„რესპუბლიკელები“ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას გვთავაზობენ

„რესპუბლიკელები“ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას გვთავაზობენ

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ივლიანე ხაინდრავას განცხადებით, პარტია ქართველობასა და აფხაზობასა თანაცხოვრების ახალ მოდელს - ერთიანობა განცალკევების მეშვეობით სთავაზობს.

მისი თქმით, აღნიშნული მოდელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებიდან რუსეთის გამოდევნას ითვალისწინებს, რადგან იგი საკუთარი ინტერესებიდან გამოდის.

„რესპუბლიკელების“ აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი აფხაზეთის ქართველი და აფხაზი მოსახლეობის შემდეგი პრინციპით განცალკევებაა: სოხუმიდან ჩრდილოეთისკენ, მდინარეების - აღმოსავლეთ და დასავლეთ გუმისთას შესართავამდე, შემდეგ - მდინარე აღმოსავლეთ გუმისთას რაიონის საზღვრებამდე გაივლება ხაზი, რომლის აღმოსავლეთით აფხაზეთის ტერიტორია უპირატესად ქართველებით დასახლებულ ტერიტორიად ცხადდება, დასავლეთი კი აფხაზებით დასახლებულად.

სოხუმი ორ, დაახლოებით თანაბარ ნაწილად გაიყოფა.

განცალკევების ხაზიდან დასავლეთით მდებარე ტერიტორიას ექნება აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში, აღმოსავლეთი ტერიტორია კი დანარჩენ საქართველოში მოქმედ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფას დაექვემდებარება.

აფხაზეთის მხარის შემადგენლობაში ტერიტორიის 58 პროცენტი იქნება, დანარჩენი კი აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორია გახდება.