„როგორც ჩანს, დენიელსონის შემოთავაზებული ვერსია არის მელიას და რურუას გათავისუფლება და სანაცვლოდ ოპოზიციის შესვლა პარლამენტში“

„როგორც ჩანს, დენიელსონის შემოთავაზებული ვერსია არის მელიას და რურუას გათავისუფლება და სანაცვლოდ ოპოზიციის შესვლა პარლამენტში“

ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. ბოგველი აცხადებს, რომ 40 000–ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო, თუმცა დეტალებზე ტელევიზიების მიერ საეთერო სივრცის დათმობის შემთხვევაში ისაუბრებს.

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ბოგველი „ქართული ოცნების“ დაკვეთით მოქმედებს და ასევე აცხადებენ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გირაოს გადახდა, ვინაიდან გადახდის განჩინება ანულირებულია მას შემეგ, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და მელია დააპატიმრა. ბესიკ ბოგველთან კავშირს უარყოფს მმართველი გუნდი და არ გამორიცხავენ, რომ იგი აფილირებული იყოს სწორედ ოპოზიციურ პარტიებთან. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ბესიკ ბოგველთან კავშირში ეჭვმიტანილია როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვინ გადაიხდის მელიას გირაოს – ევროკავშირი, თუ ვინმე ბესიკ ბოგველი? „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ბოგველის გამოყვანით ხელისუფლებამ აღიარა შეცდომა. რეალურად რა პოლიტიკურ მოვლენას ვაკვირდებით, როცა საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ გირაოს იხდის იმიტომ, რომ უკეთესი განათლების სისტემა უნდა...

ვახტანგ ძაბირაძე: ცოტა უცნაური გადაწყვეტილება და განცხადებაა. მას რომ ეთქვა – გირაოს ვიხდი იმიტომ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, კიდევ მესმის, მაგრამ ვიხდი იმიტომ, რომ კარგი განათლების სისტემა მინდა, ეს განცხადება ჩემთვის მთლად დამაჯერებელი არ არის. ვინ არის რეალური გადამხდელი და ვინ დგას ამის უკან, ცოტა რთულია ამის გაანალიზება, მაგრამ გამორიცხული არ არის, არც ერთი და არც მეორე.

ერთადერთი რისი დაბალი ალბათობაა, გირაოს გადამხდელი არ არის პოლიტიკასთან კავშირში არმყოფი ადამიანი. საერთოდ გასარკვევია, ვინ არის ეს კაცი, ამდენი ორმოცი ათასი აქვს, რომ ასე დაარიგოს? რა ფინანსური მდგომარეობა აქვს? ბიზნესმენია, თუ ვინაა? გავიგეთ, რომ გადაიხდის, მაგრამ საიდან აქვს ეს თანხა? მეორეა, რომ მის უკან შეიძლება იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა“.

ხელისუფლებას რა ინტერესი აქვს, რომ გირაოს თანხა ვინმე ბესიკ ბოგველის ხელით გადაიხადოს, რომელმაც მხარი დაუჭირა მელიას იმუნიტეტის მოხსნას და დაკავებას?

– მე მგონია, რომ მაშინ დიდად არ იფიქრა ხელისუფლებამ, რომ მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, როდესაც მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს, ასეთი ამბები მოჰყვებოდა. დღეს ხელისუფლებას ეს პრობლემა უდგას. როგორც ჩანს, დენიელსონის შემოთავაზებული ვერსია არის მელიას და რურუას გათავისუფლება, ანუ კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან და სანაცვლოდ ოპოზიციის შესვლა პარლამენტში და ასეთ შემთხვევაში იხსნება რიგგარეშე არჩევნების თემა. ამიტომ ხელისუფლებას დღის წესრიგში უდგას, როგორ გაათავისუფლოს მელია. გასაგებია, რომ რურუას პრეზიდენტი შეიწყალებს, მაგრამ მელიას განთავისუფლება არის პრობლემატური. ამიტომ შეიძლება ხელისუფლებამ ნახა ვიღაცა, ვინც თანხას გადაიხდის.

ხელისუფლების ინტერესი გასაგებია, მაგარამ „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ინტერესი აქვს, რომ ვინმე ბესიკის ხელით გადახადოს გირაო და არა თვითონ, როგორც ეს სხვა შემთხვევებში გააკეთეს და შეეძლოთ დაკავებამდე გადაეხადათ?

– თვითონ თუ გადაიხდის, ეს იქნება ირიბი აღიარება იმისა, რომ მელია პოლიტპატიმარი არ არის. ის სწორად დააკავეს, ამის აღიარება არ უნდათ. მეორე, მელია კი გამოვა გარეთ, მაგრამ ოპოზიცია ამას გამოიყენებს ხელისუფლების წინააღმდეგ. ხელისუფლებას დააბრალებს გირაოს გადახდას. პიარის თვალსაზრისით გამოიყენებენ და მეტი არაფერი. საუბედუროდ, ასეთი პოლიტიკური სპექტრია საქართველოში. ამ იწილო–ბიწილოში უამრავი პრობლების წინაშე მდგარი ქვეყანა დაკავებულია იმით, ვინ რას და რამდენს გადაიხდის.

გასაგებია, რომ მელიას განთავისუფლებას ორივე მხარე პიარისთვის გამოიყენებს, მაგრამ რეალურად ხელისუფლებისთვის და ოპოზიციის რამდენად წამგებიანია უცხო პირის შემოყვანა პროცესში, როგორც გირაოს გადამხდელის?

– ზოგადად, ეს სამარცხვინოა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ერისთვის, პარტიებისთვის და საერთოდ, რა და ვინ ვართ? გარე თვალი რომ შეხედავს ამ ვითარებას, როგორც ევროპიდან, ასევე აშშ–დან, ეს ხომ სამარცხვინოა, რაც აქ ხდება. ვიღაცა შემოყავთ, იხდის გირაოს და საზოგადოებამ უნდა ვიმარჩიელოთ ოპოზიციის კაცია, თუ ხელისუფლების. თუ ხელისუფლება აკეთებს, ეს უნდა გააკეთოს ღიად, მაგრამ არ გააკეთებს, ისევე როგორც ოპოზიცია.

პოლიტიკურ პროცესებზე არავითარი გავლენა არ ექნება. უბრალოდ, თუ შეთანხმება მოხდა, ფული გამოჩნდება, მელია გარეთ გამოვა და შეიძლება ეს ბატონი ბესიკი საერთოდ გაქრეს ამ რეალობიდან. სამარცხვინოა ის, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეგვიძლია, ევროკავშირი უნდა ჩავრთოთ და აშშ. ნაცვლად იმისა, რომ ამ ხალხს იმ რეალურ პრობლემებზე ველაპარაკოთ, რაც ჩვენ გვაქვს, ვსაუბრობთ ვინ გაუშვან ციხიდან და ვინ - არა. აი, ეს ვართ. გაშიშვლებული ქართული პოლიტიკა და საზოგადოება არის ეს. ვისაც შეუძლია, რომ რეალურად შეხედოს, ნახავს, რომ სამარცხვინოა რაც ახლა ხდება. ვისაც ამ რელობის დანახვა არ შეუძლია, ჩათვლის, რომ მაგარი ბიჭია.

გირაოთი გამოვა მელია, რურუას კი, პრეზიდენტი შეიწყალებს – არის მოლოდინი, რომ ამ სცენარით გავნითარდეს პროცესები და რურუას შეწყალება ისევ პრეზიდენტის მიანდეს, როგორც ეს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში გააკეთა ხელისუფლებამ პრეზიდენტის სახელით?

– რა თქმა უნდა. ვერ ვიტყვით იმას, რომ დენიელსონს პრეზიდენტთან ლაპარაკი მოენატრა. ვერც იმას ვიტყვით, რომ ჭკუის საკითხავად მივიდა ზურაბიშვილთან. მივიდა იმისათვის, რომ შეეთანხმებინა რურუას შეწყალება. დენიელსონის შეთანხმებას არ დაყვება პრეზიდენტი. მას თავისი უფროსები ჰყავს, ჯერ მათთან შეათანხმებს, მერე დენიელსონიც მოთხოვს. ეს არის და ეს. 30 წელია ამ საზიზღარ სიტუაციაში ვართ. აბა, სხვაგვარად რურუა როგორ უნდა გაათავისუფლონ? - უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ეს მისი ინიციატივა იყოს, ამიტომ დენიელსონს სთხოვეს, რომ მიბრძანდით პრეზიდენტთან, სთხოვეთ და პრეზიდენტი, ალბათ, შეიწყალებსო. ძალაინ მარტი ამბავია, ყველა ხვდება ამ პოლიტიკურ თამაშს და რაში სჭირდებათ ეს კუკუ–დამალობანა.

მელიასგან განსხვავებით, საკმაოდ მძიმე ბრალდება აქვს რურუას, მოგეხსენებათ, რომ გამოძიება მიმდინარეობს თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ითხოვდეს რურუას შეწყალებას ევროკავშირი, ანუ აშკარად ერევა გამოძიების კომპეტენციაში?

– გასაგებია, მაგრამ რურუა სასჯელს თორაძეების მკვლელობაზე არ იხდის. პროკურატურას ადრე უნდა დაეწყო ამ საქმის გამოძიება. დეტალურად ვერ ვისაუბრებ იმ წლების დანაშაულეზე, ათასი ჭორი დადიოდა. არ ვიტყვი, რომ რურუა ანგელოზია, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ არც ის ვიცი, მართლა მკვლელია თუ არა. თუ პროკურატურას თორაძეების საქმის გამოძიება უნდოდა, სანამ აქციაზე მოვიდოდა რურუა, მანამდე ვერ დაიწყეს ძიება? და, რურუა ისეთი მიამიტია, რომ იარაღით მივიდა მიტინგზე? წარმოვიდგინო და დავიჯერო ეს? ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმულია. როცა რაღაცას რაღაცის გამო აკეთებ, შავი ლაქები რჩება.