„ლივერპულმა“ იურგენ კლოპის შესაძლო შემცვლელი იპოვა. ამის შესახებ ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა Football insider-ი იუწყება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ლივერპულის ხელმძღვანელობა უკანასკნელ პერიოდში გერმანელის მუშაობით უკმაყოფილოა და მის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე „ლივერპულის“ ლეგენდარულ კაპიტანს სტივენ ჯერარდს მოიაზრებს, რომელიც ლივერპულში 2002-2015 წლებში თამაშობდა, 2018 წლიდან კი შოტლანდიური „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელია. მისი გუნდი შოტლანდიის „პრემიერ ლიგაში“ პირველ პოზიციაზეა და 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.
რაც შეეხება კლოპს, გერმანელი "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2015 წლიდან იკავებს. სწორედ კლოპმა გამოიყვანა გუნდი ღრმა კრიზისიდან და 2018-19 წლების სეზონზე ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2019-2020 წლების სეზონზე პრემიერ ლიგა მოაგებინა.
თუმცა, ამ სეზონში „ლივერპული“ ცუდ ფორმაშია და ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში მე-6 პოზიციას იკავებს, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას სწორედ კლოპს აკისრებეს. Football insider-ის სტატიის თანახმად, ჯერარდსა და „მერსესაიდელებს“ შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ინგლისელის „ენფილდზე“ დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია. იურგენ კლოპს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და პოსტიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, „მერსესაიდულ“ კლუბს მისთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს.