ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას 2023 წლისთვის აპირებს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
„რა თქმა უნდა, თავში სულ ეს მიტრიალებს. მაქსიმალური ზღვარი, ალბათ, 2023 წლის ივნისია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, 4 თვეში წავიდე. არ დაგიმალავთ, რომ იძულებითი იზოლაციის პირველ თვეებში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მეტ დროს ვატარებდი ოჯახთან, ვკითხულობდი. ამდენი დრო საკუთარი თავისა და ოჯახისთვის არასდროს დამითმია“, -აცხადებს 43 წლის ფეხბურთელი.
ბუფონი „იუვენტუსის“ კარს 2001 წლიდან იცავს. ტურინელთა მაისურით მას იტალიის ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული. იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბუფონი 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.