(იბეჭდება შემოკლებით)
2003 წლის ნოემბერში თბილისში და 2004 წლის მაისის თვეში აჭარაში განვითარებული მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ხავერდოვანი რევოლუციის, ანუ ვარდების რევოლუციის შემდეგ, გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის სათავეში 36 წლის მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მოგვითხრობს, რომ სააკაშვილი ბავშვობის ასაკიდან ყოფილა პოლიტიკით დაინტერესებული. ქალბატონ გიულის პატარა მიხეილისთვის შეუმჩნევია ლიდერის თვისებები და ხელი შეუწყვია ამ თვისების განვითარებაში.
თქვენ ბრძანდებით ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის დედა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა. ბუნებრივია, რომ როგორც დედამ, იმ საყოველთაო მღელვარებისას მძიმე დღეები გადაიტანეთ...
- ყველაფერი კარგად მახსოვს, მძიმე დღეები იყო არამარტო ჩემთვის. საერთოდ, ოპტიმისტი ვარ. ჩვენ ბეწვის ხიდზე გაგვატარეს ჩვენმა ლიდერებმა. ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. გარანტიები არ იყო. ისტორია ჩვენ თვალწინ იქმნებოდა. საქართველოში მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც არ დაიწყეს ცდა, რომ ვიღაცა მათ სანაცვლოდ საქმეს გააკეთებდა. მათ გადაწყვიტეს, რომ თვითონ შეექმნათ თავიანთი მომავალი და ამას მიაღწიეს კიდეც. იმედი გაუჩინეს ყველას. ახალი ცხოვრებისკენ მოხდა შემობრუნება. იმ დღეებში ლიდერებმა დაგვანახეს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საქმე თავად უნდა ვაკეთოთ., ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.
ყველას მსგავსად, ჩვენც დავინტერესდებით პრეზიდენტის ბავშვობით. ბატონი მიხეილი აქტიური, დინამიური და მოძრავია. ბავშვობაშიც ასეთი იყო?
- ყოველთვის იცოდა, რა უნდოდა და მიზანს აღწევდა კიდეც. რასაც ჩაიფიქრებდა, აკეთებდა. ძალიან ფრთხილი იყო. გონიერი ბავშვები ფრთხილები არიან. როცა რაღაცას აკეთებდა, გარანტიები უნდა ჰქონოდა. ახლაც ასეა, მოუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამს. აწონილ-დაწონილი აქვს ხოლმე წინასწარ. ძალიან ცნობისმოყვარე იყო. რაც აინტერესებდა, იმას ყოველთვის ბოლომდე აკეთებდა. უნდოდა, ყველაფერი თვითონ გაეგო.
თუ გიფიქრიათ, რომ თქვენი შვილი შეიძლებოდა ქვეყნის ლიდერი გამხდარიყო?
- ბუნებით იყო ლიდერი. არასდროს არ სჭირდებოდა კარნახი. იცოდა, რაც უნდოდა. მე მხოლოდ მის ნიჭს ვაძლევდი მიმართულებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ძალით რამეს ვაკეთებინებდი. ერთი პერიოდი სურათების გადაღებით იყო გატაცებული.
ბავშვობაში თუ ჰქონდა პროფესიული არჩევანი გაკეთებული?
- გამოკვეთილი ჰქონდა პოლიტიკა. იმდენად ბევრს კითხულობდა პოლიტიკის შესახებ, რომ როდესაც მოხვდა უცხოელებთან, აქეთ ასწავლიდა - ეს მოვლენა ამ და ამ დროს მოხდაო. ერთხელ სადღაც მივდიოდი და პატარა მიშა ჩემს მეგობართან დავტოვე. ჩემს მეგობარს უფიქრია, ზღაპარს წავუკითხავ და გავართობო. მიშას კი უთქვამს, ზღაპარს ნუ მიკითხავ, პოლიტიკა უფრო მაინტერესებსო. ეს იმ დროისთვის ძალიან გასაკვირი იყო, რადგან პოლიტიკით მაშინ არავინ ინტერესდებოდა, მითუმეტეს - ბავშვი.
თქვენის ნებართვით, მსურს, მისი პირადი ცხოვრებითაც დავინტერესდე. მაგალითად, ბავშვობაში როგორი სათამაშოებით თამაშობდა?
- უყვარდა მოძრავი სათამაშოები, მაგალითად ველოსიპედი. უყვარდა ფეხბურთის თამაში და ბავშვებთან ერთად სირბილი. საერთოდ, ეზო უყვარდა.
სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო?
- საერთოდ, ინტერესით სწავლობდა. მე არ მახსოვს, რომ მის გამო სკოლაში პრობლემა მქონოდა. როცა რაღაცა გამოგდის, უფრო ინტერესით სწავლობ. ასე იყო მის შემთხვევაშიც. სპორტზე დადიოდა, სწავლობდა მუსიკას.
რომელი საჭმელი უყვარს ყველაზე ძალიან. ჩაცმაში პრეტენზიული თუ არის?
- საჭმელებიდან გამორჩეულად არცერთი არ უყვარს. ჩაცმის თავისი სტილი აქვს. საზღვარგარეთ ხშირად დადის და საშუალება აქვს, თვითონ შეიძინოს სამოსი. თან სიმაღლე აქვს ისეთი, რომ დამოუკიდებლად ტანსაცმელს ვერ შეურჩევ, თუ თვითონ არ ჩაიცვა და არ მოიზომა.
სპორტის სახეობებიდან და ხელოვნების დარგებიდან რომელს აძლევს უპირატესობას?
- სპორტი ყოველთვის უყვარდა. სამწუხაროდ, ახლა ძალიან დაკავებულია და დრო არ რჩება. სპორტის ყველა სახეობა მოსწონს - ჩოგბურთი, თხილამურები, კალათბურთი, მუსიკაშიც კარგად ერკვევა. სოციალურად აქტიური ადამიანია. ძალიან დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება აქვს, რადგან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული.