„ოპოზიციას ჰგონია, რამდენიმე კვირაში ყველაფერი მორჩება, მიტინგს გამართავს, კარავს გაშლის, მერე კი ძლიერი ბიძა მოვა ამერიკიდან და ყველაფერს დაულაგებს“

„ოპოზიციას ჰგონია, რამდენიმე კვირაში ყველაფერი მორჩება, მიტინგს გამართავს, კარავს გაშლის, მერე კი ძლიერი ბიძა მოვა ამერიკიდან და ყველაფერს დაულაგებს“

ოპოზიციის გეგმა А ცნობილია-პიკეტირება, საპროტესტო აქციები დედაქალაქსა და რეგიონებში, კარვების გაშლა, ე.წ. გასვლითი აქციები ხან ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ხან სხვა მაღალჩინოსნის საცხოვრებელთან.

რა იქნება გეგმა A-ს ფინალი, ოპოზიციას ეს, ალბათ, განსხვავებულად ესმის. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი რადიკალიზაციაში ხედავს პოლიტიკური დივიდენდების მიღების საშუალებას, ან სულაც რევოლუციურ ფინალს უმიზნებს.

თვით ოპოზიციაშიც არიან არარადიკალურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც გეგმა A-ში გამოსავალს კი არა, ჩიხს ხედავენ, რასაც საბოლოოდ ოპოზიციის გამარგინალება მოჰყვება.

ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციას არც გეგმა A აქვს, არც გეგმა B და ისინი სპონტანურად მოქმედებენ, ელოდებიან რა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს.

თუკი ჩავთვლით, რომ არსებობს გეგმა A, საინტერესოა, აქვს თუ არა ოპოზიციას გეგმა B?

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს ეეჭვება, ოპოზიციას ან გეგმა „ა“ ჰქონდეს, ან გეგმა „ბ“, მათი მოქმედება თავიდან ბოლომდე იმპროვიზაციაზეა აგებული, მათი ერთადერთი გეგმა, სტრატეგია და ტაქტიკა ამბოხია, რომ როგორმე საქმე მივიდეს ამბოხებისკენ, სხვა არავითარი გეგმა მათ თავში არ ტრიალებს, დანარჩენი ყველაფერი იმპროვიზაციაა, ანუ ყოველდღიურად რაც ხდება, ამაზე აგებენ თავის სტრატეგიას და ნაბიჯ-ნაბიჯ ნებისმიერ ფასად მიდიან ამბოხებამდე.

„რიგგარეშე არჩევნები აბსოლუტურად არარეალიზებადი მოთხოვნაა. სამართლებრივ სივრცეში არანაირი საფუძველი არ არსებობს, რასაც ეგენი ითხოვენ. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ამას და ასეთ ვითარებაში არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. ერთადერთი გზაა, ეს პარლამენტი შეიკრიბოს და, თუ ისინი კვლავაც უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, სამართალი მიუთითებს, რომ სხვა გზა უნდა გამოინახოს საამისოდ, მათ შორის, შესაძლებელია დამატებითი კენჭისყრის მექანიზმის ამოქმედება. მათაც კარგად იციან, რომ თავიდან ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია და, რახან ეს შეუძლებელია, ხელოვნურად ქმნიან გამოუვალ მდგომარეობას, საიდანაც ერთადერთი „გამოსავალი“ კრიზისია, რათა განმუხტვის ნაცვლად საბოლოოდ აფეთქდეს სიტუაცია. ამისკენ მიჰყავთ საქმე და ეს არის მათი გეგმა „ა“-ც და „ბ“-ც“,-აცხადებს ჩვენთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი და, შეკითხვის საპასუხოდ, მოხდება თუ არა ამით ოპოზიციის მარგინალიზაცია, განმარტავს, რომ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ მოხდება.

ეს რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური გარემო იყოს, დიდი ხანია, უკვე ოპოზიციის მარგინალიზაცია მოხდებოდა, მაგრამ დღესდღეობით ანომალიური ვითარებაა, ოპოზიცია ფსიქოზის მდგომარეობას ქმნის, სულ ხმაურია, ერთი წუთითაც ადამიანს მოსვენება არ აქვს. ეს მაშინ, როცა არ შეიძლება, დღე და ღამე ისეთ გარემოში ცხოვრობდე, სადაც გამუდმებით მიტინგია, ეს მიტინგი შეიძლება რუსთაველზე არ იყოს, მაგრამ მიტინგზე უარესია, რაც მაგათ ტელევიზიებში ხდება, სადაც გაუთავებელი მიტინგია, განსაკუთრებით, 20 ივნისის მერე.

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი სულაც არ ფიქრობს, რომ ოპოზიციას გეგმაა“ ჰქონდეს, რომ ვისაუბროთ გეგმა „ბ“-ზე. მისი თქმით, ოპოზიციამ ახლა საპროტესტო აქციების დაწყება გამოაცხადა, რაც, თავისთავად, გეგმა არ არის, რადგან გაურკვეველია ამ აქციების მიზანი, გაურკვეველია, რატომ ასეთი აქციები და არა სხვა პოლიტიკური საშუალებები. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულია მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა და ამაზეა გარკვეული რეაქცია. თუმცა ეს არ მიუთითებს, რომ ოპოზიციას თავისი წარმოდგენა აქვს, სამომავლოდ როგორ უნდა მოიქცეს.

„არის უამრავი მარტივი კითხვა, მაგალითად, რას აპირებს ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში სულ რაღაც რამდენიმე თვეში, თუ მანამდე ვერ დაამხო „ქართული ოცნების“ რეჟიმი. ამ მარტივ კითხვაზე პასუხი ოპოზიციას არ აქვს, ამაზე არავინ ლაპარაკობს, ახლახანს მოვისმინეთ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან, რამდენიმე კვირაში ყველაფერი მორჩებაო. მე მგონი, ცოტა გულუბრყვილო უნდა იყო, გეგონოს, რომ რამდენიმე კვირაში ყველაფერი მორჩება. შეიძლება, რამდენიმე კვირაში ყველაფერი მართლაც მორჩეს, მაგრამ ისიც ხომ შეიძლება, ყველაფერი არ მორჩეს კიდევ რამდენიმე წელიწადში. ამის უამრავი მაგალითი არსებობს სხვადასხვა სიტუაციაში. ამიტომ მოლოდინი, რომ რამდენიმე აქციას გავმართავ, რამდენიმე კარავს გავშლი და მერე ძლიერი ბიძა მოვა ამერიკიდან და ყველაფერს დამილაგებს, ცოტა არასერიოზულია. ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს და სიტუაციური გადაწყვეტილებებია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დროს. თუმცა ჩემი ნათქვამი სულაც არ გამორიცხავს, „ქართული ოცნება“ ისე არ მოიქცევა, რომ ორ კვირაში მართლაც დაკარგოს ძალაუფლება“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.