მარადონამ მორიგი სკანდალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი შექმნა. აი, რა თქვა ლეგენდარულმა არგენტინელმა:
„1990 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებთან მატჩში ბრანკოს როინპოლით გაჯერებული წყლის ბოთლი მივაწოდეთ. ბრაზილიელს იმდენად სწყუროდა, რომ ბოთლი სულისმოუთქმელად გამოცალა. ცხადია, შედეგმაც არ დაახანა და საბრალო ბრანკო საშინელმა მუცლის გვრემამ შეიპყრო. ამით კი ჩვენ მის სახიფათო საჯარიმო დარტყმებს ავარიდეთ თავი“.
მარადონას სიტყვებს მართლაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, რომ არგენტინის ნაკრების დამრიგებელი მაშინ კარლოს ბილარდო იყო. ის ამავდროულად გუნდის ექიმის ფუნქციებსაც ითავსებდა. ამიტომ დიდი დიეგოს მიერ გახმაურებულმა საიდუმლომ საზოგადოების ინტერესის ეპიცენტრში სწორედ ბილარდო მოაქცია. წყალში როინპოლის გარევა მხოლოდ მისი იდეა იქნებოდაო.
სენიორ კარლოსი საშინელ დღეში აღმოჩნდა. მას უამრავი ჟურნალისტი უკავშირდება და კომენტარს სთხოვს. ლეგენდარული საფეხბურთო სპეციალისტი თავდაპირველად არაფერს ამბობდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, საგანგებო პრესკონფერენცია გაემართა და განემარტა:
„ამ საქმესთან არანაირი საერთო არ გამაჩნია. მე პატიოსანი ადამიანი ვარ და მსგავს უნამუსობას არ ვიკადრებდი. შეუძლებელია, ბრანკოს მოწამვლაში ვინმემ დამადანაშაულოს. ისე კი, ფაქტი მართლაც მოხდა. როგორც ჩანს ვიღაცამ ბოროტად იხუმრა, მაგრამ ახლა დამნაშავის აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია“.
ბილარდოს დიდი ავტორიტეტი აქვს და მის გულწრფელობაში ბევრი ეჭვს არ შეიტანს, მაგრამ სებასტიანო ლაზარონი მათ კატეგორიას არ განეკუთვნება. ბრაზილიის ნაკრების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი ბილარდოსა და არგენტინის ეროვნული გუნდის მასაჟისტის სამაგალითოდ დასჯას ითხოვს.