ეკონომისტები ბიუჯეტის შეკვეცას ითხოვენ, მისი შესრულება უკვე ძალიან საეჭვოა

ეკონომისტები ბიუჯეტის შეკვეცას ითხოვენ, მისი შესრულება უკვე ძალიან საეჭვოა

მთავრობას საქმე ისე წაუვიდა, რომ შემოსავლებში ბიუჯეტს დეფიციტი ელის და დიდი ალბათობით, ამ მხრივ იგი ვერ შესრულდება. სპეციალისტები უკვე ითხოვენ, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შესწორდეს. ხარჯების შემცირების გარდა, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„საზოგადოება და ბანკების“ პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანია 2021 წლის ბიუჯეტი დაკორექტირდეს.

„ეროვნული ბანკის მიერ მარტში გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზში საბაზოსთან ერთ0ად ალტერნატიული სცენარიც არის განხილული (იხ.გრაფიკი), რომელიც 2021 წელს 1%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მიმდინარე პოლიტიკური, ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური სიტუაცია საკმაო საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ალტერნატიული სცენარის დადგომის ალბათობა უფრო მაღალია. უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ საბაზო სცენარით დაგეგმილი 4%-იანი ზრდა არ გვექნება.

გარდა იმისა, რომ 2020 წელს მხოლოდ ტურიზმიდან 2.7 მლრდ დოლარი დაიკარგა, შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ვალუტა ქვეყანაში ძირითადად უცხოეთიდან გადმორიცხვებით და ექსპორტით (რომელიც ასევე შემცირებული იყო) შემოდიოდა, ამას თან დაერთო დიდი საგარეო ვალის აღებაც, რომელიც საბიუჯეტო ხარჯვისთვის კვლავ ლარში კონვერტირდებოდა. შესაბამისად ეკონომიკას მიეწოდა ლარი და ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ დარჩენოდა რეზერვების გაყიდვის გარდა. 2020 წელს დაახლოებით 900 მლნ დოლარი გაიტანა სავალუტო აუქციონზე.

იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელსაც ისევ დაგეგმილ 7.5%-ზე მეტად გაიზრდება მთავრობას დაფინანსება მოუწევს საგარეო ვალით. ანუ, შემოვა უცხოური ვალუტის ნაკადი, რომელიც დარეზერვდება ეროვნულ ბანკში, ხოლო დაიხარჯება ექვივალენტი ლარში. ამ შემთხვევაში, გარდა მთავრობის საგარეო ვალის ზრდისა, დაწოლა მოხდება ლარი/დოლარის გაცვლით კურსზე, შესაბამისად, ისევე როგორც 2020 წელს, ეროვნული ბანკი იძულებული იქნება მუდმივი ინტერვენციებით ამოიღოს ლარის მასა და დოლარი მიაწოდოს ბაზარს. სხვა შემთხვევაში, გაუფასურებული კურსი აუცილებლად გადაითარგმნება მაღალ ინფლაციაში და პოსტ-კოვიდურ სიტუაციაში უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საზოგადოება და ბანკების“ რეკომენდაციაა, რომ დამატებით არ გაიზარდოს ბიუჯეტის დეფიციტი, რადგან ის ისედაც საკმაოდ მაღალია. უმჯობესი იქნება გადაიხედოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, გამოიკვეთოს პრიორიტეტული მიმართულებები, ხოლო ხარჯები, რომლებსაც არანაირი კონტრიბუცია არ შეაქვთ კოვიდსიტუაციის გაუმჯობესებაში ან ეკონომიკური გაჯანსაღების საკითხებში, შეიკვეცოს.

ბიუჯეტის კორექტირებას ეკონომისტებიც ითხოვენ. ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება დროულად არის მისაღები. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი თემურ ხომერიკ აღნიშნავს, რომ ბიუჯეტი უნდა დაკორექტირდეს 6 თვის შედეგების შეჯამებით, მანამდე სურათი გამოკვეთილი არ იქნება.

„თავიდან, როცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოქვეყნდა, გამოვთქვი მოსაზრება, რომ ბიუჯეტის კორექტირება იქნებოდა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში პრობლემა შეექმნებოდა. ჩემი აზრით, ივანე მაჭავარიანი სწორედ ლარის კურსს და დაუბალანსებლად შედგენილ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს გადაყვა. ვვარაუდობდი, რომ მისი ნეგატიური გავლენა დაეტყობოდა სწორედ სამომხმარებლო ბაზარს, სადაც დაგეგმილი ინფლაციური დარგები აუცილებლად შეიცვლებოდა და ბიუჯეტის პარამეტრებში ჩადებული 3,30-იანი ნიშნული ვერ იქნებოდა შენარჩუნებული.

ეკონომიკის ბევრი ფაქტორი უაღრესად ნეგატიურია. ინვესტიციები არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა, შემოდინებები, გზავნილებს თუ არ ჩავთვლით უცხოეთიდან, მცირდებოდა. ცხადია, პერიოდულად გაზრდილი გზავნილები ვერ დააკომპენსირებდა ტურიზმიდან მიღებულ სავალუტო დანაკლისს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბიუჯეტს დეფიციტის მხრივ დიდი პრობლემა ემუქრება და ერთ-ერთი გამოსავალია მისი კორექტირება, თუმცა ამისთვის, მინიმუმ, 6 თვის შედეგი უნდა შეჯამდეს“ – განაცხადა ხომერიკმა.