პანდემიის გამო მოსახლეობის შემოსავლებში დიდი კლებაა. ზუსტი მაჩვენებელი, თუ რამდენი ლარით შეუმცირდა შინამეურნეობებს შემოსავალი, უცნობია. ცხადია, ფულადი სახსრების დეფიციტი იწვევს ვალებზე დამოკიდებულების ზრდას. ხალხი, ძირითადად, ლომბარდებსა და მევახშეების ფულზე, ანუ მაღალპროცენტიან სესხზე ხდება დამოკიდებული.
ეკონომისტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კლება, საშუალოდ, 130 ლარის ფარგლებშია, თუმცა ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გასაშუალებული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე კლების დინამიკას ადასტურებს და მდგომარეობის გამოსწორებას მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება.
„როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მცირდება, მოსახლეობის მოხმარებაც შემცირებულია. პირადი მოხმარება - ეს არის ინვესტიციები, სამთავრობო ხარჯი და ექსპორტ-იმპორტის სალდოც. ბუნებრივია, რომ მშპ-ს შემცირება მოსახლეობის მოხმარების კლებასაც იწვევს. კლება კი საშუალოდ 6-8%-ის ფარგლებშია. გაცილებით მაღალი მაჩვენებლითაა იმ ოჯახებისთვის, რომლის წევრებმა სამსახური დაკარგეს ან ნაკლებად ანაზღაურებად სამუშეობზე დასაქმდნენ. 8%-იანი ვარდნის შემთხვევაში, შემოსავლების კლება საშუალოდ 130 ლარის ოდენობითაა.
პანდემია თუ არ გამწვავდა და მესამე ტალღა არ დაგვატყდება თავს, მომავალი წლიდან შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს. ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე იანვარში და ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“, - განუცხადა არჩვაძემ „რეპორტს“.
სავალალო რეალობის გამო ქვეყანაში იზრდება სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი. ნახტომისებური სიძვირის გამო უკვე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არასრულფასოვნად იკვებება.
„ცხადია, პანდემიამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. უპირველეს ყოვლისა დასაქმებას და ხალხს წაერთვა არსებობისათვის აუცილებელი საშუალებები. სიღარიბის დონე ქვეყნაში ცალსახად გაზრდილია. ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 75% არასრულფასოვნად იკვებება. ეს გავლენას ახდენს განსაკუთრებით ბავშვებზე, მეძუძურ დედებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე“, - განაცხადა პროფესორმა პაატა კოღუაშვილმა.
საფრთხე ემუქრება როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე მცირე ბიზნესსაც, რომელიც შეიძლება მომავალში უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ბიზნესი ცდილობს, დანაკარგი ფასნამატით დააკომპენსიროს, მაგრამ საყოველთაო გაჭირვების პირობებში, ცხადია, ფასების ზრდა არ არის გამოსავალი, რადგან შემოსავლების კლების ფონზე მოსახლეობა ვერ ყიდულობს პროდუქტს, ამიტომ რეალიზაციის პრობლემაცაა.
„ცუდ მდგომარეობაშია როგორც მოსახლეობა, ისე ბიზნესი. ამიტომ დიდი საფრთხეა, რომ სესხებზე დამოკიდებულება გაიზარდოს, თუმცა, სამწუხაროდ, სესხის აღების არეალიც არის შეზღუდული რეგულაციის გამო.
ბიზნესს და მოსახლეობას კი სჭირდება ფული, ხოლო შემოსავლების პარამეტრებს თუ არ აკმაყოფილებს, რასაკვირველია, რთულია, ადამიანმა მიიღოს კრედიტი. საბოლოოდ კი ხალხი ლომბარდებსა და მევახშეების ფულზე, მაღალპროცენტიან სესხზე ხდება დამოკიდებული, რაც საგანგაშო ტენდენციაა“, - აღნიშნა ეკონომისტმა გივი მომცელიძემ.