ავტობიზნესს იმდენად გაუჭირდა, რომ ეს მთავრობამაც გაისიგრძეგანა. სულ ცოტა ხნის წინ იმპორტიორებისთვის მანქანების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა, ახლა კი მორიგი საშეღავათო პაკეტი მზადდება. ბიზნესის ამ მიმათულებით მართლაც სერიოზული ჩავარდნაა, რეალიზაცია განახევრებულია და არსებობს საფრთხე, რომ საქართველომ დაკარგოს რეგიონის ავტოჰაბის სტატუსიც.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელები ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ. მხარეებმა დეტალურად განიხილეს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ის საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტოიმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრის ალექსანდრე ნონიაძის თქმით, რამდენიმე ძირითადი ინიციატივა არსებობს, რომელიც ავტოიმპორტიორებს კრიზისულ პერიოდში დაეხმარება.
„თუ ცვლილებები კანონში აისახა, ავტოიმპორტიორს ავტომობილის რეექსპორტისთვის დამატებითი 90-დღიანი ვადა მიეცემა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი რეექსპორტზე გავა, იმპორტიორი შეძლებს, დადგენილ ვადებში გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზის თანხა უკან დაიბრუნოს“, - განაცხადა ავტოიმპორტიორმა, რომლის შეფასებითაც, საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანას რეგიონში ავტოჰაბის პოზიციის გამყარებაში დაეხმარება.
„პანდემიის პირობებში საქართველო კარგავს შანსს, იყოს რეგიონის ავტოჰაბი. დიდი ალბათობით კონკურენციას გაგვიწევს აზერბაიჯანი და უკრაინა. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფომ გადადგას სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯები საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე, რომ ავტოჰაბის პოზიცია არ დავკარგოთ. იდეა არის ასეთი - თუ 90 დღის განმავლობაში ვერ გავყიდე შემოყვანილი ავტომობილი, ის ან უნდა გავუშვა რეექსპორტზე ან უნდა დავასაწყობო, ან უნდა განვაბაჟო. თუ 90 დღის შემდეგ განვაბაჟებთ, ცვლილებების შემთხვევაში, გვეძლევა დამატებითი 90 დღე, რომ ავტომობილი ისევ იდგეს საბაჟო სადგომზე და მას თუ ექსპორტზე გავყიდით, გვექნება შესაძლებლობა, რომ აქციზის თანხა უკან დავიბრუნოთ“, - განაცხადა „ბიემთან“ ალექსანდრე ნონიაძემ.
ეს ცვლილება შეეხება როგორც უკვე იმპორტირებულ ავტომობილებს, ისე - ახალ ავტომობილებს, რომლებიც მომავალში შემოვა.
ამასობაში ევროპაში მანქანები გაძვირდა, რის გამოც იმპორტიორებს ხარჯი გაეზარდათ და ბიზნესის ნაწილი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა, რათა მოვლენებს დააკვირდეს. საქართველოში პანდემიური კრიზისის ფონზე გაყიდვები განახევრებულია.
ავტოიმპორტიორი ვასო წულეისკირი ამბობს, მთავრობამ ყველა რესურსი უნდა აამოქმედოს, რათა საშიში ვირუსით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს და ბიზნესმა ამ პრობლემის დაძლევა შეძლოს.
„უამრავი იმპორტიორია, რომელსაც დღეს სერიოზული პრობლემა აქვს. რამდენიმე ტიპის შეღავათი მოქმედებდა ბიზნესში, თუნდაც განბაჟების ვადასთან დაკავშირებით, ამან გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ საკმარისი არ არის. ჩემი აზრით, მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს მთავრობამ, რომ ამ სიტუაციიდან ავტოიმპორტიორები ნაკლები დანაკარგით გამოვიდნენ, როგორც ეს ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში.
რამდენადაც ვიცი, ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით და მხარდაჭერა ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. ყველანაირი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეთ კომპანიებს, რომ არ გაკოტრდნენ. მთავარია, ვირუსის კუთხით სიტუაცია დასტაბილურდეს და ეს ბიზნესმაც იგრძნოს“, - განაცხადა ავტოიმპორტიორმა.