„როცა ცალკეულ ჟურნალისტზე ფარული ჩანაწერი გავრცელდა, ვერ გაბედეს თქმა, რომ ჩანაწერი გაკეთდა სააკაშვილის პერიოდში - ეშინიათ, ხვალ შეიძლება უარესი გამოუქვეყნონ“

„როცა ცალკეულ ჟურნალისტზე ფარული ჩანაწერი გავრცელდა, ვერ გაბედეს თქმა, რომ ჩანაწერი გაკეთდა სააკაშვილის პერიოდში - ეშინიათ, ხვალ შეიძლება უარესი გამოუქვეყნონ“

სოზარ სუბარის ადასტურებს, რომ ფარული ჩანაწერების შავი არქივი არსებობს, რომელიც სრულად გატანილი აქვს მიხეილ სააკაშვილს და სხვა ყოფილი თანამდებობის პირებს. უმრავლესობის წევრის განმარტებით, ამ ჩანაწერებს იყენებდნენ ადამიანების დასაშანტაჟებლად, რაც კარგად გამოჩნდა უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ცალკეული პირების, როგორც ჟურნალისტის, ასევე პოლიტიკოსის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ხაზგასმა იმისა, რომ ეს ჩანაწერი მოპოვებული იყო სწორედ სააკაშვილის პერიოდში, რადგან დაშინებული არიან, ვინაიდან ხვალ შეიძლება კიდევ უარესი გამოუქვეყნონ.

for.ge სოზარ სუბარს ესაუბრა.

ფარული აუდიო ჩანაწერში, რომელიც „ტვ პირველმა“ გაავრცელა, ტელეკომპანიის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ჩუბინიძეს. მთავარი აქცენტი გაკეთებულია პრემიერ–მინისტრზე. რატომ ირაკლი ღარიბაშვილი და რა არის ამის მიზეზი?

სოზარ სუბარი: დავიწყებ იმით, რატომ გამწარდნენ ასე ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებით. ირაკლი ღარიბაშვილი იყო „ქართული ოცნების“ დაარსების პირველი წუთებიდან უერთგულესი თანამებრძოლი, რომელმაც მართლა ყველაფერი გადაიტანა, ოჯახის წევრების დაჭერით, მუქარით და ყველანაირი შევიწროვებით, რომ რამენაირად ჩამოეშორებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან იცოდნენ მის გადაბარებას ვერ მიაღწევდნენ.

როცა ამას ვერ მიაღწიეს, დაიწყო  წარმოუდგენელი ცილისწამების კასკადი და კამპანია მის წინააღმდეგ. სხვათა შორის, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მაშინ სიხარულის ჟრიამული ჰქონდა ოპოზიციას, მაშინაც არანაკლები ცილისწამებები და თავდასხმები წამოვიდა, მაგრამ ზუსტად მაშინ ვამბობდი პირადად და ძალიან ბევრმა ჩვენმა თანაგუნდელმა თქვა, რომ ირაკლი წავიდა მაშინ, როდესაც თუ შეიძლება ითქვას, ერთ–ერთი მთავარი გამარჯვება მოუტანა საქართველოს – ეს იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომლის თანმდევი და მიმყოლი დოკუმენტები იყო: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული მიმართულებით ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება იყო პირველი ნაბიჯი და მას შემდეგ, ამგვარი ნაბიჯი არ გადაუდგია საქართველოს და შეუძლებელი იყო, რომ არა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. სწორედ, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ის პრემიერ–მინისტრი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ მიზნის მისაღწევად, რომლის ხელმოწერა ამშვენებს ამ დოკუმენტს. სწორედ მაშინ ვამბობდით, ირაკლი ღარიბაშვილი კი, წავიდა პრემიერობიდან, მაგრამ რჩება ჩვენს თანაგუნდელად, ის არასად არ წასულა და აუცილებად იტყვის სიტყვას საქართველოს მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

პრინციპში გუნდიდან არ წასულა, ის იყო პოლიტსაბჭოს წევრი, ბოლო წლების განმავლობაში იყო თავდაცვის მინისტრი და აქ საინტერესოა ისიც, რომ ნაციონალური მედია კონცენტრირებული იყო თავდაცვის მიმართულებით...

– აქაც, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როგორც თავდაცვის მინისტრი, ეს არის ადამიანი, რომლის პერიოდში საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციამ და თავსებადობამ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. მართლაც რომ, მსგავსი ურთიერთობა ნატოსთან არ ყოფილა და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანმა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის არჩეულია, დაურეკა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, რომელიც ასევე სულ რაღაც ორი დღის დანიშნულია. შედგა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იმის ხაზგასმით, რომ საქართველო არის ნატოს და აშშ–ის ერთ–ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი.

აი, ეს არის სწორედ ის, რაც არ მოსწონთ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაში, არ მოსწონთ არც მისი ძალიან მტკიცე პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულის, თუ აწმყოს მიმართ. ამიტომ იყო, რომ მართლაც გაცოფდნენ, როცა მისი, როგორც პრემიერის კანდიდატურა გამოცხადდა. ყველას გვახსოვს, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, როცა უმრავლესობის სხდომის მერე გამოვაცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, როგორ წაუხდათ იერი ოპოზიციურ ლიდერებს, რომლებიც ნაციონალების ოფისში იყვნენ შეკრებილები, ვეღარც ლაპარალობდნენ, კომენტარებს ვერ აკეთებდნენ, სიბრაზისგან სახეები ჰქონდათ დაღრეჯილი.

სხვათა შორის, უმრავლესობის შეკრებაზე ვთქვი – როცა გამოვაცხადებთ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას ის წამი იქნება იმედის ჩასახვა „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრებში და ნირის წახდენა ოპოზიციისთვის-თქო. ასეც მოხდა. მერე მოიკრიბეს ძალა და ეს ძალის მოკრება მათ ჩვეულ სტილში წარიმართა. დაიწყეს ფეიკების გავრცელება, დაიწყეს ტალახის სროლა, დაიწყეს სხვადასხვა დროს მოპოვებული ჩანაწერების კომბინაციებით და ფაბრიკაციით რაღაცა დანაშაულებრივი სიუჟეტების შექმნა.

დღეს, რა მიზანს ემსახურება ამ შინაარსის ფარული აუდიო ჩანაწერის გავრცელება, რომლის მთავარი გმირი პრემიერია?

– სწორედ ახლა, შარლ მიშელის ჩამოსვლის მერე, გარკვეულწილად, ოპოზიციის ნაწილში გაჩნდა მზაობა მოლაპარაკებებისადმი, გამოჩნდა გარკვეულწილად იმედი მათთვის, რომ შეიძილება თავი დაეღწიათ მათივე განცხადებების ტყვეობისგან თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგისგან, რომლის ტყვეობაში ასევე იყვნენ. სინამდვილეში, მათ ნაწილს აქვს სურვილი დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზუსტად ეს რომ ჩაეკეტა, ამიტომ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება ქვეყნის გარედან.

გულისხმობთ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციის მიმართ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე? თუმცა ამ საკითხმა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია...

– ეს განცხადება არ აღმოჩნდა საკმარისი. ძალიან ბევრი ოპოზიციური ლიდერი გაემიჯნა მის განცხადებას, მათ შორის მისივე პარტიის ზოგიერთი წევრიც. ამის შემდეგ გადადგა მეორე ნაბიჯი – ეს ფაბრიკაციები გამოაგდო იმისთვის, რომ ბოლომდე წასულიყო დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის. აქაც სწორედ მიხეილ სააკაშვილი და შალვა ნათელაშვილი იყვნენ ის პირველები, რომლებმაც მოიწონეს და გააზიარეს ეს ფაბრიკაცია, მორიგი ფეიკ–მახინჯობა და რაც არ უნდა საოცრება იყოს, ამ რიგში ჩადგნენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. პრაქტიკულად, ამით თქვეს, რომ ფარული ჩანაწერები და ფაბრიკაცია არის მოსაწონი საქმე.

იგივე პოზიცია აქვს სახალხო დამცველსაც...

– რაც შეეხება სახალხო დამცველს, საკმაოდ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ აკეთებს განცხადებას, სადაც ზრდილობის გულისთვის დაგმო უკანონო განცხადებები და შემდეგ მთავარი აქცენტი გააკეთა მის შინაარსზე. ანუ, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საერთოდ ნონსენსია.

როცა სახალხო დამცველი ასეთ შინაარსობრივ განცხადებას აკეთებს უკანონოდ მოპოვებულ ჩანაწერზე ისე, რომ მისი ავთენტურობა ჯერ დადგენილიც არ არის, ეს რას ნიშნავს? როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, როგორ ახსნით ლომჯარიას პოზიციას? მით უმეტეს, თქვენ იმ წლებში იყავით სახალხო დამცველი, როდესაც პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს ადამიანების ტერორს, ქუშაჩი ახალგაზრდების ჩაცხრილვას, პატიმრების წამებას, ფარულ მიყურადებას და ა.შ.

– სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის ბევრი განცხადება და ქმედება ძალიან სერიოზული მიკერძოებულობის კვალს ტოვებს. ეს მიკერძოულობა გამოჩნდა მის მიერ სასამართლოში გაგზავნილი შინაარსიდანაც, სადაც ის ლაპარაკობს არა საქმის შინაარსზე, არამედ პირდაპირ, დაუსაბუთებლად აკეთებს განცხადებას დავითგარეჯის საქმესთან დაკავშირებით, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური შინაარსის, რომ ეს იყო საარჩევნოდ გამოყენებული და, რომ დაკავებულები უდანაშაულონი არიან.

ამას აკეთებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ისე, რომ როგორც პროკურატურის განცხადებიდან გავიგეთ, სრულად არ გაცნობია საქმის მასალებს. არ გაცნობია ბრალდების მხარის პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე მზად იყო, მისი პოზიცია გაეზიარებინა. ეს სახალხო დამცველისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, როდესაც ბრალდება გეუბნება, რომ მე მზად ვარ, გადმოგცე ყველა მასალა, დაგისაბუთო ჩემი პოზიცია და შემდეგ გააკეთე შეფასება. ამის უფლება აქვს სახალხო დამცველს, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მან პირდაპირ, ცალმხრივი პოლიტიკური შეფასება მისცა საქმეს, რაც აბსოლუტურად სცილდება სახალხო დამცველის მანდატს. სამწუხაროდ, დღესაც მსგავს ქმედებასთან გვაქვს საქმე, რაც არც თუ ისე იშვიათია მის განცხადებებში, თუნდაც იგივე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

არ ფიქრობთ, რომ პრობლემა თავად ძალოვან სტრუქტურაშიც არის, ვინაიდან ინფორმაციები უწყვეტად გამოდის უწყებიდან, რომელბიც შემდეგ თავს იყრის ნოდარ მელაძის და ნიკა გვარამიას ხელში. მე, როგორც ჟურნალისტს ასეთ ინფორმაციასთან წვდომა არ მაქვს...

– იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ სააკაშვილის ჟურნალისტი, ეს ძალიან მარტივია. თქვენ, ძალიან კარგად გახსოვთ 2013 წელს „ქართული ოცნების“ მიერ განადგურებული რამდენიმე ასეული საათი ფარული ჩანაწერების, ეს იყო სწორედ მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი. ის ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელმაც ეს ჩანაწერები გაანადგურა. თუმცა ბუნებრივია, რომ არსებობდა ამ ჩანაწერების ასლები არა ერთი და ორი, რომელიც სრულად გატანილი აქვს სააკაშვილს და სხვა თანამდებობის პირებსაც.

ანუ, ე.წ. შავი არქივი არსებობს?

– ეს „შავი არქივი“ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ როცა ხელისუფლებაში მოვედით, ამისთვის არაერთი პირი გასამართლდა, პასუხისგებაში მიეცა და ათასობით ჩანაწერი განადგურდა. თუმცა, როგორც ჩანს, მათ „შავი არქივი“ წაღებული აქვთ და დღემდე იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად. ამის გამოვლინებაა ის, რაც ახლა ხდება – მორიგი ფაბრიკაციის გამოქვეყნებას აპირებენ და წინასწარ ატერორებენ საზოგადოებას.

ესაა ჩვეულებრივი დანაშაული, კრიმინალი. ეს ისევ სააკაშვილის ხელწერაა. ქურდს რომ ქუდი ეწვის, გამოჩნდა იქიდან, რომ სააკაშვილი იყო ერთ–ერთი პირველი, ვინც გააზიარა ის. ამაზე, სასამართლოს პირდაპირ შეუძლია, გამოსცეს ამკრძალავი ნორმა, რომელიც აკრძალავს ამ სიუჟეტის ეთერში გასვლას, მაგრამ ვიდრე საქმე სასამართლომდე მივა, კარგი იქნება, სახალხო დამცველმა გამოთქვას თავისი პოზიცია და შეაფასოს, რა ჰქვია ასეთი უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებას.

როგორც გითხარით, ამ ჩანაწერების ფაბრიკაცია და დამონტაჟება ხდება სრულად და ამას იყენებენ მაშინ, როცა სჭირდებათ. რატომ არ ხდება ეს ინფორმაციები თქვენთან? ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით წარმოუდგენელი რამ ხდებოდა სააკაშვილის დროს. სხვათა შორის ერთ–ერთ გადაცემაში მან აღიარა, რომ მის დროს ხდებოდა ამ ფარული ჩანაწერების გაკეთება, მაგრამ თვითონ არაფერ შუაში არ იყო და, რომ ეს იყვნენ სხვადასხვა უწყებებში ჩანერგილი ცუდი ტიპები. სინამდვილებში ამას ჰქონდა სისტემური და სისტემატური სახე.

რასაც მტკიცებულებად იყენებდნენ ადამიანების დასაკავებლად და გასასამართლებად...

– რა თქმა უნდა, ასე იყო. ამას არა თუ სისტემური ხასიათი ჰქონდა, არამედ რამდენიმე სხვადასხვა უწყებაში შექმნილი იყო ფარული ჩანაწერების მოპოვების ფაბრიკები. ეს ცალკე ჰქონდა კუდ–ს და სოდ–ს; ცალკე ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს, რომელიც არა მარტო შიგნით, საკუთარ თანამშრომლებზე, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებდა მსგავსი უკანონო ჩანაწერების მოპოვებას. იგივეს აკეთებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ფინანსური პოლიცია. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ უკანონო მასალას მოიპოვებდა. მერე ამას იყენებდნენ უკვე ადამიანების დასაშანტაჟებლად. რამდენად ეფექტურია ასეთი მასალა შანტაჟისთვის, ეს კარგად გამოჩნდა რამდენჯერმე, როდესაც უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ცალკეული პირების, ხან ჟურნალისტის, ხან პოლიტიკოსის ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ხაზგასმა იმისა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებული იყო სააკაშვილის პერიოდში. სამაგიეროდ, ყველა აქცენტი გადმოდიოდა „ქართულ ოცნებაზე“, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში შესაძლებელი გახდა ამის გამოქვეყნება.

როგორ ფირქობთ, რატომ ვერ გაბედეს იმის აღიარება, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდა სააკაშვილის დროს, ისევე როგორც ეს ჩანაწერი?

– იმიტომ, რომ დაშინებული არიან, ხვალ შეიძლება კიდევ უარესი გამოუქვეყნონ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს კადრები აქვს ძველი ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირებს, ეს კადრები გატანილია ქვეყნიდან და ძალიან ძნელია დაადგინო, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან და საიდან მოხდა მისი ატვირთვა და გავრცელება. ამის მიუხედავად ისინი აქცენტს აკეთებენ „ქართულ ოცნებაზე“, იმიტომ, რომ სააკაშვილის ეშინიათ.

უმძიმეს დანაშულთან გვაქვს საქმე, არ დადგა დრო, რომ გამოძიება დაინტერესდეს იმ ადამიანებით, რომლებიც დღესაც ძალოვან უწყებებში არიან დასაქმებულები?

– თავი დავანებოთ, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნება დანაშაულია, ასეთი ჩანაწერები არის ადამიანის ღირსების შელახვა - როდესაც პირადი ცხოვრება, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, ზღვარი არის წაშლილი პირად და საჯარო ცხოვრებას შორის. უფრო მეტიც, ამას ემატება მეორე დანაშაული, როდესაც ამ ჩანაწერების ფაბრიკაცია ხდება. ანუ, დანაშაულზე დანაშაულის დამატება ხდება და შეიძლება სრულიად უწყინარი ჩანაწერით ისეთი ფაბრიკაცია შექმნან, რომ ადამიანების სახელი შებღალონ. დანაშაულია ამის გავრცელებაში მონაწილეობის მიღება. გამოძიება თავის დროზე იყო დაწყებული, არაერთი პირი დაისაჯა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ გამოძიება ბოლომდე არ მივიდა. მაშინ საზოგადოებრივი აზრი, რა თქმა უნდა, მცირე ნაწილი, მაგრამ ცალსახად იყო განწყობილი იმისკენ, რომ ისტორიის ეს ფურცელი გადაგვეშალა, დაგვეხურა და დაგვევიწყებინა. როცა ასეთი ჩანაწერები არსებობს, თან ციფრულ ეპოქაში, როდესაც ერთი ასლიდან, შეიძლება ხუთასი ასლი გააკეთო, ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ საბოლოოდ მოსპე ის ჩანაწერი, რაც ერთხელ უკვე გაკეთდა.