„იმ ადამიანების მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რომლებსაც ერთმანეთის დანახვა არ შეუძლიათ, ნიშნავს მოლაპარაკების ჩაშლას, რაც არის კუბილიუსის ამოცანა“

„იმ ადამიანების მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რომლებსაც ერთმანეთის დანახვა არ შეუძლიათ, ნიშნავს მოლაპარაკების ჩაშლას, რაც არის კუბილიუსის ამოცანა“

საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის მოწოდებას, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დენიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ. კერძოდ, კუბილიუსი ფიქრობს, რომ მოლაპარაკების პროცესში უნდა ჩაერთოს, უკარაინის მოქალაქე და ბრლადებული მიხეილ სააკაშვილი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქართული პოლიტიკური პროცესიდან გავიდა.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათივე პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის, მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის“, – აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შესაძლო ჩართულობა ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია.

„ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან პოლიტიკური თანამდებობა დატოვა და პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. მეორე მხრივ, ღიად განაცხადა, რომ აღარ მონაწილეობს პოლიტიკაში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც პრემიერი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გაგდების პირასაა და, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ.

„მინდა ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს და ყველაფერი დადგმული შოუა. რასაც ის აქ აკეთებდა, უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო... რაზე მესაუბრებით საერთოდ... ასე რომ, ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მოლაპარაკებებში ჩართვას, სპეკულაციურს უწოდებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომლის შეფასებით, სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთი და იგივე ტონალობაში მოხსენიება შეურაცხყოფაა.

„როცა პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ უნდა შემობრუნდეს ის პოლიტიკაში და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, არ არის სწორი ასეთი განცხადების გაკეთება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი, კრიმინალური სისტემა, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება, რომელმაც დაგვაკარგვინა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. ეს არის მიხეილ საკაშვილი.

მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ეს დანაშაულებრივი სისტემა აღკვეთა და მოაშორა ეს სისტემა საქართველოს. როდესაც ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის სპეკულაცია და შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ჩვენ რბილად ვერ შევაფასებთ ამ განცხადებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ევროპელი დიპლომატი ანდრიუს კუბილიუსი თავის პოლიტიკურ არჩევანს არ მალავს. ის, ერთ–ერთი ევროპალამენტარია, რომელიც ღიად უჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრია. კუბილიუსი განსაკუთრებით აქტიურობს ისეთ საკითხებზე, რომელიც მტკივნეულია მის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური გუნდისთვის.

გარდა იმისა, რომ ევროპელი დიპლომატისგან პოლიტიკურ დარიგებებს ვისმენთ, მან ზუსტად, ერთი–ერთზე გაიმეორა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი, რომ დავითგარეჯი საქართველო არ არის და, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტიკური პატიმრებიან არიან. შემდეგ, კუბილიუსმა სასამართლოში გადაინაცვლა და გვითხრა, რომ რურუას განაჩენით მართლმსაჯულების პოლიტიზირება გრძელდება.

რა მიზანი აქვს და ვის ინტერესებში შედის ანდრიუს კუბილიუსის განცხადებები, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რთული გასარკვევი არ არის. პოლიტოლოგის შეფასებით, მოლაპარაკებებში იმ ადამიანების შემოყვანა, რომლებსაც ერთმანეთის დანახვა არ შეუძლიათ, მათი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა პრინციპულად შეუძლებელია, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება უნდა ჩაიშალოს, რაც არის ანდრიუს კუბილიუსის ამოცანა.

„არა მარტო კუბილიუსის და „ნაციონალური მოძრაობის“, უკვე მკაფიოდ იკვეთება, რომ რუსეთის ამოცანაც ეს არის. იმიტომ, რომ თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, რუსეთი იქნება ძალიან ბედნიერი, არა იმით, რომ საქართველოში რამე მოხდა, არამედ იმით, რომ უკვე საქართველოს ამბავი მეორეხარისხოვანი ხდება. იტყვის, რომ ევროპელებმა ვერ მოახერხეს მოლაპარაკების პროცესის შდეგით დასრულება. ანუ, პოლიტიკური მეტოქის დაკნინების შესაძლებლობა ექნებათ.

გავიხსენოთ რა განცხადება გააკეთა რუსეთმა პირველი რაუნდის ჩაშლის დროს – „ევროპელებმა არ იციან მოლაპარაკებების წარმოება მცირე ერებთანო“. ამდენად, ახლა უკვე რუსეთი არის დაინტერესებული მოლარაკებების ჩაშლაში. ეს გამოჩნდა ერთი კუბილიუსის განცხადებით, კიდევ ვინ გამოჩნდება ასეთი, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები, ამის მიხედვით შეგვიძლია გავარკვიოთ, მათი დამკვეთების ადგილსამყოფელი“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ეჭვობს, რომ ანდრიუს კუბილიუსი ასეთი შინაარსის განცხადებებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეუთანხმებლად არ გააკეთებდა. საყვარელიძის შეფასებით, ასეთი განცხადების გამკეთებელი, ან ძალიან გულუბრყვილო ადამიანი უნდა იყოს, რასაც კუბილიუსს ვერ დავაბრალებთ, ან დაინტერესებული უნდა იყოს მოლაპარაკებების ჩაშლით.

„ანუ, ასეთი პირობის წამოყენება, თუკი ის გაიზიარა მომლაპარაკებელმა მხარემ, ანუ ევროპულმა წარმომადგენლობამ, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება. ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ კუბილიუსს ათქმევინებს, რომ ჩავშალოთ ეს მოლაპარაკებები. როგორც წესი, მოლაპარაკებებზე შუალედურ ფიგურებს ირჩევენ, სწორედ იმიტომ, რომ მეთაური ფიგურები უფრო რადიკალურები და შეურიგებლები არიან ერთმანეთის მიმართ.

მეორე მსოფლიო ომი იყო და არავის უთხოვია, სტალინი, გიტლერი და ჩერჩილი დასხდნენ და მოილაპარაკონო, თუმცა ქვედა სართულებზე დიალოგი იყო. აიღეს ახლა ეს ყბადაღებული მოლაპარაკება და ატრიალებენ, რაც უფრო მწვავე და რადიკალურ პოზიციას წამოაყენებს რომელიმე მხარე, ნიშნავს, რომ მოლაპარაკების პროცესი ჩაშლისკენ მიჰყავს. თუ უნდათ მოლაპარაკება დამთავრდეს შეთანხმებით, ყოველთვის ცდილობენ აქცენტი გააკეთონ იმაზე, რაც მხარეებს შორის არის საერთო ინტერესის საგანი და ამავე დროს არის მისაღები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

 

Katana . ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხალხური გამოთქმა მსგავს კეთილის მსურველებზე, რომლის ადეკვატური თარგმანიც მაინცდამაინც არ მოეწონება ბ-ნ კუბილიუსს: არამკითხე მოამბეო... ხვანჯარს რატომ იხსნიო... ყველამ თავის უმწიკვლო მამიდას მიხედოსო და ა.შ.
3 წლის უკან