„ეს არის ის ჩანაწერები, რატომაც აუხსნელია რამდენიმე პარტიის ლოიალობა სააკაშვილის მიმართ, შესაძლოა, ისინი შანტაჟის მსხვერპლნი არიან“

„ეს არის ის ჩანაწერები, რატომაც აუხსნელია რამდენიმე პარტიის ლოიალობა სააკაშვილის მიმართ, შესაძლოა, ისინი შანტაჟის მსხვერპლნი არიან“

„2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 3 კვირაში, როდესაც სამინისტროებში ახალი ადმინისტრაცია შევიდა, ეს ფაილები დახვდათ კომპიუტერებში. იმიტომ კი არა, რომ დარჩათ, არამედ სპეციალურად იყო გაკეთებული. ამით აჩვენეს - გვაქვს, არსებობს! თან ამით შექმნეს პრევენცია, რომ მომავალში მათი გავრცელების გამო არავინ არ ყოფილიყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, ამით გაქრა დასჯის მექანიზმი, მაგრამ პასუხისმგებლობა, ცხადია, გადადის შემქნელზე. აქ სწორედ მთავარია, პირველ რიგში, შემქმნელი და ის, რომ ჩანაწერების ფაილია გაკეთებული“, - აცხადებს for.ge-სთან პოლიტოლოგი გურამ ნიკოლაიშვილი.

for.ge გურამ ნიკოლაიშვილს ესაუბრა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც ბერა ივანიშვილი არასასურველი კომენტარების გამო, ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ჩუბინიძეს რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდათ დღეს ასეთი შინაარსის ჩანაწერის გამოქვეყნება, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის?

გურამ ნიკოლაიშვილი: ამ ჩანაწერის მხოლოდ ნაწყვეტი ვნახე. 24 საათი ტრიალებდა ტელევიზიებში და, რა თქმა უნდა, ამის ჩვენება ემსახურება საზოგადოებრივი აზრის შექმნას იმ ფორმით, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ. თავად ჟურნალისტი, იმ სიუჟეტის ავტორი ასეთი ფაბრიკაციებით არის განთქმული, ეს მისი ხელწერაა, სხვა რამეს ვერ აკეთებს, ის ჩანაწერებს, რაღაცა ფრაზებს აძლევდა განმარტებებს. ვნახეთ, ბავშვი სახლში ყვებოდა სკოლის ამბებს, რაც თარგმნეს ისე, თითქოს ეს ხდება დღეს და, რომ ეს არის ვიღაცის დატერორება, განადგურება. აი, ამ შეფასებით ავრცელებენ ჩანაწერს, რომლის მიზანი არის ის, რომ მოახდინონ ადამიანების შეხედულებების ფორმირება და შემდეგ ეს გადაზარდონ პროტესტში.

რაც შეეხება კითხვას - რატომ? - მიხელ სააკაშვილის აპოლოგეტების, მისი მედია–პროკურორის, ნიკა გვარამიას და პრესა.გე–ს რედაქტორის სტატუსები ვნახე (ესენი ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან) და მათ საბოლოო ჯამში დაადასტურეს რაც სურთ - რა პლებისციტი ხალხო, ნახეთ, სად ვცხოვრობთ, ვინ გვმართავს. ანუ, მიზანი იყო სწორედ ეს. მიხეილ სააკაშვილს აინტერესებს ერთადერთი რამ – რევანში და ძალაუფლების დაბრუნება.

რამდენად შეძლებს ძალაუფლების ამ გზით დაბრუნებას?

– ძალაუფლების ნებისმიერი გზით დაბრუნებას ცდილობს და რა გზასაც ნახულობს, იყენებს ბოლომდე. ნახა, რომ დამარცხდა „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც არჩევნებზე მასზე ორჯერ მეტი ხმა აიღო. მეორე მხრივ, მან გაიმარჯვა დანარჩენ ოპოზიციაზე - ჯამურად, დანარჩენ ოპოზიციაზე მეტი ხმა აიღო. აქედან გამომდინარე, მან თქვა: ახლა, ყველა გაერთიანდებით ჩემს ირგვლივო, რითაც საერთოდ მოკლა პროპორციული არჩევნების იდეა, რომლის ჩაგდებას ერთი წელი ჯერ თვითონვე აპროტესტებდნენ და შემდეგ მთელი ევროპა ჩამოიყვანეს. პროპორციული არჩვენების იდეა იყო პლურალისტური პარლამენტი, მეტი პარტიის წარმოდგენა პარლამენტში, მაგრამ ეს იდეა იმ წუთში ჩააგდო, როგორც კი არჩევნები წააგო. იმ მოტივით, რომ ვითომ არჩევნები გაყალბდა, გადავიდა ბოიკოტზე, მაგრამ ეს პროცესი ჩიხში შევიდა, ვინაიდან ჩამოინგრა მათი პოზიცია. არანაირი გაყალბება არ ყოფილა, დოკუმენტები დაიდო, გამოქვეყნდა ეუთოს დასკვნაც. მანამდე ჩამოსული იყო ბატონი მიშელი, დაიწყო მოლაპარაკების პროცესი და გამოსავლის ძიება, რომ საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დარჩეს ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში.

რაც არ აწყობს მიხეილ სააკაშვილს?

– არავითარ შემთხვევაში არ აწყობს. ამიტომ წავიდა უკიდურეს ქმედებაზე და მას მოუწია საკუთარი თავის გაშიშვლება, რითაც აჩვენა – დიახ, მე ისევ მაქვს ფარული ჩანაწერები. დიახ, აღარ მჭირდება სადღაც ამის აკრეფა, მყავს ტელევიზიები, რომლებიც ასე უტიფრად პირდაპირ დადებენ მას. დიახ, ეს ჩანაწერები შეიძლება მქონდეს თქვენზეც - არასამთავრობო სექტორზე, პოლიტიკოსებზე. სწორედ ეს არის ის ჩანაწერები, რატომაც აუხსნელია რამდენიმე პარტიის ლოიალობა სააკაშვილის მიმართ. ახლა გასაგებია ის ეჭვი, რაც არსებობდა - შესაძლოა, ისინი შანტაჟის მსხვერპლნი არიან. სააკაშვილი კი ამ ჩანაწერებით ოპოზიციას ემუქრება - დიახ, თქვენ თუ წახვალთ მოლაპარაკების პროცესში, ისევ ავურევ საზოგადოებრივ აზრს. ამას გააკეთებს ყოველთვის, ვიდრე პოლიტიკური პარტიები არ გაემიჯნებიან ამ დესტრუქციულ პოლიტიკას და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას – სად არიან.

როგორ ფიქრობთ, გაემიჯნებიან სააკაშვილს, ამის გამბედაობა ჰყოფნით? ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა აშკარად არის, ყველას უნდა საკუთარი დღის წესრიგის შემოტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისევ სააკაშვილის გარშემო ტრიალებენ, ვერ ემიჯნებიან...

– ქართულ პოლიტიკას აქვს ორი მდგენელი, პირველი, ეს არის დასავლეთი, რომელიც მთავარი ლეგიტიმატორია. დასავლეთი დემოკრატიის ხარისხს და პროცესს აფასებს საელჩოების და სხვადასხვა წარმომადგენლობების მეშვეობით. ამ შემთხვევაში საჭიროა დასავლეთის მხარდაჭერა რაღაცა პროცესის მიმართ, რომელსაც მერე ამომრჩეველს გადავუთარგმინით – აი, საით არის ვექტორი, დასავლეთი ვის უჭერს მხარს და ა.შ.

რაც შეეხება მეორე მდგენელს, ეს არის ამომრჩეველი, რომლის განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სააკაშვილის მმართველობას ამომრჩევლის დიდი ნაწილი მხარს აშკარად არ უჭერდა, მაგრამ გვახსოვს, რა ძალადობას და მანიპულაციას მიმართავდა, ცალკე პროგრამა ჰქონდა გამზადებული დასავლეთისთვის. ამიტომაა, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ვერ იღებენ სახალხო მხადაჭერას. ჩვენ ვნახეთ NDI–ის კვლევა, სადაც ამომრჩევლის 76% ემხრობა პარტიების პარლამენტში შესვლას, ძირითადად ოპოზიციურ ამომრჩეველზე არის ლაპარაკი. ჩვენ ვხედავთ დასავლეთის განწყობას, რომელიც ცალსახად არ არის მათ მხარეს. ჩვენ ვხედავთ „ქართულ ოცნებას“ რომელიც მზად არის, რომ ერთი მხრივ დაიცვას სახელმწიფო და არ მისცეს საბოტაჟს გავრცელების საშუალება და იმ ბოიკოტს, რასაც ბატონი ნიკა მელია აპირებდა. დღეს ის არის იქ, სადაც თვითონ გადაწყვიტა, რომ იყოს. მას ჰქონდა ათასი შესაძლებლობა, ყოფილიყო თავისუფლებაზე და გირაოს გადახდით გაეგრძელებინა ის, რასაც აკეთებდა. ამიტომ, ვერავის ვერ დააჯერებს, რომ პოლიტიკური პატიმარია.

აი, ამ ფონზე, ცხადია, რომ ამ პარტიებს არ დარჩებათ არანაირი რესურსი, ან რა უნდა გააკეთონ? პირდაპირ წერენ – რა დროს პლებისციტიაო, რომელიც ნიშნავს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. თუ ქართველმა ხალხმა არჩევნებზე განაცხადა, რომ ჩვენ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნების შედეგებსო, დამთავრებული ამბავია, ვიცხოვრებთ ამ კონფიგურაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში.

სააკაშვილს პლებისციტი არ უნდა, უნდა რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ შანსი არ აქვს გამარჯვების, ეს ხომ იცის...

– ის იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, ვერ შედგა. სააკაშვილის პოზიცია არის ასეთი – მე, ყველაფერს გავაკეთებ მანამდე, სანამ რეალურად არ ავიღებ ხელისუფლებას. იმას ხომ ვერ იტყვის, რომ რევოლუცია უნდა მოხდესო.

არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა არ აქვს...

– ჩვენ ხომ გვესმის, რომ ის ყოველთვის ცდილობს ახალ–ახალ კონფიგურაციას. ახლა, რა თქმა უნდა, რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას დაერქმევა ის სახელი, რომ აი, დავანიშნინეთ არჩევნებიო. ეს არის პროპაგანდა, ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც მას დარჩა. მას მიაჩნია, რომ პროპაგანდის მეშვეობით, კვლავინდებურად შეძლებს შექმნას გამარჯვების ილუზია. თუ, ვერ გაიმარჯვა, მაშინ - გაყალბების. ასე გააგრძელებს მანამ, სანამ ამის ენერგია ექნება. აქედან გამოსავალი არის ის, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, დაარქვას თავისი სახელი და იცოდეს რა რადიკალურ და მარგინალურ ძალასთან აქვს საქმე, რომელსაც არ უნდა გაუწიოს ანგარიში. ამომრჩევლის უმრავლესობა ამას აცნობიერებს და ამიტომ ვერ ვხედავთ ვერანაირ პროტესტს. აქტივისტების გარდა, ქუჩაში ვერ ვხედვათ ვერავის. ამ დესტრუქციას მისი ამომრჩეველიც ხვდება.

დავუბრუნდეთ ისევ აუდიო ჩანაწერს, მთავარი აქცენტი გადატანილია პრემიერ–მინისტრზე. ოპოზიცია და მასთან ასოცირებული მედია პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი. რატომ არის აქცენტი პრემიერზე გადატანილი, რატომ დადგა მათ დღის წესრიგში ღარიბაშვილის გადადგომის აუცილებლობა?

– ჯერ, მინიმუმ, გამოძიება უნდა დაიწყოს, რომ გავარკვიოთ რა და როგორ არის. რა გადადგომაზეა ლაპარაკი?! რაც შეეხება რატომ ირაკლი ღარიბაშვილი? – საქმე ისაა, რომ ახალი პრემიერ–მინისტრის უშუალო მონაწილეობით დავინახეთ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, პირველი – ბატონი ნიკა მელიას დაკავება და ციხეში მიბრძანება. მეორე – ღარიბაშვილმა გამოავლინა გაბედულება, რაც სჭირდებოდა ამ სპეცოპერაციის პოლიტიკურ მხარდაჭერას, იმ რისკების აღებას, რაც ვერ აიღო წინა პრემიერმა და მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ მოლაპარაკების მაგიდა, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ერთად, სადაც „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმოდგენილი იყო პრემიერმინისტრი, რომელიც მშვენივრად იჯდა, არ უჭირდა გამკლავებოდა იმ ფორმატს, დაეცვა თავისი პოზიცია და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათ ნახეს, რომ პრემიერი არ არის ლოიალურობით გამორჩეული, რომელიც ერთხელ უკვე იყო პრემიერმინისტრი, რომელმაც შეიძინა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურის შტრიხები.

რაც შეეხება ჩანაწერებს, ამის მეტი რა აქვთ, მაგრამ გამოქვეყნდა სწორედ ის ჩანაწერი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაცია და ამითი მთლიანად პროცესის ბლოკირება უნდა გამოეწვია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რას იზამენ პარტიები და სად დადგებიან. გავიგე, შეიძლება ტექსტებზე ყველა აღშფოთდეს პერსონალურად, მაგრამ პირველი ქვა იმან ისროლოს, ვისაც ცუდი სიტყვა არ უთქვამს, არ შეუგინებია, მაგრამ რაც შეეხება ამის ფიქსაციას, ეს მოკითხონ თავიანთ თავს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ამ ყველაფერს სისტემატურად იწერდნენ. მესამე, გავიგეთ ეს ყველაფერი, შეფასება, აღშფოთება, ფეისბუქ პოსტების გამოცხობა და მერე? რაც უნდათ ის მოითხოვონ, ისედაც საკმარისზე მეტს ითხოვენ და თუ კიდევ დაამატებენ, არაფერი შეიცვლება. ლაპარაკია იმაზე, რა უნდა მოხდეს მომავალში და რას ეუბნებიან იმ შუამავალ რგოლს, დასავლელ დიპლომატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ პოლიტიკური პროცესის წარმართვას. იმას რა პასუხს ეუბნებიან? – ბერამ რაღაცა სიტყვა თქვა 8, თუ 9 წლის წინ და მოლაპარაკება აღარ უნდა გაგრძელდეს? მაშინ თქვან ეს.

მტკიცებულებით ფორმაში რთულია საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, ძალოვან უწყებაშიც არის პრობლემა. პერიოდულად გამოდის ამ უწყებებიდან ფარული ჩანაწერები და ხვდება ისევ სააკაშვილის მიერ მართული ტელევიზიების ეთერში...

– იმდენი ხანია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, რომ ძველ კადრებზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია. საკმარისი დროა გასული, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ამას ვიდეო–კადრებს უკავშირებთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 3 კვირაში, როდესაც სამინისტროებში ახალი ადმინისტრაცია შევიდა, ეს ფაილები დახვდათ კომპიუტერებში. იმიტომ კი არა, რომ დარჩათ, არამედ სპეციალურად იყო გაკეთებული. ამით აჩვენეს - გვაქვს, არსებობს! თან ამით შექმნეს პრევენცია, რომ მომავალში მათი გავრცელების გამო არავინ არ ყოფილიყო პასუხისმგებელი. შესაბამისად, ამით გაქრა დასჯის მექანიზმი, მაგრამ პასუხისმგებლობა, ცხადია, გადადის შემქნელზე. აქ სწორედ მთავარია, პირველ რიგში, შემქმნელი და ის, რომ ჩანაწერების ფაილია გაკეთებული.

როდესაც ამ ჩანაწერებზე არის ლაპარაკი, საინტერესო იქნება ბატონი გუბაზ სანიკიძე მიიწვიონ ტელევიზიებმა, ალაპარაკონ და თან გაახსენონ, თავის დროზე რას იძახდა, როდესაც მის წინააღმდეგ გამოქვეყნდა ჩანაწერი, მაშინ რა კომენტარი ჰქონდა და ახლა როგორ შეაფასებს ამას?

უნდა ველოდოთ, რომ სააკაშვილის მხრიდან მსგავსი ჩანაწერების კიდევ გამოქვეყნებას?

– მე ერთი რამ ვიცი, მას თუ რამე აქვს ან ჩაუვარდება ხელში, ამას აუცილებლად გამოიყენებს, ნებისმიერ ფასად. ეს არის ავანტურისტი, მავნებელი ადამიანი, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, ოღონდ სანაცვლოდ მიიღოს რაც სურს. მას უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება და ამისთვის ეშმაკსაც შეეკვრება. კიდევ რა აქვს ხელთ, მე ეს არ ვიცი.