„ყველა ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ასეთი კრიზისების შექმნაში - თუ ასეთი ოპოზიცია გყავს, პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიარო“

„ყველა ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ასეთი კრიზისების შექმნაში - თუ ასეთი ოპოზიცია გყავს, პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიარო“

„არ ვიცი, დენიელსონის ხელმეორე მედიაცია რა შედეგს მოიტანს, მაგრამ მისმა პირველმა მედიაციამ აჩვენა, რომ დღევანდელ ოპოზიციასთან, მიუხედავად ევროპელი მედიატორების თავდაუზოგავი ძალისხმევისა, მოლაპარაკება შეუძლებელია. ადამიანმა გადადო გამგზავრება, საქართველოში ბოლომდე დარჩა, 9 საათის განმავლობაში ამათ თავი მიუძღვნა იმისთვის, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ევროპამ მედიატორის ფუნქციის შესრულებაზე ხელი არ აიღო და ხელისუფლება და ოპოზიცია არ შეატოვა ერთმანეთს, პრინციპით, კისერი გიტეხიათო. ხომ არ გამართლდება ოპოზიციის მოლოდინი, რომ დასავლეთი მკაცრ რეაგირებას მოახდენს ხელისუფლების მიმართ?

- ოპოზიციას ყალბი მოლოდინი აქვს. უფრო სწორად, მოლოდინიც არ არის, მათ მშვენივრად იციან, რომ მთავარი პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების ჩაშლის გამო მათზეა. იმთავითვე შეუძლებელი იყო შეთანხმება, როცა ულტიმატუმივით წამოაყენეს ვადამდელი არჩევნების და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, მთლიანობაში რომ განვიხილოთ, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი სრულიად უძლური აღმოჩნდა, რომ ეს ხელოვნურად ინსპირირებული პოლიტიკური კრიზისი გადაელახათ და ემოქმედათ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ფარგლებში. ამისგან ძალიან მძიმე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, ეს თქვა დენიელსონმაც. მან პოლიტიკურ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი კიდევ დაფიქრდებიან და შეთანხმების შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ.

დენიელსონმა თქვა, მე ჩავალ და ყველაფერს მოვუთხრობ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს. შესაბამისად, ევროპის რეაქცია ასეთი იქნება, ისინი გამოთქვამენ სინანულს მთლიანობაში ამ პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ის, რომ სანქციებს დაუწესებენ და თითს დაუქნევენ „ქართულ ოცნებას“, ეს არ არის ევროპული სტილი. მით უმეტეს, ამ ხელისუფლების მიმართ ეს მოსალოდნელი არ არის. ყველა ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ასეთი კრიზისების შექმნაში, რადგან, თუ ასეთი ოპოზიცია გყავს, პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიარო. აქამდე რატომ მივიდა საქმე, ამას თავისი მიზეზები აქვს. ეს ხომ გუშინ არ დაწყებულა. კრიზისი დაიწყო და ამის „ნათელი სახე“ შეიქმნა ჯერ კიდევ 2019 წლის პარლამენტზე შტურმის შემდეგ.

გამუდმებით ვუყურებდით, რომ ოპოზიცია ლამობდა კონსტიტუციური სივრციდან გასვლას. ასეთ დროს ხელისუფლების პირდაპირი და უწინარესი ვალდებულებაა ქვეყანაში წესრიგი და სტაბილურობა უზრუნველყოს და საშუალება არ მისცეს ექსტრემიზმს, დღევანდელ ვითარებამდე მიიყვანოს ქვეყანა. დღეს რაც ხდება, ეს სახელმწიფო საბოტაჟია ოპოზიციის მხრიდან.

თქვენ არ ელით, რომ აშშ-ის სენატი „შეუღრენს“ ხელისუფლებას, როგორც ამას დავით ბერძენიშვილი პროგნოზირებს?

- რასაკვირველია, ამას არ ველი, იქნება ზოგადი მოწოდებები ორივე მხარის მიმართ, რომ მათ არ უნდა დააზიანონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები და იქნებ, რაღაც გამოსავალი მოინახოს. მედიაციის პროცესზე მეტად არაფერს ველი, უცხოელები პირდაპირ ხომ ვერ ჩაერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში, საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი პარტნიორები დიდ პატივს სცემენ, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსზე მეტადაც კი.

ერთ-ერთი ვერსიით, შარლ მიშელს და ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ადვილი საუბარი არ ჰქონდათ, მაგრამ იმის გამო, რომ მიშელი თავშეკავებული იყო კრიტიკისგან, ღარიბაშვილი უფრო წელგამართული ჩამოვიდა საქართველოში. თქვენ რას ფიქრობთ?

- ამას ამბობს ოპოზიცია, ეს მათი ინტერპრეტაციაა, აქ მთავარია, რომ გაკეთდა ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომელმაც ცალსახად თქვა, რომ არავითარი ლაპარაკი რიგგარეშე არჩევნებზე არ იქნება, ეს არ არის შეთანხმების საგანი და არჩევნები არ გაყალბებულა, არჩევნები აღიარებულია, მის ლეგიტიმურობას ჩრდილი არ მიყენებია, მიუხედავად ოპოზიციის თავგამოდებული პროტესტისა. ე.წ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით კი საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გააკეთა შესანიშნავი კომენტარი, რომ პოლიტპატიმრების თემა საქართველოს ხელისუფლებას არ დასდგომია. ასეთი რამ არ ყოფილა. არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუციის, ან არც ერთი სახელმწიფოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, არადა, ეს ორი თემა იყო გადამწყვეტი, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა. ბუნებრივია, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ამ კონკრეტულ ვითარებაში, მაგრამ ვიმეორებ, ოპოზიცია რომ ასეთ ექსტრემიზმამდე მივიდა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მას იმთავითვე არ უნდა დაეშვა მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება. ევროპის ინტერესი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და წესრიგია, რადგან საქართველოს ამ რეგიონში მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება. საქართველო დასავლური ღირებულებების მთავარი დასაყრდენია, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მშვიდობა. ამის გაკეთება საქართველოს მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა შიდა პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველყოფილია. ევროპის ამოცანაა, აქ არ იყოს პოლიტიკური პოლარიზაცია და დაპირისპირება, არ იყოს ასეთი კრიზისები. საბოლოო ჯამში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სტაბილურობა და შიდა პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნება. თუ ამ სტაბილურობას საფრთხე ექმნება, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ტონი არ იქნება ძალიან შემწყნარებლური ხელისუფლების მიმართ.

უკმაყოფილება გამოითქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მოლაპარაკებების თემები გასაიდუმლოებულია. ჩვენი პოლიტიკოსები საკუთარი ნებით შორდებიან საზოგადოებას და აღარ სურთ, ანგარიში ჩააბარონ ხალხს?

- მოლაპარაკების თემა გასაიდუმლოებულია იქიდან გამომდინარე, რომ შედეგი იყოს მიღწეული. მედიაციის დროს, ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარეთა მიერ უშუალო შეხვედრაზე გამოთქმული პოზიციები არ საჯაროვდება, რათა ამან ზიანი არ მიაყენოს პროცესს და არ დაჩრდილოს მედიაციის როლი. როცა ეს პროცესი დასრულდება, ყველაფერი გამჟღავნდება.

როგორ ფიქრობთ, მოლაპარაკებების პირველი რაუნდისთვის დრო ტყუილად დაიკარგა?

- ეს დრო არ დაკარგულა. შედეგი რომ არ დადგა და მოლაპარაკებებმა ფიასკო განიცადა, ესეც შედეგია. ეს მიანიშნებს, რომ დღევანდელ ოპოზიციასთან, მიუხედავად ევროპელი მედიატორების თავდაუზოგავი ძალისხმევისა, მოლაპარაკება შეუძლებელია. ადამიანმა გადადო გამგზავრება, საქართველოში ბოლომდე დარჩა, 9 საათის განმავლობაში ამათ თავი მიუძღვნა იმისთვის, რომ გადაწყვეტილებამდე მისულიყვნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. რახან ეს ასეთი მაღალი სტანდარტის მედიაციის პირობებში ვერ მოხერხდა, სრულიად ნეიტრალური არბიტრის მონაწილეობით, ცხადია, სამომავლოდაც ამის მიღწევა შეუძლებელია.

ეს ნიშნავს, რომ დასავლეთის თვალში უფრო მეტად გაიშიფრა ოპოზიცია, ვიდრე ხელისუფლება?

- რასაკვირველია, გაიშიფრა სიტუაცია. გარედან თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, საქართველო ერთი ქვეყანაა, უცხოელები ასე მკაფიოდ არ ასხვავებენ ერთმანეთისგან ჩვენს ოპოზიციას და პოზიციას, ისინი აღგვიქვამენ ჩვენ ერთიანად. გარედან ასე ჩანს, რომ მოლაპარაკებებით ამ პროცესის ჩიხიდან გამოყვანა რთულია. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩებოდა დენიელსონის ადგილზე. შიგნიდან კი ვითარება ასეთნაირად ჩანს, რომ, რადგან ოპოზიცია მოლაპარაკებებით არ ცდილობს ესკალაციის განმუხტვას, არსებობს არაკონსტიტუციური გზით მოვლენების განვითარების დიდი საფრთხე.