საქართველოში კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე საბავშვო ბაღები თითქმის ერთი წელი უფუნქციოდ იყო. რეგულაციების შემსუბუქებისთანავე, 1 მარტს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მუშაობა განაახლეს. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი რეგულაციაა აღმზრდელებისა და ტექნიკური პერსონალის ტესტირება.
პირველ ჯერზე ტესტირების შედეგად რამდენიმე საბავშვო ბაღი კვლავ დაიხურა. ამჯერად, როგორც ჩანს, ზოგ საბავშვო ბაღების თანამშრომლებში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. for.ge-ს ერთ-ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელმა განუცხადა, კოვიდინფექციის დადასტურების შემთხვევაში საბავშვო ბაღები აღარ დაიკეტება: „ერთწლიანი შესვენების შემდეგ, 1-ელ მარტს ყველანაირი რეგულაციების დაცვით გავიხსენით. ძალიან კარგია, რომ ბაღის ყველა თანამშრომლებს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, ორ კვირაში ერთხელ, ტესტირება უტარდება. ერთადერთი ცოტა ის გვაშინებს, რომ ბავშები არ იტესტებიან, იმის მიუხედავად, რომ ყოველდღე თერმოსკრინინგი უტარდებათ. ახლა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თუ ბაღში რომელიმე პერსონალს კოვიდი დაუდასტურდება, სასწავლო პროცესი არ შეჩერდება და მხოლოდ დაინფიცირებული პირი გადავა თვითიზოლაციაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან ისედაც ძალიან დიდი ხანი ვიყავით დახურულები. ეს ბავშვებზეც აისახა, რადგან ჩვენთან ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ, თამაშობენ და ა.შ.“.
კოვიდ პანდემიის რეგულაციების დაცვის ფონზე, აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღების გახნის შემდეგ, ბავშვთა რაოდენობა შემცირებულია. იმის მიუხედავად, რომ მშობლების დიდი სურვილი იყო, ბაღები უფრო ადრე გახსნილიყო, მაინც თავს იკავებენ ბავშვების ბაღში ტარებისგან. თუ პანდემიამდე ყოველდღიურად 30-40 ბავშვი იყო ერთ ჯგუფში, ახლა მათი რაოდენობა 20-მდე დავიდა. მშობლებს მაინც ეშინიათ და განცხადებებს წერენ, რომ ბავშვებს გარკვეული პერიოდი კიდევ ვერ ატარებენ.
საბავშვო ბაღის აღმზრდელებში გავრცელებული ინფორმაცია, თბილისის საბავშვო ბაღების გაერთიანების სამინისტროში გადავამოწმეთ. როგორც for.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„არასწორი ინფორმაცია გაქვთ. კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევის გამოვლენისთანავე, ბაღი იკეტება და იზოლაციაში გადადის“, - გვითხრეს თბილისის ბაღების სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით 1-ელ მარტს საბავშვო ბაღების თანამშრომლების ტესტირების შედეგად, 46 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაიკეტა. თუმცა, დღეის მდგომარეობით ოთხმა ბაღმა მუშაობა განაახლა და ახლა 42 საბავშვო ბაღია დაკეტილი.
ცნობისთვის, თბილისში 183 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასამდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, ვიდრე პანდემიის გამო საბავშვო ბაღები დაკეტილი იყო, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ბაღებში ბავშვებისთვის საკვები პროდუქტი რიგდებოდა.
სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებზე პროდუქტი შვიდ ეტაპად გაიცა. პროექტზე 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. ნობათი, ჯამში, 50 000-ზე მეტმა აღსაზრდელმა მიიღო. პროდუქტების გაცემისას დაცული იყო კოვიდ-19-ის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.