„როდესაც შვილი გყავს მკვდარი, გამარჯვებულად თავს ვერ ჩათვლი, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, აბსოლუტურად ობიექტური შედეგი დადგა“

„როდესაც შვილი გყავს მკვდარი, გამარჯვებულად თავს ვერ ჩათვლი, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, აბსოლუტურად ობიექტური შედეგი დადგა“

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეებსა და პოლიციას შორის არსებული შეხლა-შემოხლის შედეგად სამართალდაცველებმა რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანეს.

ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. როგორც არჩილ გაგნიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატებმა for.ge-თან საუბრისას განაცხადეს, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

უკვე მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის მოსაზრებით მოსამართლემ გადაწყვეტილება ვარაუდით მიიღო.

„აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონთან და სამართალთან არაფერი კავშირი არ აქვს. ეს არის ნაკარნახევი გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ბიძინა სტურუას დაევალა და რომელიც მან შეასრულა როგორც მორჩილმა მონამ. სამაგიეროდ, ის მიიღებს უზენაესი სასამართლოს მანტიას. პოლიტიკური რა შუაშია? - რა შუაშია და, როდესაც საზოგადოება ითხოვს, რომ გაასამართლე ხალხი, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა მტკიცებულებები - როდესაც ამის საფუძველზე ასამართლებ არა კანონის საფუძველზე, მაშინ პოლიტიკურია. როდესაც ამ სასჯელს სამართლებრივი მიზანი არ აქვს და აქვს სხვა მიზანი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განუცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა for.ge-ს.

კოლეგის მოსაზრებას იზიარებს ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი, შოთა კახიძეც.

„აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა. ამ გადაწყვეტილების დასაბუთება შეუძლებელია, ვინაიდან არც ერთი სახის მტკიცებულება არ მოიპოვება საქმეში, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ბრალეულობას დაადასტურებდა. ცალსახად, სასამართლომ დაკვეთა შეასრულა. ასე რომ ვთქვათ, მოსამართლემ უბრალოდ გამოაცხადა გადაწყვეტილება.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსამართლე ბიძინა სტურუას არანაირი პროფესიული ღირსება არ გააჩნია. მან პროფესიული ღირსება გაცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიაში. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, აღნიშნულ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება ჰქონდა. ის არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი და, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებით ის ამ თანამდებობას მოიპოვებს.

რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმებს, 1 თვე გვაქვს გასაჩივრების ვადა. ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასჩივრებთ. თუმცა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებიდან გამომდინარე ჩვენ თავისუფალი სასამართლო არ გვაქვს. არც იმის მოლოდინი გავქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას შეცვლის და უდანაშაულო ადამიანებს გაათავისუფლებს. თუმცა, ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ დავადასტუროთ უკვე მსჯავრდებულების უდანაშაულობა. ასევე, ვაპირებთ საერთაშორისო სასამართლოსაც მივმართოთ“, - გვითხრა ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა.

რატომ თვლის ადვოკატი შოთა კახიძე, რომ საქმე პოლიტიკურია, როცა 19 წლის ფეხბურთელს პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებდა, ის ასე გვპასუხობს: „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს საქმე პოლიტიკურად სენსიტიური იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც საქმეში რომელიმე ფიგურანტი უნდა იყოს პოლიტიკოსი. აქ საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც გიორგი შაქარაშვილი ჯერ დაიკარგა და შემდეგ გარდაიცვალა, საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა, მათ შორის დაინტერესებულმა პირებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალება დაუკავშირეს მის მკვლელობას. საზოგადოება ითხოვდა დამნაშავეების მოძებნას და დასჯას. პროკურატურამ კი წნეხს ვერ გაუძლო და მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამიტომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს ბრალი წაუყენეს - ჩვენ ამ კუთხით ვსაუბრობთ. გასული წლიდან მოყოლებული, დღემდე ეს საქმე აქტუალურობას არ კარგავდა. ყველა მედია საშუალება ამას აშუქებდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ხელისუფლებისთვის ეს საქმე პოლიტიკურად მგრძნობიარე იყო. ბუნებრივია, მოსამართლეები ჩვეულებრივ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ. სამართლიანობით არც ბიძინა სტურუა გამოირჩევა“,- განუცხადა for.ge-ს შოთა კახიძემ.

აღნიშნული საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულების ბრალეულობას ადასტურებს.

„ამ შემთხვევაში მტკიცებულებები არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე იყვნენ და უშუალოდ ხედავდნენ, ისმენდნენ ყველა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებას, მათ შორის იმ გარემოებას, თუ როგორ გადაუჭრეს გიორგი შაქარაშვილს გზა, როგორ მისდევდა მას ნაწილი მათგანი და შემდგომ უკვე მდინარის მიმართულებით როგორ მიმდინარეობდა დევნა და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა გარემოება, რომელიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ახლდა - იქამდე განხორციელებული დევნა, მოტივაცია და ყველა ეს გარემოება არის სასამართლოში დამტკიცებული და დღეს გამოჩნდა, რომ უტყუარად გაიზიარა სასამართლომაც ბრალდების მხარის პოზიცია“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

მან დაცვის მხარის მიერ განაჩენის შეფასებაზეც გააკეთა კომენტარი.

„რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ისინი არასდროს იქნებიან კმაყოფილები, თუმცა ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება და დაცვის მხარეს, გარდა იმისა, რომ რაიმე სახით მოახდინონ დისკრედიტაცია ბრალდების მხარის, მოწმეების, სასამართლოსი, სხვა არაფერი დარჩენიათ“, - დასძინა პროკურორმა.

სხდომას ესწრებოდა გიორგი შაქარაშვილის დედაც, რომელმაც სასამართლოს დაწყებამდე განაცხადა, რომ ხუთივე ბრალდებულს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოუტანოს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ კი, მას კომენტარი აღარ გაუკეთებია.

თუმცა, for.ge გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სამართალი აღსრულდა.

„როდესაც შვილი გყავს მკვდარი, გამარჯვებულად თავს ვერ ჩათვლი, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, აბსოლუტურად ობიექტური შედეგი დადგა. ეს იყო ერთადერთი შედეგი, რომელიც უნდა დამდგარიყო. ვთვლით, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით დამნაშავეები დაისაჯნენ. უბრალოდ, სასჯელის თვალსაზრისით, სისხლის სამართლის კოდექსი მეტ საშუალებას არ იძლეოდა, თორემ ისინი მეტის ღირსები არიან ახალგაზრდა უდანაშაულო ბავშვის მოკვლისთვის. ეს არის ოჯახის პოზიცია.

რაც შეეხება იმ 2 არასრულწლოვანს, მათთან მიმართებაში დარჩენილია მხოლოდ სასჯელის მისჯა, თორემ ჩადენილი დანაშაულისთვის ისინიც გამტყუნდნენ. გადადებით იმიტომ გადაიდო, რომ არასრულწლოვნები არაინ და მათ მიმართებაში არასრულწლოვანთა კოდექსიდან გამომდინარე, სასჯელის სპეციალური დაანგარიშებაა საჭირო. ახლა რთულია იმის თქმა, მოცულობით რა სასჯელი იქნება. ფაქტია, რომ ისინიც დამნაშავედ არიან ცნობილნი“, - გვითხრა მირიან ნიკოლაძე.

ცნობისთვის, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. აღნიშნულს წინ უსწრებდა მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს მსჯავრდებულ ვახტანგ ჩიქოვანს.

მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, დაბადების დღე სხვებთან ერთად გიორგი შაქარაშვილმაც დატოვა და თბილისის მიმართულებით გაემართა. შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს ჯერ, თბილისიდან წამოსული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები დაესხნენ თავს, შემდეგ კი, „ტოიოტაში“ მყოფები.

პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფებს თავს დაესხნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, ა.ქ. და ზ.ხ. არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მათ და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი და დანარჩენები, გაიქცნენ. გურამ ამირხანაშვილი, ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი ქათამაძე დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. თავდამსხმელებმა გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.

XALIBI განზრახ მკვლელობის მუხლით ადამიანი რომ გაასამართლო, პირველ რიგში გამოძიებამ მოტივი უნდა დაასაბუთოს, რაც არ გაუკეთებიათ. სარალიძის საქმისგან შეშინებულებმა, უამრავი უაზრობა გააკეთეს და პროკურატურის ვარაუდზე, არა ფაქტებზე დაყრდნობით, არამედ ვარაუდზე დაყრდნობით გამოიტანეს განაჩენი...... ეს ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანს....
2 თვის უკან