„უნდა დაფიაროს 250 მილიონამდე დოლარი, რომელიც 2008 წელს აიღო წინა მთავრობამ და შემდეგ, 2011-12 რეფინანსირებით გადაფარეს, რა თქმა უნდა, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდებოდა“

„უნდა დაფიაროს 250 მილიონამდე დოლარი, რომელიც 2008 წელს აიღო წინა მთავრობამ და შემდეგ, 2011-12 რეფინანსირებით გადაფარეს, რა თქმა უნდა, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდებოდა“

მთელი კვირაა ეროვნული ვალუტა უფასურდება და კვირის ბოლოს დამყარდა კიდეც 2021 წლის ანტირეკორდი. რეალურმა გაცვლითმა კურსმა 3,38-ს გადააჭარბა. მთავრობა და ეროვნული ბანკი, როგორც წესი, ასეთ დროს დუმს. ფინანსისტებს კი სრულიად გასხვავებული ვერსიები აქვთ.

„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი ქართული ლარის ღირებულების შემცირებას ორ ფაქტორს უკავშირებს: თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნას.

„უკვე მეორე დღეა გაუფასურების ტენდენცია გრძელდება, რაც ძალიან სამწუხაროა, ჯერჯერობით ეს გაუფასურება კატასტროფული არ არის, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ ცუდზე. მიზეზებზე დარწმუნებით საუბარი რთულია, თუმცა შეიძლება ეს იყოს თურქული ლირის ფაქტორი და მეორე, ზოგადად, გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინი, რისი მიზეზიც თავის მხრივ არის ჩავარდნილი ვაქცინაცია. რამდენიმე კვირის წინ, როცა გადაწყდა, რომ ვაქცინაცია დაიწყებოდა, საქართველოში პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა ეკონომიკასთან დაკავშირებით და ეს უკვე გამქრალია, რაც თავისთავად ვალუტაზე აისახება“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის უარყოფითი სცენარით, ვალუტა შეიძლება 10%-ით გაუფასურდეს და ეს უარყოფითი სცენარი ყველაზე ახლოს დგას რეალობასთან.

ეკონომიკის სკოლის დეკანი ფიქრობს, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაგვიანებულია, თუმცა უარესი შედეგების თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო.

„100 დღე უნდა ველოდოთ პრემიერ-მინისტრს თურმე, რომ 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარმოგვიდგინოს. 10-წლიანი გეგმა კი არა, ახლა ვართ კრიზისში. ახლა გვჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა ყველა ხაზი გადის ვაქინაციაზე. პირველი ეტაპი ჩავაგდეთ. ყველამ უნდა ვცადოთ, ვისაც რაციონალური აზროვნება გვაქვს, რომ ვაქცინაცია დავიწყოთ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ისედაც მცირე რაოდენობით შემოსული ვაქცინა ავითვისოთ“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.

სრულიად სხვა ვერსია აქვს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს ნიკა შენგელიას. იგი იმ მიზეზებზე და გზებზე, საუბრობს, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება.

„დაახლოებით 3 კვირის, ერთი თვის წინ გვქონდა გაკეთებული განცხადება, რომ ლარი ნელ-ნელა დაიწყებდა გაუფასურებას და 20 მარტიდან უკვე თვალში საცემი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ 1-ელი აპრილისთვის საქართველომ უნდა დაფაროს 250 მილიონამდე დოლარი, რომელიც ჯერ 2008 წელს აიღო წინა მთავრობამ და შემდეგ, 2011-12 რეფინანსირებით გადაფარეს და ახლა გასდის ვადა. რა თქმა უნდა, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდებოდა. ამ მომენტში, ლარის გაუფასურება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის ლირისა და რუბლის გაუფასურებასთან.

6-8 აპრილიდან ლარი კურსი დასტაბილურდება, ცოტათი ქვემოთ წამოვა და დავინახავთ, რომ არ იქნება ისეთი როგორიც დღესაა, თუ, რა თქმა უნდა, რამე საშინელება არ მოხდა. საშინელებაში ვგულიხსმობ იმ ფსიქოლოგიური ფაქტორს, რომელმაც შეიძლება დაიწყოს მუშაობა. დღეს, თუ ბიზნესმა ვერ იგრძნო, რომ ლარის სტაბილიზაციისკენ მიდის, ორშაბათ-სამშაბათიდან დაიწყება ფასების კორექტირება საქონელზე, მომსახურებაზე და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. მოსახლეობა დაიღალა მაღაზიებში ყოველკვირა ფასების მატებით“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ.

აპრილის პირველ რიცხვებამდე ჯერ საკმაო დროა. თუკი იქამდე გაუფასურება გაგრძელდა, ფასების მატება სამომხმარებლო საქონელზე აუცილებლად მოხდება.