რამდენადაც ვაქცინაციის პროცესი იგვიანებს, მთავრობიდან ისევ გაისმა სიტყვები - შეზღუდვების შესაძლო დაბრუნება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდება, რისი ნიშნებიც ჯერ არ არსებობს. მიხედავად ამისა, სიგნალი უკვე არსებობს. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში კი, ძლივს გახსნილი ეკონომიკა და ბიზნესი საბოლოოდ განადგურდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირი მინიშნება გააკეთა და ახსენა შეზღუდვების შესაძლო დაბრუნება, რასაც წინა მთავრობა ხშირად იმეორებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში საკმაოდ შემცირებულია კოვიდინფიცირებულებთა რაოდენობა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. პირბადის ტარება და მისი კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია. მოსახლეობა კი უნდა იყოს მაქსიმალურად ყურადღებით და დაიცვას რეკომენდაციები.
„კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონომიკა.
მეორე მხრივ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება ვითარება, ჩვენ ისევ გავხდებით იძულებული, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ და რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი კონტროლი სჭირდება მთავრობის მხრიდან“, - აღნიშნა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების მიზეზი ისიცაა, რომ ვაქცინაციის დაწყების პროცესი საგრძნობლად გადავადდა. ეს კი ერთი მხრივ ეპიდემიოლოგიურ რისკს ზრდის და ამავე დროს ეკონომიკასაც დამატებით პრობლემას შეუქმნის. თუკი შეზღუდვები დაბრუნდა, ზოგიერთი ბიზნესაქტივობა შეიძლება შიზღუდოს და პარალელურად საქართველო ისევ „წითელი ზონა“ გახდეს და ეკონომიკური ინტეგრაცია დიდ საფრთხეში აღმოჩნდეს.
„ვაქცინაციის პროცესის დაგვიანებას ეკონომიკა აუცილებლად იგრძნობს. არის დარგები, სადაც მდგომარეობის გამოსწორება პირდაპირ კავშირშია დროულ ვაქცინაციასთან. გლობალურად თუ ვსაუბრობთ „მწვანე ზონაზე“, რაც გვეჭირა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დამატებით ეკონომიკურ აქტივობას ველოდით, უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ „წითელი ზონად“ გადაქცევა გვემუქრება.
ვხედავთ, რომ არ გვაქვს ვაქცინა და მსოფლიო ეკონომიკის პოზიტიურ პროცესებში ვერ ვერთვებით. ტურიზმში, საავიაციო ბიზნესში, ავტოიმპორტსა და სამშენებლო სექტორში ვაქცინაციის დაგვიანება დიდ პრობლემას გამოიწვევს. ყველა დარგს შეიძლება შეექმნას რისკი.
შეზღუდვები თითქმის ყველა მოიხსნა (გარდა გამონაკლისისა) და ამ დროს არ გვაქვს ვაქცინა, რაც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დაამძიმებს. ცხადია, საფრთხეშია სახელმწიფო ბიუჯეტიც, რომელსაც მკურნალობისა და სხვა საჭიროებებისთვის ხარჯი ეზრდება“, - განაცხადა ეკონომიკის ანალიტიკოსმა ზურაბ კუკულაძემ.
ანალიტიკოსები მთავრობას ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ პირდაპირ მოუწოდებენ. ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და პირველი დოზების მისაღებად სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.
როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, როდესაც ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ვარდნაა, ის დამატებით შეზღუდვებს ვეღარ აიტანს.
„11.5%-იანი ეკონომიკური ვარდნა ვიღაცისთვის შეიძლება მხოლოდ ციფრებია, მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს მეტ უმუშევარ და უფრო მეტ გაღარიბებულ ადამიანს. ახლა მთავრობამ უნდა ეცადოს, რომ ვაქცინები მოიპოვოს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს. ეკონომიკა მკაცრ შეზღუდვებს, უბრალოდ, ვეღარ გადაიტანს. არ გვაქვს მაგის რესურსი. არ ვართ ქვეყანა, რომელსაც მსგავსი რამის ატანა შეუძლია“, - აღნიშნა „ბიზნეს-პარტნიორთან“ ეკონომისტმა.