„სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთს საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების განსახორციელებლად, ერთ-ერთ „სასარგებლო იდიოტად“ სააკაშვილი ჰყავს“

„სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთს საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების განსახორციელებლად, ერთ-ერთ „სასარგებლო იდიოტად“ სააკაშვილი ჰყავს“

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას უცხოელი მედიატორები ცდილობენ. ცდილობენ, როგორმე ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან და შეთანხმებას მიაღწიონ. ამის ფონზე კი, უკრაინაში გაქცეულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ადგილობრივმა საგამოძიებო ჟურნალისტებმა მასალა გამოაქვეყნეს, სათაურით: „ქართულმა მაფიამ უკრაინის რკინიგზა გაძარცვა“. მასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს ბრალი ედება უკრაინული რკინიგზის გაძარცვასა და ფულის მითვისებაში. აღნიშნული მასალით, უკრაინის სამართალდამცავი სისტემაც დაინტერესდა.

აღიძრება თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე, მოუწევს თუ არა მიხეილ სააკაშილს კიდევ ერთი ქვეყნის დატოვება და მორიგი დევნილობა, for.ge-ს ამ კითხვებს ექსპერტი გია აბაშიძე პასუხობს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში გამოძიება დაიწყო. მანამდე, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერენ, რომ „ქართულმა მაფიამ უკრაინის რკინიგზა გაძარცვა“ და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებენ. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, საქათველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ციხის გისოსებს მიღმა ვიხილოთ?

- საკმაოდ ინტენსიური ინფორმაციები ვრცელდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო კრიმინალურ დაჯგუფებას უკრაინის რკინიგზის სახსრები აქვს მიტაცებული. ასევე, ვრცელდება ინფორმაციები, რომ მას და მის თანაგუნდელებს ოდესის პორტის სახსრებიც დატაცებული აქვთ. ეს ყველაფერი გარკვეული კორუფციული სქემებით ხორციელდებოდა. ზუსტად ამას და კიდევ ერთ მიზეზს ვუკავშირებ იმას, რომ სააკაშვილის მიმდევრები გააქტიურდნენ, მათ შორის მისი პარტიიდან. ასეთი მოთხოვნა აქვთ - ერთი, აბსოლუტურად არარელისტური მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი საქართველოში დაუსჯელად დაბრუნდეს და პოლიტიკურ მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ კონსტრუქციული მოლაპარაკება ჩაიშალოს. მეორე - „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ ადარდებს უკრაინის მოქალაქის, სააკაშვილის სამართლებრივი მხილება. ის შეიძლება უკრაინაში სამართალდამცველების წინაშე მართლაც წარსდგეს. ამის სხვა ინფორმაციებიც არსებობს.

დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინის როგორც საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ასევე უკრაინის სამართალდამცველები თანმიმდევრულად იმუშავებენ და ყველა პასუხისმგებელ დამნაშავეს პასუხს აგებინებენ.

თუ უკრაინელ საგამოძიებო ჟურნალისტებს დავეყდნობით, მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ დიდ თანხებს იპარავდა უკრაინის რკინიგზიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ სად მიაქვს საქართველოს ექს-პრეზიდენტს ეს მოპარული ფული ან რაში აბანდებს?

- მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ უტიფრად განაცხადა, რომ მისი ფეშენებული სახლების შეძენა ხდება დედამისის ლექტორული ანაზღაურების ხარჯზე. ეს საკმაოდ დიდი ტყუილია. საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა, რომ მის ფეშენებულ სახლებში უძვირფასესი ნივთებია და ამას ლექტორის ხელფასით ვერ შეიძენდა. სააკაშვილს ფული საქართველოს ბიუჯეტიდან აქვს მოპარული და ახლა დიდი ალბათობით, უკრაინის ბიუჯეტიდანაც იპარავს. აქ ლეგიტიმური შეკითხვა ჩნდება, სააკაშვილი საქართველოში დესტრუქციულ ქმედებებს ხომ არ აფინანსებს? ასევე - ხომ არ აფინანსებს მისი აქტივისტების უკრაინაში წინ და უკან სიარულს?

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებს თუ სხვა ქმედებებს უკრაინული ფულით აფინანსებს?

- ჩემი სუბიექტური ვარაუდით, რა თქმა უნდა, სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ ქმედებებს აფინანსებს. ასევე არ დაგვავიწყდეს ის ე.წ. სახალხო ჩართულობა ილიჩოვა-მელაშვილის გირაოს გადახდაში. მიზერული პროცენტი საზოგადოების მხრიდან იყო, უდიდესი პროცენტი სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო. მას ასევე შეუძლია, რომ ნიკა მელიასაც გადაუხადოს გირაო და იგი საპატიმროდან მყისიერად გამოუშვან, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან მუდმივი დესტრუქცია სჭირდება. სააკაშვილის ქმედებები უკვე ტრაგიკომედიაა, იგივე - მისი დაბრუნება ზღვით, მთით, თუ ა.შ. მან დასავლეთში ყველანაირი მხარდაჭერა დაკარგა. თუ ასე გააგრძელა, ყველას თვალში მარგინალურ ძალად იქცევა.

მიხეილ სააკაშვილზე უკრაინული მედია წერს, რომ ის დამნაშავეა, რომ ის ფულს იპარავს. თუ ეს ყველაფერი რეალურია, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი მას თანამდებობაზე რატომ ტოვებს?

- სამწუხაროდ, უკრაინაში საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა. განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან ანექსიის ფონზე. ვფიქრობ, ამ დიდ პოლიტიკურ ორომტრიალში, უკრაინის პოლიტიკური წრეები ვითარებაში სრულად გაერკვევიან, ნახავენ სააკაშვილსა და მის გუნდს რა ბრალეულობა მიუძღვით. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ამ საკითხს წერტილი დაესმევა.

რაც შეეხება, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში მან თუ სასჯელი არ მოიხადა, ისევ ვიხილოთ გაქცეული პოლონეთში ან ჰოლანდიაში და ისევ გახდეს მოქალაქის არმქონე პირი. თუმცა, ადრე თუ გვიან, მას როგორც ქართულ, ასევე უკრაინულ სამართალთან მოუწევს, რომ პასუხი აგოს.

ხშირად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები, რომ ის რუსეთის თამაშს თამაშობს. იმ შემთხვევაში, თუ ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა, რუსეთი დაიფარავს მას და ხელს შეუწყობს, რომ რომელიმე ევროპულმა ქვეყანამ ის შეიფაროს?

- სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთს თავისი პოლიტიკურ და სამხედრო მიზნების განსახორციელებლად, პოლიტიკურ ბრძოლაში ერთ-ერთი სასარგებლო იდიოტად სააკაშვილი ჰყავს. სააკაშვილი რუსეთის ინტერესებს პირდაპირ თუ ირიბად ახორიელებს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. რასაკირველია, რუსეთს აწყობს სააკაშვილი, მის პროპაგანდისტულ მანქანას, მის სამხედრო დოქტრინას პაიკი სააკაშვილი შეესაბამება და რატომაც არა, ის ყოველთვის დაიცავს თავის პაიკს პოლიტიკურ სცენაზე.

რუსეთი არა მგონია, მაგრამ ევროპის რომელიმე ქვეყანა თავშესაფარს მისცემს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის სააკაშვილს იყენებენ გარკვეული წრეები როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, მაგრამ ამას საჯაროდ ვერ ახორციელებენ, იმიტომ რომ წლები გავიდა და სააკაშვილს ვეღარ ვხედავთ ვერც ვირტუალურად, ვერც რეალურ სამყაროში გავლენიანიანი დასავლელი პოლიტიკოსების გვერდით. ყველამ ხელები დაიბანა. გარკვეულწილად, ჯერჯერობით, მხარდაჭერა აქვს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მისი პოლიტიკური გზა, გამრუდებისკენ წავა.

როგორ ფიქრობთ, რატომ იმეორებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშიც იგივე შეცდომებს, რაც საქართველოში დაუშვა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკრაინაში სააკაშვილს ამ ყველაფერს რუსეთი აკეთებინებს?

- საერთოდ, როგორც ხელოვნებაში, ასევე ნებისმიერ სფეროში არის ასეთი გამონათქვამი, რომ მან საკუთარი თავი ამოწურა. სააკაშვილმა პოლიტიკოსისთვის ადრეულ ასაკში ამოწურა საკუთარი შესაძლებლობა. მას მეტი კრეატიულობა და მეტი განვითარების შესაძლებლობა აღარ აქვს. მისთვის სამწუხარო რეალობაა, რომ ვერაფერს აკეთებს, გარდა დესტრუქციისა. მას მანიაკალურად სურს საქართველოს ხელისუფლებაში დესტრუქციის გზით დაბრუნება, მაგრამ ეს ვერ ხერხდება რიგი ობიექტურ მიზეზთა გამო. დესტრუქციის გამარჯვება ვერ მოხერხდება კონსტრუქციულობაზე და სახელმწიფოზე. ასე რომ, ის აგრძელებს გამოფიტულ აქტივობებს, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანია, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მედიატორის ჩართულობაა საჭირო, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ამ დროს კი, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოძიება იწყება. თქვენი აზრით, ეს ამერიკიდან ნაკარნახევია, რომ ექს-პრეზიდენტის მიმართ უკრაინაში გამოძიება დაიწყოს?

- ვერ ვიტყვი, რომ ამერიკიდან ნაკარნახევია. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ის თავად გაერკვევა თუ როგორ მოაგვაროს პრობლემები. მაგრამ, ფაქტია, რომ სააკაშვილის მორიგმა ფასადურმა ე.წ. მოღვაწეობამ უკრაინაში აჩვენა, რომ მისი პოპულისტური განცხადებები არის მხოლოდ ფუყე და სიღრმისეულ რეფორმებს არ შეიცავს. ეს არის მხოლოდ პოპულიზმი და ამას უკრაინული პოლიტიკური ელიტა ხვდება კიდეც და, ადრე თუ გვიან, სააკაშილს ადგილს მიუჩენენ.