კონსტანტინე გამსახურდია ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სახიფათოს უწოდებს და ერთ მარტივ შეკითხვას სვამს - რისი დამალვა სურს ხელისუფლებას უკიდურესად ანტირუსული განცხადებებითა და გამოხტომებით?
კარგა ხნის დუმილის შემდეგ ისევ გამოჩნდით პოლიტიკურ არენაზე...
- დღეს არ არის დუმილის დრო. ჩამოვედი, რათა ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს გამოხსნაში მზარდი პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სულიერი კრიზისიდან. ამჟამად ქვეყნისათვის განსაკუთრებულ საფრთხეს პროვოკაციული და გაუაზრებელი საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს. ავანტიურისტმა ხელისუფლებამ შეიძლება, კონფლიქტში ჩაგვითრიოს, რომელიც ნამდვილად არ დამთავრდება ჩვენს სასარგებლოდ - საბოლოოდ გაუცხოვდება და დავკარგავთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, რასაც მოჰყვება მსხვერპლი, ნგრევა, უამრავი დანაკარგი და ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად დაძაბვა ჩრდილოელ მეზობელთან. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი დაძაბულობის ისეთივე კერად გადაიქცეს, როგორიც ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარია.
ეს რა შემთხვევაში მოხდება?
- თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, სამშვიდობო კონტინგენტს ოკუპანტად გამოაცხადებს, სამხედრო ძალას გამოიყენებს და კონფლიქტის ზონაში ომს გააჩაღებს... არა მგონია, ასეთმა მიდგომამ სიკეთე მოგვიტანოს, მეტიც, ეს ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების წისქვილზე დაასხამს წყალს. გამორიცხული არ არის, რომ ხელისუფლების მიერ გაკეთებული ანტირუსული განცხადებები და გამოხტომები საერთაშორისო საფინანსო ლობებთან გარიგებას უკავშირდებოდეს, ანუ - ხელისუფლება გარედან იღებდეს მითითებებს. ამ ძალებისთვის საქართველოს საზღვრები ფასეულობას არ წარმოადგენს. მათთვის მთავარი ჩვენს ქვეყანაზე კონტროლის დამყარებაა. შეიძლება, სწორედ მათი სურვილით დაიწყოს საქართველოს ხელისუფლებამ საომარი მოქმედებები კონფლიქტის ზონებში. მავანი რუსეთისა და კარგად შეიარაღებული სეპარატისტების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში ქართული ჯარის ჩაბმას ცდილობს. შედეგად თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებენ და მსოფლიოს საბოლოოდ განუმტკიცდება წარმოდგენა ქართველების მერყევ, აგრესიულ და შოვინისტურ ხასიათზე. ამჟამად ეს ძალები იმავე ხერხებით ცდილობენ, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას მიაღწიონ. მოკლედ, შესაძლოა, ახალი სახელმწიფოების წარმოქმნისა და საზღვრების გადასინჯვის პრეცედენტი შეიქმნას. არც ის არის გამორიცხული, რომ საქართველოში სამხედრო თვალსაზრისით შემოვიდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, თუმცა, საბოლოოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე დავრჩებით, ანუ - ნატოსა და რუსეთის საზღვარი ენგურზე და გორთან გავა. ჩვენი ხელისუფლება დღეს ერთადერთი პრინციპით მოქმედებს - რაც შეიძლება მეტ ხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება! კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უნდა წავიდეთ რუსეთის წინააღმდეგ ასეთ აშკარა ვა-ბანკზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან საქართველოს მიმართ აგრესიული გეოპოლიტიკური დოქტრინის უარყოფა პრინციპულად მოვითხოვოთ. საქართველო ისედაც დაღდასმულია ეროვნულ კატასტროფაში თანამონაწილეების ცოდვით.
ანალოგიურ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია?
- არ დათმობდა თავის პრინციპებს! თუმცა, უფრო ფრთხილად იმოქმედებდა. არ დაიწყებდა რუსეთის გაღიზიანებას იაფფასიანი განცხადებებითა და ლანძღვა-გინებით. იგი ბევრ საინტერესო სვლას შემოგვთავაზებდა, საერთაშორისო დიპლომატიას სულ სხვა დონეზე აამოქმედებდა.
ზვიად გამსახურდია, გარკვეულწილად, სწორედ მის მიერ გაკეთებულმა მწვავე განცხადებებმა დაღუპა, - დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო...
- გარწმუნებთ, რომ დასცლოდა და შევარდნაძის ფაქტორი არ ამოქმედებულიყო, ანუ, იზოლაციაში არ მოექციათ, დღეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა ქვეყანაში. სწორედ შევარდნაძისა და მისი მეგობრების დამსახურებით დასწამეს ზვიად გამსახურდიას დიქტატორობა.
როგორ ფიქრობთ, დღეს აქვს რაიმე გავლენა შევარდნაძეს თუ საბოლოოდ გავიდა პენსიაზე?
- არა, შევარდნაძე დღევანდელ ხელისუფალთა ნომერ პირველი მრჩეველია! დარწმუნებული ვარ, დაჭერებისა და ფულის გამოძალვის შესახებ გადაწყვეტილებებს შევარდნაძესთან შეთანხმებით იღებენ, მაგრამ არც ამ ხელისუფლებას მოუტანს მისი რჩევა-დარიგებები სიკეთეს, ედუარდ შევარდნაძეს არ ვთვლი დუპლომატად, იგი, უბრალოდ, ინტრიგანია.
რა მეთოდებით აღუდგებით წინ ხელისუფლების დამღუპველ პოლიტიკას?
- საბოლოოდ დავბრუნდი საქართველოში და, რაც ჩემს შესაძლებლობებში შედის, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხელისუფლებამ გამოუსწორებელი, საბედისწერო შეცდომა არ დაუსვას. არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ შემტევი ვიქნები, თუმცა, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ რუსეთის სამოქალაქო ომის გმირს - ჩაპაევს დავემსგავსო.