ერთ ქმედებას აღარ ექნება. ძაბირაძე ამბობს, რომ ბევრი რამე ასევე თავად „ოცნებაში“ განვითარებულ მოვლენებზეც იქნება დამოკიდებული, რადგან თავად მმართველ გუნდშიც გარკვეული რყევებია. არავინ არ იცის, რა გაგრძელება ექნება იმ პოლიტიკას, რასაც სახელისუფლო გუნდი აწარმოებს. ამიტომ პატარა პარტიების მხრიდან დაფიქრება სჯობს, პარლამენტის ბოიკოტს თავი დაანებონ და შევიდნენ. ფაქტია, კვლევებმა აჩვენეს, რომ ოპოზიცია ფართომასშტაბიან საპროტესტო ელექტორატს ვერ შეკრებენ. რა ხალხიც ქუჩაში 15 მაისს გამოვა, ეს მხოლოდ ნაციონალლების აქტივისტები იქნებიან.

„პატარა პარტიებს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას ურჩევნიათ, ადგილობრივ არჩევნებზე წავიდნენ. თუ ამ არჩევნებში გავლენ, მაშინ ელექტორატის ნაწილს მცირე პარტიები დაიბრუნებენ. თუ ნაციოანლების გეგმას მიჰყვებიან, რომლებიც წაგებული არაფერში არიან და ბოიკოტს გააგრძელებენ, მათ სრული კატასტროფა ელით.

რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგს და იქ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პირველობას, გასაკვირი არაა, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ მას უკვე გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი დაგროვილი აქვს. თუმცა, აქ ერთ გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ეს კვლევა ჯერ კიდევ მაშინაა ჩატარებული, როცა გახარია პრემიერი იყო. ეს 65%-იანი რეიტინგი არის თუ არა მხოლოდ მისი, ესაა გასარკვევი. აქ, რა თქმა უნდა, „ოცნების“ რეიტინგიც გავლენას ახდენს. შეიძლება პირდაპირ პარალელი არ იყოს, მაგრამ ძველი კვლევებიც რომ გავიხსენოთ, მის მსგავსად რეიტინგი სხვებსაც ჰქონიათ, რომელიც მერე გამქრალა. გახარიას აქვს 5%-დან 10%-მდე ბარიერის გადალახვის შანსი. თუმცა ის გახდება თუ არა მესამე ძალა, ეს უკვე დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზეა და იმაზე - პოლიტიკაში რა გუნდით შემოვა. ადრე ვთქვი, რომ გახარია თუ კვირიკაშვილთან და კალაძესთან ერთად შემოვა, ის ნაციონალების მეტოქე იქნება და მათ გვერდზე გაწევას შეძლებს. თუ არადა მარტო გახარია, თან, როცა მას „ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი გაუწყრა, ამას ვერ შეძლებს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ კვლევების შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. „ქართულ ოცნებას“ რეიტინგული პრემიერი გიორგი გახარია გაექცა და ურეიტინგო ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა. ამიტომ რეალური სურათი დიდად ვერ ჩანს, თუმცა გარკვეული დასკვნების გამოტანა შესაძლებელია. ხუხაშვილი ამბობს, რომ ჩაშლილი მოლაპარაკებები, გახარიას წასვლა, მელიას დაკავება, ფასების ნახტომისებური ზრდა, ყველაფერი ეს კვლევაში არ ჩანს, რადგან გამოკითხვა ამ მოვლენებამდე მოხდა. ამიტომ ბევრი რამ ხელახლა გასაზომი იქნება. მართალია, ამ მოვლენებიდან გამომდინარე ხელისუფლების რეიტინგი დაიკლებდა, მაგრამ ამით ოპოზიციის რეიტინგს არაფერი ემატება.

„ქართველ ამომრჩეველს და მთლიანად პოლიტიკურ ელიტას შორის ხრამი გაჩნდა. ადამიანების რაოდენობა, რომლის გემოვნებასაც არც ერთი პარტია არ შეესაბამება, გაიზარდა. ერთადერთი, დავეთანხმებოდი პარლამენტის მიმართ ბოიკოტირების რეიტინგს და მიმაჩნია, რომ ეს მონაცემი რეალურია. ასევე რიგგარეშე არჩევნების საკითხზეც მოსახლეობის განწყობა სწორია და ალბათ, დაახლოვებით ისევ ეს სიტუაციაა. გიორგი გახარიას რეიტნგი თავიდან გასაზომია, რადგანაც ეს კვლევა როცა ჩატარდა, ის პრემიერი იყო.

გახარიას და მისი გუნდის ადგილას ასეთი თვითდაჯერებული არ ვიქნებოდი. გახარიას რეიტინგში პრემიერის და ძალის ცენტრის რესურს ლომის წვლილი აქვს. ამიტომ ჯერ ეს მონაცემები დაუსაბუთებელ ტრაბახად მიმაჩნია. ღარიბაშვილი მთლიანად ივანიშვილთან ასოცირდება. ყველამ კარგად იცის, რომ რელურად უკან ის კი არ დაბრუნდა, არამედ ივანიშვილი. ეს განცდა გაჩნდა და გახარია მიუხედავად მისი რეიტინგისა, ივანიშვილს ვერ შეედრება. ივანიშვილს და გახარიას შორის ძალის ცენტრის თვალსაზრისით შეუდარებელი სიდიდეებია. ამიტომ „ოცნების“ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ისევ პარტიის მხარდამჭერად დარჩა და გახარიამ მათი დიდი ნაწილის წაყვანა ჯერ ვერ შეძლო“,-ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გახარიას ჯერ ე.წ. ქართული პოლიტიკის განსაწმენდელი არ გაუვლია. ის ორმხრივი ცეცხლის ქვეშ მოხვდება. ქვეყანაში ორპოლუსიანი ცენტრის ინერცია მაღალია, ამიტომ „ოცნებაც“ და ნაციონალებიც მის ჩაქოლვას შეეცდებიან. ეს მარტივი გასავლელი გზა არ იქნება. ყველაფერი მის განაცხადზე იქნება დამოკიდებული. მას პრეტენზია არ უნდა ჰქოდეს იმ ამომრჩეველზე, რომელიც 20 ივნისის შემოქმედად მას მიიჩნევს. ასევე არ უნდა ჰქოდეს ილუზია, რომ ადმინისტრაციულ რესურსთან შეზრდილ ელექტორატში ბზარს შეიტანს. მისი ამომრჩეველი დიდია და 40%-ს შეადგენს. ამ ადამიანებს შორის და ქართულ პოლიტიკას შორის დიდი ხრამია გაჩენილი. ამიტომ გახარიას მათ მხსნელად მოვლენა შეუძლია.

„გახარია შეიძლება გამოჩენიდან პირველ ორ თვეში სულ ჩაიძიროს. მას ამ რეიტინგით ფუჭი ილუზია არ უნად ჰქოდეს. გიორგი კვირიკაშვილიც იზომებოდა და დაახლოებით ასეთი რეიტინგი ჰქონდა. გადადგომიდან მეორე დღეს კი ეს რეიტინგი გაუქრა, საპნის ბუშტივით გასკდა. ყველაზე დიდი თავისტკივილი ასევე პატარა პარტიებს აქვს, რომლებმაც ნაციოანლებთან თანამშრომლობის შემდეგ იდენტობა საერთოდ დაკარგეს. მათ საკუთარი დღის წესრიგი უნდა ჰქონოდათ, რომელიც ვერ შექმნეს. ერთადერთი თემა აქვთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არჩატარება. მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტეგრირდნენ, რაც მათთვის დამღუპველია“,-ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.