საქართველოს განათლების ფილოსოფოსი მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი, კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა არ სურს, თავს არიდებს სიტყვებით: "არ მახსოვს" ან "არ ვიცი".
ეს ხერხი ძალიან ადგებოდა მოსწავლეობისას, სკოლაში – მასწავლებლები ზედმეტი კითხვებით აღარ აწუხებდნენ, განსხვავებით დღევანდელი ჟურნალისტებისგან, რომლებიც აუცილებლად შეუბრუნებენ ხოლმე კითხვას: "ჩაგეკითხებით". თუმცა ისიც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ხალხის მიერ დაქირავებული მოხელეა და ვალდებულია, პასუხი გასცეს ყველა კითხვას, რომლებიც მოქალაქეებს მინისტრის მიმართ აქვთ. სამინისტროში მისი სტილი სისტემის ჩარჩოებზე მუშაობა, რეკომენდაციების მიცემაა, რეალური პროდუქტი კი პროფესურამ, ლექტორებმა, მასწავლებლებმა უნდა შექმნან.
რამდენიმე კონკრეტული შტრიხი მისი ბიოგრაფიიდან: გიორგი მარგველაშვილი 1969 წლის 4 სექტემბერს დაიბადა. თბილისის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მე–8 კლასში უკვე იცოდა, რომ ფილოსოფოსი უნდა გამხდარიყო. უკეთესი სტუდენტი იყო, ვიდრე მოსწავლე. როგორც თავად ამბობს, უნივერსიტეტი "რაღაც წითელზე" დაამთავრა, ალბათ წითელ დიპლომს გულისხმობს. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი გახლავთ. ამ დარგში ორი მონოგრაფია აქვს გამოქვეყნებული. ერთი შვილის მამაა – 19 წლის ანასი. თავისუფალ დროს უყვარს სახლში რემონტის კეთება. დანარჩენზე – ქვემოთ.
ბატონო გიორგი, ბუნებრივია, პირველი კითხვა იმაზე უნდა დაგისვათ, თავად როგორი მოსწავლე იყავით, სკოლასთან, მასწავლებლებთან რა მოგონებები გაკავშირებთ.
- როცა სკოლა დავამთავრე, 1986 წელს, ეროვნული მოძრაობა უკვე დაწყებული იყო, რაღაც ასოციაცია გვქონდა შექმნილი და მაშინ ინტერვიუებსაც იღებდნენ ჩემგან. 17 თუ 18 წლის ვიყავი, რომ ვთქვი, სკოლასთან და მასწავლებლებთან არანაირი შენიშვნა არ მქონდა–მეთქი და ახლაც იმავეს ვიმეორებ. სკოლა ძალიან მიყვარდა. მამაჩემი პროფესიით ინჟინერია. ერთი პერიოდი სირიაში მუშაობდა და იქაურ სკოლაში ერთი წელი ვისწავლე. რუსული სკოლა იყო და ყოველ პარასკევს ე.წ. "ლინეიკაზე" გავყავდით ხოლმე. იმ დღეს ყველა ბავშვს ეკითხებოდნენ, ვინ არის ყველაზე ცუდი ბავშვი სკოლაშიო და ყველა ყვიროდა, გიორგი მარგველაშვილიო. მაშინ კომუნისტების დრო იყო. ერთი ლეონიდ ილიჩის სახელს ყვიროდნენ ასე და მეორეს – ჩემსას, მაგრამ მაშინაც არ მქონდა პრეტენზია.
რატომ იყავით გამოცხადებული ყველაზე ცუდ ბავშვად? ეს ალბათ ძალიან გწყინდათ.
- არ ვიცი, არ მახსოვს. არც ბავშვებზე ვბრაზდებოდი და არც მასწავლებლებზე. ალბათ იმიტომ ყვიროდნენ, რომ ეგონათ, ამის შემდეგ გამოვსწორდებოდი. რუსულ სკოლებში იყო ეს წესი და "ლინეიკა" ნიშნავდა მთელი სკოლის ერთ ხაზზე დადგომას, მერე ყველაზე ცუდ ბავშვს ასახელებდნენ.
ცუდად სწავლობდით?
- სკოლაში სამოსანი ვიყავი, უნივერსიტეტში კი ფრიადოსანი გახლდით.
სამოსანი ბავშვი ფილოსოფიურზე როგორ ჩაირიცხეთ?
- მერვე კლასიდან მინდოდა ფილოსოფიურზე ჩაბარება. დედაჩემი ფსიქოლოგია. ეს მომიჯნავე პროფესიაა და მისგანაც ვიღებდი ბევრ ცოდნას ამ მიმართულებით. სწავლის დროს ფილოსოფიის ინსტიტუტში დავდიოდით ხოლმე, სადაც ძალიან საინტერესო გარემო იყო. იქ გახლდათ განსაკუთრებული ადამიანი, თაზო ბუაჩიძე, რომელიც ბევრ რაღაცას გვასწავლიდა. სხვა სპეციალობაზე არც მიფიქრია. მაშინ კარგად გავძვერი, რადგან ისე მოხდა, რომ მხოლოდ ორი გამოცდა ჩავაბარე. სულ ხუთები მყავდა. ფილოსოფიის ფაკულტეტი რომ დავამთავრე, წითელი რაღაც ავიღე. არ მახსოვს, რა ერქვა, წითელი და კარგი რომ იყო, ვიცი.
იმდენჯერ თქვით, არ მახსოვსო, ხალხი იფიქრებს, რომ გულმავიწყი განათლების მინისტრი ჰყავს.
- მეხსიერებაში ინფორმაციის წაშლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შენახვა. ინფორმაციის შენახვა ბუნების ერთ–ერთი ყველაზე იოლი ფუნქციაა, დავიწყება კი – ერთ–ერთი ყველაზე დახვეწილი ფუნქცია. რა წაშალოს და რა – არა, ტვინის არჩევანზეა დამოკიდებული.
ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა?
- ბოლო კურსზე რომ ვიყავი, ჩეხეთში წავედი სასწავლებლად. იქ სოციოლოგია შევისწავლე, მაგრამ ამ დარგმა ნაკლებად დამაინტერესა. გამოქვეყნებული მაქვს ორი მონოგრაფია ფილოსოფიაში. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ფილოსოფიით ფულის შოვნა შეუძლებელი იყო. ჯერ სამთო გამყოლად, გიდად ვმუშაობდი – მთაში დამყავდა უცხოელები. ძირითადად ყაზბეგის რაიონში და სვანეთში დავდიოდით მე და ჩემი ალპინისტი მეგობრები. მეც ალპინისტი ვიყავი. მერე "ენდიაი"–ში დავიწყე მუშაობა, შემდეგ – 2000 წლიდან 2006–მდე "ჯიპა"–ში რექტორად ვიმუშავე. მერე იქვე სამეცნიერო განყოფილება გავაკეთეთ და იქ გადავედი. 2010 წელს ისევ "ჯიპა"–ს რექტორად დავბრუნდი და ახლა პირველად ვარ სახელმწიფო სამსახურში.
პოლიტიკაში როგორ აღმოჩნდით?
- ზურაბ ჟვანია ჩემი ახლო მეგობარი იყო. 2003 წელს ბურჯანაძე–დემოკრატების სიის ათეულში ვიყავი. როცა გადაწყდა, რომ სააკაშვილთან ერთად უნდა გაეგრძელებინათ პოლიტიკური ბრძოლა, მათ გამოვეთიშე, რადგან სააკაშვილთან დაპირისპირებული ვიყავი.
ამბობენ, რომ სააკაშვილმა მოითხოვა სიიდან თქვენი ამოღება, რამაც ამ ორ ძალას შორის დიდი დაპირისპირება გამოიწვია.
- არ ვიცი ეს დეტალები, მაგრამ მე თავად არ მინდოდა იმ სიაში ყოფნა და ჩემი თანხმობის გარეშე იქ არავინ ჩამსვამდა. მაშინვე გამოვეთიშე ამ ჯგუფს. 23 ნოემბერს რევოლუცია მოხდა და 25–ში გაზეთ "24 საათში" მივიტანე სტატია, სადაც უკვე ვაკრიტიკებდი ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ის სტატია არ დაბეჭდეს. მანამდეც ვწერდი ამ გაზეთში, ყველამ იცოდა ჩემი და მიშა სააკაშვილის დაპირისპირების შესახებ.
რა მოხდა ასეთი?
- ვიცნობდი და... ჟვანიასთან მერეც ნორმალური ურთიერთობა მქონდა. როგორი დაპირისპირებაც უნდა მქონოდა ნაცმოძრაობასთან, ზურა, როგორც პრემიერმინისტრი, ახერხებდა, ჩემთვის პრობლემა არ შეექმნა. ვერც ვერავინ გაბედავდა ამას ზურას მეგობარზე, რომელიც თავისთვის კუთხეში იჯდა და არაფერს აშავებდა. ზურას გარდაცვალების მერე რაღაც ისეთი ნიშნები იყო, რომ მივხვდი, უნდა გავცლოდი. ვიფიქრე, სამეცნიერო სამუშაოთი დავკავდები–მეთქი. მაშინ ჯანმრთელობის პრობლემაც შემექმნა. 4 წლის მერე დავბრუნდი რექტორად. "ჯიპა"–ში ჩემი წარმატება დაკავშირებული იყო ამ ინსტიტუტის გაფართოებასთან, ახალი პროექტების დაწყებასთან. ახალი პროექტები უკეთესად გამომდის.
მინისტრის სავარძელში თავს როგორ გრძნობთ?
- ძალიან საინტერესოა, ახალ პროექტებს ვიწყებ. სირთულეა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო დიდ სისტემასთან მაქვს საქმე. როცა პატარა სტრუქტურის მენეჯერი ხარ, შეგიძლია დეტალების დახვეწაზე მეტი იმუშაო. აქ უფრო დიდი ხელები გაქვს, რომელიც დეტალებს კარგად ვერ ხვეწს, უფრო სისტემის ჩარჩოებზე მუშაობ. რეალური პროდუქტის შემქმნელი არ ვარ. ამას ჩემ მაგივრად სხვები აკეთებენ – პროფესურა, მასწავლებლები, ლექტორები, დეკანები.
მინისტრობა არაპოპულარული განცხადებებით დაიწყეთ. სწავლის საფასური გაიზრდებაო, თქვით და მანდატურების ჩაცმულობაზე ალაპარაკდით, როცა სისტემაში უამრავი სხვა პრობლემაა. სოციალურ ქსელებში ხშირად ისმოდა კითხვა, განათლების ახალ მინისტრს მანდატურების ჩაცმულობის გარდა სხვა საზრუნავი არ აქვსო.
- აქ უნდა ავაწყო კომუნიკაცია, რომელიც ორიენტირებულია არა ტყუილსა და ლოზუნგებზე, არამედ რეალობაზე. ადამიანებს სიმართლე უნდა უთხრა. სისტემა მზად არ იყო ამ სიმართლის გასაგებად და ვალდებულებების ასაღებად. 9 წლის განმავლობაში სულ ბრძანებების ფორმა ჰქონდა ყველაფერს და უცებ ბრძანებას კი არ აკეთებ, არამედ ეუბნები სიმართლეს და ეკითხები, თვითონ რას ფიქრობს...
ჩემი მიზანი არ არის ადამიანების მოტყუება. ხალხს ვერ ვეტყვი, მანდატურები ქვეყნის მტრები არიან, საშინელება ხდებოდა და მოდი, დავშალოთ ეს სამსახური–მეთქი. ეს პოპულარული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ ვთქვი სიმართლე – მანდატურებს აკეთებინებდნენ ცუდ საქმეს. ეს იყო დაზვერვითი სამსახური სკოლებში. მეორე საკითხი კი ის არის, რომ სკოლების დაცვა პრობლემაა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, სად ვუშვებთ ჩვენს შვილებს. ამიტომ შევთავაზე, რომ მანდატურების სამსახური დაზვერვის მიზნით კი არა, ჩვენი შვილების დაცვის კუთხით ვამუშაოთ. ამისთვის ჩვენ დავნიშნეთ ახალი ხელმძღვანელი, მანდატურებს ახალი ინსტრუქციები მივეცით, მათ პროგრამულ გადამზადებას ვახდენთ და მათ შორის – ვუცვლით ფორმას. ეს ფორმა წარსულ დანაშაულებრივ საქმიანობასთან ასოცირდება.
სიამოვნებით მოვისმენ შეხედულებებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს მანდატურის სამსახურმა. თუ ვინმე იმ პოპულისტურ მთავრობას მისტირის, ანუ ამბობს, რომ ის უფრო კარგად გვატყუებდა, მისი ნებაა, გვლანძღოს! ახალი მთავრობა არ იტყუება და თუ კარგად დააკვირდებით, რატომ ლანძღავენ ახალ ხელისუფლებას, ძირითადი პრეტენზია ისაა, თუ რატომ არ ატყუებენ ხალხს. პიარი არ უვარგათო, ჩივიან.
რაც შეეხება სწავლის საფასურის გაზრდას, ტყუილია. მე ვთქვი, რომ სახელმწიფო გასცემს ორჯერ მეტ გრანტს. ეს დააკავშირეს იმასთან, რომ თურმე ამ შემთხვევაში ორჯერ უფრო გაძვირდება სწავლა. სწავლის საფასური განსაზღვრულია ზედა ზღვრით, რომელსაც სასწავლებლებს სახელმწიფო უდგენს. მე ვთქვი ტრივიალური ჭეშმარიტება, რომ სახელმწიფომ მეტი უნდა დახარჯოს სწავლაზე, განათლების სისტემაზე. იმ ნაწილებში, სადაც სახელმწიფო არ გასცემს გრანტს და სტუდენტი იხდის გადასახადს, საბანკო სექტორთან უნდა იმუშაოს, რომ სესხები უფრო მოსახერხებელი იყოს. ცალკე თემაა, რამდენ გრანტს გასცემს. მივმართავ საზოგადოებას და ვთხოვ, დააფიქსირონ კომპეტენტური შეხედულება, თუ როგორ გავცე ეს გრანტები.
მარგველაშვილმა სწავლის საფასური გააორმაგაო, ილაპარაკებენ ცოტა ხანს და ბოლოს დამშვიდდებიან, დაიწრიტება ყველაფერი. მიპასუხონ, თუ როგორ ვხარჯო ფული უფრო კვალიფიციურად.
რთულია იმ რეჟიმიდან გამოსვლა, რომელშიც ვიყავით. მოდელირებული "ქრონიკის" რეჟიმში ვცხოვრობდით და რთულია ლოზუნგებიდან გამოსვლა. ჩემგან კონსულტაციებს კი არა, ბრძანებებს ელიან და ეს არის ყველაზე რთული. აქამდე არასოდეს მიხდიდა ხელფასს 4 მილიონი ადამიანი. ჩემი ხელფასი თქვენი ჯიბიდან მოდის და ვალდებული ვარ, ყველა მოქალაქეს პასუხი გაგცეთ. ამ ვითარებაში პირველად ვარ. შესაბამისად, კომუნიკაციის აგება და ლოზუნგებიდან კონცეფციებზე გადასვლა ჩემი მთავარი საქმეა.
მკაცრი უფროსი ხართ?
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს.
გაგიადვილებთ პასუხს – თანამშრომლებთან ყვირილი გიწევთ?
- არასოდეს არავისთვის მიყვირია, მაგრამ არ მგონია, ეს სიმკაცრესთან კავშირში იყოს. საერთოდ არ ვბრაზდები.
ასეთი მშვიდი ხართ? ემოციური კი ჩანხართ.
- არ ვიცი, რას ნიშნავს მშვიდი. ძნელია საკუთარი თავის შეფასება. ალბათ თქვენ უკეთ ხედავთ. ჩემი მმართველობის ფორმა ყვირილი არ არის. არა მგონია, ამით რამეს მივაღწიო.
ახალ თანამდებობასთან ერთად ალბათ რეჟიმი დაგიმძიმდათ.
- აქამდე ბევრად უფრო თავისუფალი ვიყავი, რადგან "ჯიპა"–ში სისტემა ეფექტურად და წარმატებულად იყო აგებული. რუტინაზე ფაქტობრივად კვირაში ერთი საათი მიდიოდა. დანარჩენი დრო ახალი პროექტების განვითარებით ვიყავი დაკავებული და ბევრად უფრო იოლი იყო. ახლა რთულია. ახალი საქმეა და ბევრი რამის სწავლას, ბევრი ადამიანის მოსმენას გულისხმობს.
განტვირთვას რითი ახერხებთ? თქვენი "თავისუფლების დღიურები" წავიკითხე, სადაც ხეზე მუშაობით მიღებულ სიამოვნებაზე წერთ.
- რემონტების კეთება მიყვარს.
ანუ, როცა განტვირთვა გჭირდებათ, შეიძლება კედლიდან შპალერი ჩამოხიოთ და ახალი გააკრათ?
- მთლად ასე აბსურდულადაც არ ვიქცევი. არ მინდა ჩემს პირადულ თემებზე საუბარი. მესმის, რომ ხალხს აინტერესებს, მაგრამ მე მათი დაქირავებული ვარ არა იმისათვის, რომ ჩემი პიროვნების შესახებ მოვუყვე, არამედ განათლების სისტემაში სამუშაოდ დამიქირავეს. გეტყვით იმას, რომ ფიზიკური მუშაობა ძალიან კარგია. ჩემს მეგობარ ლევან ვასაძესთან ერთად მის კუთვნილ სკოლაში, კიკეთში, საზედამხედველო საბჭოს წევრი ვიყავი. ლევანის იდეა იყო და მან გააკეთა ე.წ. შრომის ბლოკი. ვიცი, რამხელა სიამოვნებაა, როცა შენი ხელის მოქმედების შედეგად რაღაცას ქმნი. შენი ხელნაკეთი სხვა ეფექტს გაძლევს. ლევანს, როგორც ჩანს, ეს თავადაც ჰქონდა განცდილი, მეც და შევთანხმდით იმაში, რომ ეს შრომის ბლოკი შეგვექმნა.
შრომის ბლოკი რას ნიშნავს, უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ?
- ეს გამოიხატებოდა იმით, რომ ბავშვები თვითონ აკეთებდნენ რაღაცეებს, ფიზიკურად მუშაობდნენ. როცა ფიზიკური შრომის შედეგად იღებ რაღაცას, დიდი სიამოვნებაა და საინტერესო. სკამს რომ გააკეთებ, პურს გამოაცხობ, ყველს ამოიყვან თუ კაფელს აკრავ, რითაც იმ წუთში იღებ შედეგს, სერიოზულ ფსიქიკურ კმაყოფილებას განიცდი. შეიძლება სწორი პოლიტიკა გაატარო განათლების სფეროში, მაგრამ ამას ფიზიკურად ვერ ხედავ. შეიძლება ეს უკეთეს შედეგებში გამოიხატოს, მაგრამ ეს უკეთესი შედეგებიც დასანახი და ხელშესახები არ არის. ამიტომ სერიოზულ კომპენსაციას განიცდის ადამიანი, როცა თავისი ხელით რაღაცას ქმნის.
კაფელიც გაგიკრავთ?
- კი, გამიკრავს. ბევრად უფრო ძვირი მიჯდება, როცა მე ვაკეთებ და მუშა არ მომყავს. უფრო მეტ მასალას ვაფუჭებ, მაგრამ მაინც მირჩევნია. მუშას რომ მოიყვან, სწრაფად გაგიკეთებს, ის ასაყრელი არ გექნება და ა.შ.
ამით ოჯახის წევრებსაც როგორ გააწვალებთ.
- მათ ჰკითხეთ.
ვისთან ერთად ცხოვრობთ?
- ხან მშობლებთან და ხან ჩემს სახლში.
ალპინისტი ყოფილხართ. მოგვიყევით, რა დაგილაშქრავთ.
- პროფესიონალი ალპინისტი არ ვყოფილვარ. ასეთები ჩემი მეგობრები იყვნენ და მათთან ერთად დავდიოდი. კავკასიონზე, პამირზე ვყოფილვარ. ვერც ერთი ალპინისტი გიპასუხებთ კითხვაზე, რა სიამოვნებას იღებს ამ საქმიდან, რა არის ის ადრენალინი, რის გამოც ადამიანები ამაზე მიდიან. ახლა ვეღარ ვახერხებ. ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა.
ჯანმრთელობის პრობლემა უკვე მეორედ ახსენეთ. რა გაწუხებთ?
- ჩემი ჯანმრთელობის შესახებ დასკვნის გამოქვეყნების უფლებას მაშინ მოგცემთ, თუ ჯერ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაწერთ. ჯერ იმან დადოს თავისი ჯანმრთელობის ცნობა და მერე მე დავდებ!
სიგარეტს კი ეწევით გაუჩერებლად.
- ეს ძალიან ცუდი ჩვევაა. ბავშვების დაცვის შემდეგ მანდატურის სამსახურის ფუნქციას იმაში ვხედავ, რომ მე სიგარეტის მოწევა ამიკრძალონ! სამინისტროს თანამშრომლებს და მათ შორის მეც აგვიკრძალონ სიგარეტის მოწევა! ასე რომ, ერთი–ორი მანდატური სამინისტროშიც გვჭირდება.
რამდენი შვილი გყავთ?
- ერთი შვილი მყავს, 19 წლის ანა. მოსკოვში სწავლობს მენეჯმენტის ფაკულტეტზე.
მის დედასთან ერთად რატომ არ ცხოვრობთ?
- არ ვიცი. იცით, ჩემი სკოლის მასწავლებლები რატომ მიყვარდა? რომ მეტყოდნენ, გამოდი დაფასთანო, ვეუბნებოდი, არ ვიცი–მეთქი და მპასუხობდნენ, კარგი, დაჯექიო. ქართველ ჟურნალისტებში კი ერთი ტერმინია გავრცელებული – ჩაგეკითხებითო. ღვთის მადლით, ჩემმა არც ერთმა მასწავლებელმა იცოდა ასეთი "ჩაკითხება".
სამაგიეროდ ალბათ ორიანებს გიწერდნენ.
- არა, ხშირად არ მიწერდნენ ორიანებს, კარგად მექცეოდნენ. მეუბნებოდნენ, წყნარად იყავი, ნუ ურევო.
ესე იგი, ურევდით კიდეც!
- არ მითქვამს, რომ ვურევდი. უბრალოდ ჩემი საყვარელი მასწავლებლები არასოდეს მაწვალებდნენ. რომ ჩამკითხვოდნენ, შეიძლებოდა სკოლაში ფრიადოსანიც ვყოფილიყავი.
როგორც ჩანს, განათლების მინისტრს კარგად გესმით იმ ბავშვების, რომლებიც სკოლაში კარგად არ სწავლობენ. შვილს თუ უბრაზდებოდით, რატომ არ იცოდა ესა თუ ის გაკვეთილი? მაინტერესებს, როგორია თქვენი აღზრდის მეთოდი.
– ჩემს შვილს არ ვუბრაზდებოდი და არც დედაჩემი მიბრაზდებოდა. ყველა კონკრეტული შემთხვევა სხვადასხვაა. საკუთარი მაგალითის განზოგადება არასწორია. ჩემს სკოლაში იყვნენ ხუთოსნები, რომლებმაც კარგად ისწავლეს უმაღლესში და პირიქით – ვერ ისწავლეს უმაღლესში. მე ვიყავი სამოსანი, რომელმაც ძალიან კარგად ისწავლა უმაღლესში. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მშობელი და მასწავლებელი უნდა გრძნობდეს, რა სჭირდება ბავშვს. "სწავლა, სწავლა და სწავლა" ან "არ ისწავლო არაფერი" – არასწორია.
იდეალურ ვითარებაზე რომ ვილაპარაკოთ, აღზრდის ფუნქცია არის ის, რომ მოგცენ შესაძლებლობა, შენ აიღო ის აუცილებელი, რაც გჭირდება და პლუს განავითარო შენი ინდივიდუალურობა. სკოლაში ყოველთვის მაძლევდნენ შესაძლებლობას, ის მეკეთებინა, რაც მაინტერესებდა და ამის გამო არავის გავერიყე. მასწავლებლებს აინტერესებდათ, რას ვკითხულობდი. მეხუთე კლასში ისტორიამ გამიტაცა. მინიმუმს მაძლევინებდნენ, მაგრამ არასოდეს მეუბნებოდნენ, რომ ჩემთვის მომავალი დახურული იყო. როგორც კი ჩემი თავი ვიპოვე, რაღაც წითელზე დავამთავრე სკოლა.
არის ასეთი ფილოსოფოსი სუზუკი, რომელიც საინტერესოდ ყვება თავის თავზე. იაპონიაში ხელოვნების რანგშია აყვანილი იეროგლიფების წერა. სუზუკის ბავშვობაში იეროგლიფების წერის განსაკუთრებული, ფენომენური ნიჭი ჰქონდა და ამიტომ მასწავლებელთან მიიყვანეს. როცა იეროგლიფების წერის კანონები შეისწავლა, ამან ისე ჩაკეტა, რომ საერთოდ ვეღარ წერდა თუ ხატავდა და ამ მხრივ ვეღარაფერს მიაღწია. ამ დროს გამოჩენილი ფილოსოფოსი გამოვიდა. ის ნიჭი, რომელიც მას ჰქონდა, სწორედ სისტემამ ჩაკეტა. მთავარია, განათლების სისტემამ არ ჩაკეტოს ინდივიდუალიზმი და ის ნიჭი, რაც გაქვს.