უცნობმა ქართველმა საქართველოს 15 ხელნაწერი უძღვნა

უცნობმა ქართველმა საქართველოს 15 ხელნაწერი უძღვნა

საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ შარაძემ 12 სექტემბერს ჟურნალისტებს ძველი ქართული ხელნაწერები წარუდგინა, რომელთა ასაკიც 400-500 წელია.

მათ შორის ყველაზე ძველია სასულიერო ლიტერატურის ნიმუში “სახარების საკითხავი”. თხუთმეტივე ხელნაწერი გურამ შარაძეს გადასცა საფრანგეთში დაბადებულმა ქართველმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მას იგივე პირი დაჰპირდა კიდევ 50 ხელნაწერის გადაცემას.

როგორც გურამ შარაძემ აღნიშნა, ხელნაწერებს შორის უმეტესობა კათოლიკური ლიტერატურაა. ისინი შესრულებულია იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთში არსებულ ქართულ კათოლიკურ ცენტრებში. აღნიშნულ წიგნებს შორისაა 1711 წელს დაბეჭდილი “დავითნი” და ვახტანგისეული “ვეფხისტყაოსანი”.

მიუხედავად იმისა, რომ ხელნაწერები კარგადაა შენახული, ის მაინც რესტავრაციას საჭიროებს. გურამ შარაძის თქმით, ხელნაწერები გადაეცემა ხელნაწერთა ინსტიტუტს, სადაც რესტავრაციის შემდეგ დაიდებს ბინას.