ოპოზიცია საშვიდნოემბროდ ემზადება და ძალას იკრებს. უქმად არც ხელისუფლებაა. "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების მიღმა კონკრეტულ მიზანს ხედავს:
- ვფიქრობ, პატრიარქის შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების განთავსება ინტერნეტში, თუთბერიძის განცხადებები და პატრიარქთან ერთად სააკაშვილის გელათში გამოჩენა მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია ორი კურდღლის მოსაკლავად. პირველია პატრიარქზე დარტყმა, იმის ჩვენება, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი აბუჩად იგდებს ეკლესიას და მეორე, - პოზიტიური პოზიციის გამოხატვა იმის საჩვენებლად, რაოდენ კარგად არის ხელისუფლება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამის წარმოჩენას სჭირდებოდა მჩხავანა კატა და ეს როლი პირნათლად შეასრულა თეა თუთბერიძემ, რომელსაც მართლაც ისეთი დამოკიდებულება აქვს ეკლესიისადმი, რასაც გამოხატავს. ხელისუფლება ფარისევლობს, როდესაც წარმოაჩენს, რაოდენ უყვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და როგორ უდგას მხარში. თუ მართლაც პატივს სცემენ პატრიარქს, ყურს იქით არ გაუშვებდნენ მის ნათქვამს 26 მაისიდან სამი დღის შემდეგ, - საქართველოში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდესო. თუ მას პატივს სცემენ, მისი ამ განცხადებისათვისაც უნდა ეცათ პატივი, რადგან პატრიარქი ყოველთვის იმას გვირჩევს, რაც საქართველოსთვის არის სასიკეთო.
საზოგადოების მოსატყუებლად ამგვარი მეთოდების გამოყენება ფუჭია. სააკაშვილს თეატრალური რესურსი უკვე ამოწურული აქვს. ათეულობით მილიონს ტყუილად უხდის ამერიკულ და ფრანგულ პიარკომპანიებს.
სააკაშვილი ყველას ატყუებს თავბრუდამხვევი სპექტაკლებითა და კინოებით. ენდი გარსია შეასრულებს ამ როლს, აიღებს მილიონებს და წავა, მაგრამ ვისია ეს მილიონები? დიდი ეჭვია, რომ ამ ფილმის გადაღების ინიციატორი და მილიონების გამღებიც საქართველოს ხელისუფლებაა. ამ საქმეში ის შავად ნაშოვნ მილიონებს ხარჯავს. შავ ფულს სააკაშვილის რეჟიმი ბიზნესის, საწარმოების გაწეწვით შოულობს. ხალხი სიღატაკის ზღვარზეა, სააკაშვილი კი შავ და თეთრ ფულს ხარჯავს იმისათვის, რომ ხალხი მოატყუოს. ეს ფული რომ სოციალურ პროექტებში, საწარმოების მშენებლობაში და თავისუფალი მეწარმეების წახალისებაზე დახარჯულიყო, დღეს ათჯერ მეტი დასაქმებული გვეყოლებოდა, მაგრამ ეს არის კაცთმოძულე ხელისუფლება, რომელსაც ხალხიც და ქვეყანაც თავისი საკუთრება ჰგონია. სააკაშვილი საქართველოს არქიფო სეთურის პრინციპით მართავს. ვინც ხმას ამოიღებს, სჯის, ციხეში სვამს, ნარკოტიკს ან იარაღს ჩაუდებს, ქონებას წაართმევს.
სააკაშვილს მტრად მიაჩნია ქართული ოპოზიცია და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ტყუილებზე არ ეგება და სააკაშვილის სკამს გამუდმებით აყანყალებს. ამ ხალხის პროტესტის ჩასახშობად სჭირდებათ კინოები, ენდი გარსია, პური და სანახაობა.
სააკაშვილი ახლა ჩიხშია. თუ დემოკრატიისკენ გადადგამს ნაბიჯს, მისი ხელისუფლება კი არ ჩამოირღვევა, ჩამოიფხრიწება. თუ არ გადადგამს, საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდება, რაც ასევე მისი ხელისუფლების ჩამორღვევით დასრულდება.
გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ოპოზიციამ მილიონობით დაფინანსება მიიღო ასლან აბაშიძის, ჯემალ გოგიტიძის, ალექსანდრე ებრალიძის, ბადრი მელაძისა და ლევან პირველისაგან. როგორც ამბობენ, ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერები შს სამინისტროს აქვს. გარდა ამისა, ხელისუფლებისთვის ცნობილია ოპოზიციის წევრთა ანგარიშებზე საბანკო გადარიცხვების შესახებ. "პატრიოტის აქტის" მიღების შემდეგ სათანადო სტრუქტურები ლეგალურად მოიპოვებენ ამ ინფორმაციასაც.
- სააკაშვილის მთელი რესურსი, მათ შორის ოპერატიულიც, სააკაშვილთან მებრძოლი ხალხის დასაშინებლად არის მიმართული. "პატრიოტის აქტი" დღევანდელი ხელისუფლების ბოროტი არსის გამოვლინებაა. ეს არის ბერკეტი საიმისოდ, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ტერორისტებად, ქვეყნის მოღალატეებად, აგენტებად მონათლოს, ციხეში გამოკეტოს და ქვეყანაში შიში დათესოს. ვფიქრობ, ამ განზრახვას უკუქმედება მოჰყვება. საზოგადოება ამას არ შეეგუება, წინ აღუდგება.
ოპოზიციის დაფინანსების თაობაზე ინფორმაცია ხელისუფლების მორიგი პასკვილია. მე და ჩემი მეგობრები საქართველოს გადასარჩენად, დასაცავად და წართმეული სახელმწიფოებრიობის დასაბრუნებლად ვიბრძვით. უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები თანხის თუ ინვესტიციის მოძიებას ამ საქმისთვის. ამიტომაც განვაცხადე, რომ ჩემ მიერ თითოეული მოძიებული თეთრი გამჭვირვალე იქნება.
ამბობთ, რომ ბრძოლას აგრძელებთ, თუმც შემოდგომის მეორე თვე მიიწურა და ოპოზიციას ხელშესახები არაფერი გაუკეთებია.
- საქართველოში რომ სისხლის ტბები არ დადგა, ეს ოპოზიციის გამარჯვებად მიმაჩნია. ის, რომ ამდენი აქციების შემდეგაც არ გადადგა სააკაშვილი, მის ავტორიტარობაზე მეტყველებს. ოპოზიციას ხელისუფლებასთან საბრძოლველად ახალი მეთოდები აქვს მოსაძებნი. იმან, რომ სააკაშვილი არ გადადგა, საზოგადოებაში ნიჰილიზმი გააძლიერა. ზოგმა კი გადაწყვიტა, შეეგუოს ყველაფერს. საზოგადოების ნიჰილიზმი კი სწორედ სააკაშვილს აძლევს ხელს. ილია ჭავჭავაძე, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, თუ საქართველო რუსეთისაგან ოდესმე გათავისუფლდებოდა, მაგრამ მთელი სიცოცხლე იბრძოდა და ქართველ ერს ხშირად ახედებდა სარკეში, - ნახე, რა მდგომარეობაში ხარ და გინდა ასეთად დარჩეო? ყველამ, ჩემთან ერთად, ჩავიხედოთ სარკეში და ახალი ბრძოლა დავიწყოთ. ჩვენი ერთობაა სააკაშვილთან ბრძოლის მთავარი იარაღი. სხვა იარაღი ჩვენ არა გვაქვს.
რომელ ერთობაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც თავდაუსხმელობის თაობაზე შეთანხმება რამდენიმე საათში დაარღვია ლეიბორისტულმა პარტიამ და ხელისუფლებასთან ფლირტში ამხილა ოპოზიცია.
- ეს დოკუმენტი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. მისი ბოლო ვარიანტი, რომელზეც ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერები, შემიძლია ექსკლუზიურად გაგაცნოთ. ამ დოკუმენტს "ოპოზიციურ ძალთა სოლიდარობის ქარტია" დაერქმევა. ის გულისხმობს, რომ ხელისუფლების არაძალადობრივი შეცვლისთვის ბრძოლაში ოპოზიციურმა ძალებმა თავი შევიკავოთ მედიასაშუალებებში თუ დისკუსიების დროს ერთმანეთის საჯარო კრიტიკისაგან.
რადგანაც ასეთი ქარტიის შექმნაზე იფიქრეთ, ე.ი. ოპოზიციაში მტკიცე ერთობა არ არის.
- 7 ნოემბრის აქციების დროს ბევრად ერთიანი იყო ოპოზიცია. ჩვენ, ყველას, ერთი მიზანი გვაქვს, - სააკაშვილი უნდა შეიცვალოს. თუმც არსებობს ტაქტიკური სხვაობები და ამის გამო ერთმანეთს ხელი არ უნდა შევუშალოთ. მე პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის ბრძოლასა და მეთოდს. სანამ სააკაშვილი პრეზიდენტია, პრეზიდენტი სხვა ვერ გახდება. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ სააკაშვილის ხელისუფლების თავიდან მოშორებისათვის.
ოპოზიციონერი კოლეგები აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოიკრიბა ძალა სააკაშვილმა, რადგანაც დაინახა, რომ თქვენ უკიდურეს გამწვავებაზე არ წახვიდოდით. კიდევ შეხვდებით სააკაშვილს?
- მასთან შეხვედრას აღარ ვაპირებ, მხოლოდ გარანტიების მისაცემად შევხვდები. ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ჩემი მეგობრები ჩათვლიან, რომ უნდა შევხვდე. დავიღალე ამ ეჭვიანობით. როდესაც მილიონამდე ქართველი მზადაა საქართველოს ბედი ჩაგაბაროს, მიკვირს, რატომ არ უნდა გენდონ სააკაშვილთან შეხვედრისას? სააკაშვილს მხოლოდ საქართველოს გადარჩენაზე ველაპარაკე და ვუთხარი, რომ უნდა გადამდგარიყო. ურჩხულთან ბრძოლაში ურჩხულად ვერ ვიქცევი. 20 წელია საქართველოში ხელისუფლება ძალადობრივად იცვლება და ამან ძალიან დააზარალა ქვეყანა. 20 იანვარს მთელი ღამე ვფიქრობდი, - საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მე ვიყავი პრეზიდენტი. ერთი ნაბიჯიღა მქონდა დარჩენილი, სააკაშვილის ინაუგურაციას ჩავშლიდი და პრეზიდენტი გავხდებოდი, მაგრამ რის ფასად? სააკაშვილი რომც გაქცეულიყო, თვითმფრინავში ჩაატარებდა ინაუგურაციას და გამოაცხადებდა, ნამდვილი პრეზიდენტი მე ვარო. სამოქალაქო დაპირისპირებას და სისხლის ღვრას ვერ დავუშვებდი. რომ ავწონ-დავწონე, რა სჯობდა მაშინ საქართველოსთვის, გადავწყვიტე, ის ნაბიჯი გადამედგა, რაც ჩემთვის იქნებოდა ცუდი, მაგრამ ქვეყანას ააცილებდა დაპირისპირებას.
სამეგრელოში ჩასვლას რა დატვირთვა ჰქონდა?
- რამდენიმე თვის წინ რომ ვიყავი სამეგრელოში, 2000 კაცი შეიკრიბა. მათში ახალაიას ზონდერებიც ბლომად იყვნენ და პროვოკაციებიც მოხდა. რამდენიმე დღის წინ კი ზუგდიდში ხალხთან შეხვედრისას პროვოკატორები და ზონდერები ვეღარ დავინახე. ვაჟკაცმა ბიჭებმა, რომელთაც 6 თვე გაატარეს კარვებში, ყველას დაანახვეს, რომ ზონდერების პროვოკაციები ფეხებზე ჰკიდიათ. ეს ხალხი მთელ სამეგრელოს დააყენებს ფეხზე და მოსპობს ახალაიების დათესილ შიშის სინდრომს. სამეგრელო გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ამ ხელისუფლების შეცვლის საქმეში.
ბოლოს მინდა გითხრათ, რომ "რედისონ ივერიაში" გამართული შეხვედრიდან ჟურნალისტების გამოძევება მოსაწონი საქციელი არ იყო. აღმოჩნდა, რომ თქვენც ფავორიტი ტელევიზია გყოლიათ. რატომ იმეორებთ სააკაშვილის იმ ნაბიჯებს, რომელსაც თავადვე გმობთ?
- ფავორიტი ტელევიზიები მართლაც მყავს "მაესტროსა" და "კავკასიის" სახით. თუმც არ ვიცი, რა ვაწყენინე დავით აქუბარდიას, რომ პირდაპირ ეთერში აღარ მიწვევს. არაერთხელ იყო ჩემს საქციელზე ლაპარაკი მის გადაცემაში, მაგრამ პასუხის გაცემის საშუალება არ მომეცა. "რედისონში" გაუგებრობა მოხდა. არ ვიცოდი, რომ სხდომას "მაესტრო" გადასცემდა. მხოლოდ ის მითხრეს, რომ ხანმოკლე პირდაპირ ჩართვებს გააკეთებდა შეკრებიდან. ვითვალისწინებ თქვენი ანუ პრესის ჟურნალისტების არგუმენტებსაც და ამის შემდეგ წინასწარ დავგეგმავ ყველაფერს, რომ ნაწყენი არავინ დარჩეს. მერწმუნეთ, ეს მხოლოდ შეცდომა და გაუგებრობა იყო.