„ჩრდილოეთ კავკასიაში დეკოლონიზაციის უარესი სცენარი ვითარდება“

„ჩრდილოეთ კავკასიაში დეკოლონიზაციის უარესი სცენარი ვითარდება“

დიდოელების თხოვნას თბილისისადმი საინტერესო გამოხმაურებები მოჰყვა. დაღესტნის ხელისუფლება უშედეგოდ „ამტკიცებს“, რომ დიდოელებს საქართველოს პარლამენტისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ. 

ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის მიმართ კავკასიელთა გაუცხოება ახალ, საბოლოო სტადიაში შედის. მათივე შეფასებით, საქართველოს დიდოელებთან ურთიერთობაში დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებს, რადგან მათთვის ღია დახმარებას რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს. 

„დაღესტანში მცხოვრები დიდოელები დიდოეთის ისტორიული მხარის საქართველოს შემადგენლობაში მიღებას მოითხოვენ“, – შესაბამისი შინაარსის წერილი, რომელსაც ხელს დაღესტანში მცხოვრები 15 ათასი დიდოელი აწერს, საქართველოში მათმა წარმომადგენელმა მოგამედ რამზანოვმა ჩამოიტანა.

„1944 წელს ჩვენ რეპრესიების მსხვერპლი გავხდით. ჩვენი სახლები დაწვეს და ყველაფერი გაგვინადგურეს. რუსეთისგან რეპრესირებულთათვის კომპენსაციას ვითხოვთ. საქართველოში კი იმისთვის ჩამოვედით, რათა მსოფლიოს შევატყობინოთ, როგორ გვექცევიან. გთხოვთ, მიგვიღოთ საქართველოს შემადგენლობაში“, - ნათქვამია მიმართვაში. ამასთან, დიდოელები საქართველოს პარლამენტს დიდოური ენისა და კულტურის გადარჩენის საკითხში დახმარებას სთხოვენ.

დაღესტნის ცუნთინსკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჰუსეინ მაგდოევის მტკიცებით კი, „დიდოელებს ქართული პარლამენტისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ“. მისივე შეფასებით, „გავრცელებული ინფორმაცია მოსაზღვრე რეგიონში გარე ძალების მიერ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაა“. მეტიც – მაგდოევის განცხადებით, მისთვის არაფერია ცნობილი მაგომედ რამაზანოვის შესახებ, რომელმაც საქართველოს პარლამენტს დიდოელების სახელით მიმართა.

„საქართველოს დიდოელებთან ურთიერთობაში დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებს“, - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა . როგორც არეშიძემ აღნიშნა, ჩრდილო კავკასიელების მხრიდან საქართველოსთვის რაღაც ფორმით პოლიტიკური ურთიერთობის დამყარების თხოვნა პირველი შემთხვევა არ არის. 

„ჩრდილო ოსეთმა ორჯერ მოითხოვა საქართველოსთან შემოერთება, 2006-2007 წლებში ინგუშები თემებით ითხოვდნენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. 90-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის ინსპირირებით, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ რუსეთს იქით სთხოვა შეერთება. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც იგივე უნდა გავიმეოროთ. რადგან ჩვენ ნაკლები სიძლიერის ქვეყანა ვართ. 

თუ კავკასიასა და რუსეთში ვითარება გართულდა, ჩვენ შეიძლება ცოტა მეტად აქტიურები ვიყოთ, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში მაინც ვფიქრობ, რომ კულტურული ურთიერთობები და ჰუმანიტარული მხარდაჭერა ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია“, - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ ქართულ მხარეს დიდი სიფრთხილე მართებს. 

„ჩრდილოეთ კავკასიის თემა რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად საუკეთესოა“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, დიდოეთზე პირდაპირ გასვლა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე არ შეიძლება. 

„თუ პირდაპირი გასვლა იქნება, რუსეთი ამას გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ, როგორც ქვეყნისა, რომელიც ხელს უწყობს ჩრდილოეთ კავკასიაში ე.წ. ტერორისტული ჯგუფების ფორმირებას და დაამტკიცე მერე, რომ ასე არ არის“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

მისივე თქმით, დიდოელებისთვის დახმარების ხელის გაწვდა ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანია, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გასაღიზიანებლად იყენებს. 

„ირანთან უვიზო რეჟიმი მის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ხომ არ დაგვიწესებია?! რატომ გავაკეთეთ იგივე რუსეთის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე?! წიკლაური აქ არავინ არ არის, პროცესები მართულია შსს-დან. სწორედ ისინი ახორციელებენ ამ წვრილმანი პრიმიტიული გაღიზიანების პოლიტიკას. წვრილმანი ჩქმეტებით მუდმივად ვცდილობთ გავაღიზიანოთ რუსეთი, იქნებ როგორმე ისევ დაგვარტყას, მაგრამ რუსეთი ასე მარტივად წყობიდან აღარ გამოვა“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში გიორგი მამულია საქართველოს პარლამენტისადმი დიდოელთა მიმართვას ეხმიანება და ამ ფაქტს იმის დასტურად მიიჩნევს, რომ „რუსეთის მიმართ კავკასიელთა გაუცხოება ახალ, საბოლოო სტადიაში შედის“. მამულიას აზრით, შემთხვევითი არაა, რომ დიდოელთა ეს ინიციატივა დროში მოსკოვში მიმდინარე ცნობილ მოვლენებს დაემთხვა.

„ამ მოვლენებმა სრული ძალით გვიჩვენა რუსულ-სლავურ და კავკასიურ მოსახლეობას შორის გაჩენილი გადაულახავი უფსკრული. ის, რომ სლავ და კავკასიელ ხალხებს ერთმანეთთან ცხოვრება არ შეუძლიათ, უკვე აშკარაა და ბუნებრივი შედეგია, როგორც – ზოგადად კავკასიის ხალხთა მიმართ რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის, ისე – უშუალოდ პუტინიზმის სისხლიანი ფენომენის. 

ასეთ ვითარებაში კავკასიელთა წინაშე გარდაუვლად ისმება მათი მომავალი ბედის საკითხი, რის პირველ მაუწყებლადაც შეიძლება, დიდოელთა ინიციატივა ჩაითვალოს“, - განუცხადა „პირWელს“ მამულიამ.

მისივე შეფასებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში ფაქტობრივად, დეკოლონიზაციის პროცესის უარესი სცენარი ვითარდება, რომლის თანახმად, თავად იმპერიის მეტროპოლია ისეთი ავადმყოფური ქსენოფობიით არის შეპყრობილი, რომელიც რუს და კავკასიელ მოსახლეობას შორის რაიმე სახის თანაცხოვრების შესაძლებლობას აბსოლუტურად გამორიცხავს“.

„პუტინის ზოოლოგიური ანტიკავკასიური პროპაგანდით გაბრუებული ბრბო მოსკოვიდან და მთლიანად რუსეთიდან კავკასიელთა გასახლებას ლოზუნგებით „მოსკოვი რუსებისათვის“, „რუსეთი რუსებისთვის“ მოითხოვს. ამავე დროს, კრემლს იმის გაგონებაც კი არ სურს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს დამოუკიდებლობა მიანიჭოს. 

ფაქტობრივად, ადგილი აქვს მცდელობას, რუსული ნაციონალიზმის საფუძველზე იმპერია ააშენონ, ხოლო კავკსიელები, ისევე, როგორც სხვა არარუსი ხალხები, უუფლებო მონების დონეზე დაიყვანონ, რომელთაც, უკეთეს შემთხვევაში, რეზერვაციებში ცხოვრების უფლებას უტოვებენ“, - აღნიშნა მამულიამ.
 
მისივე პროგნოზით, ბოლო დღეებში მოსკოვში განვითარებული მოვლენების შედეგად მეტროპოლიაში მცხოვრებ კავკასიელთა კავკასიაში დაბრუნების ტენდენციის გაძლიერებას უნდა ველოდოთ, რაც იმ უკანასკნელი კავშირების წყვეტას შეუწყობს ხელს, რომლებიც ამ ხალხებს რუსეთთან აკავშირებს.  

რაც შეეხება იმას, როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს ამ ვითარებაში საქართველომ, მამულიას ასეთ პირობებში საქართველოსთვის ყველაზე ოპტიმალურ გზად რუსეთიდან დევნილ კავკასიელ ხალხთა მიმართ საკუთარი პოლიტიკის გაძლიერება მიაჩნია. ამასთან, მისი თქმით, „ამ პოლიტიკის კონკრეტული ფორმები ყოველ კონკრეტულ სიტუაციას ადექვატურად უნდა ასახავდეს“. 

„საჭიროა, ახლავე დავიწყოთ ზრუნვა კავკასიელ ხალხთა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან უმჭიდროესი კავშირების დასამყარებლად, გამოვუყოთ შესაფერისი კვოტები მთიელ ახალგაზრდობას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, გავუადვილოთ ჩრდილოეთ კავკასიელებს საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ა.შ.“ - განმარტა მამულიამ.  

ცნობისთვის, დიდოელები დაღესტნის ერთ-ერთი კუთხის წარმომადგენლები არიან. მათი ენა და კულტურა ლესგინურთანაა ახლოს. ამჟამად დიდოელების რაოდენობა 40 ათასს შეადგენს. დიდოეთი დღევანდელი დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული რეგიონია, რომელიც წუნტის, ბეჟეტის და ნაწილობრივ წუმადის რაიონებს მოიცავს. ისტორიულად, იგი საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა XVIII საუკუნიდან დიდოეთი ავარიის სახანომ დაიპყრო.

ამ დროიდანვე დიდოელთა შორის ვრცელდება ისლამიც. ხუნძახის სახანოს მიერ დიდოელთა მიწების დაპყრობამ დიდოელი ხალხის ჩამოყალიბება შეაფერხა და დღესაც დიდოურ ტომებს ერთიანი თვითაღქმა მეტად შესუსტებული აქვთ. 

დიდოურ ტომთა გაერთიანების პროცესი დღესაც გრძელდება, რასაც ახლადწარმოქმნილი ეროვნული მოძრაობა უწყობს ხელს. ჰინუხელები, კაპუჭელები და ჰუნზიბელები, რომელთაც თავიანთი საშინაო-სამეტყველო ენები აქვთ, ფლობენ ასევე ცეზურ ენას. ცეზები, ანუ საკუთრივ დიდოელები კი დიდოურ ტომთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან.

დიდოელები (მხ. რცხ. – “დიდო”, საერთო საკუთარი სახელწოდება კი “დიდობი”) ისტორიულ დიდოეთში მცხოვრებ ტომთა ჯგუფია. ჩვეულებრივ, ტერმინით „დიდოელები“ საკუთრივ დიდოელებს, ანუ ცეზებს (საკუთარი სახელწოდება - ცეზი), ჰინუხელებს, კაპუჭელებს (საკუთარი სახელწოდება - კაპუჭას სუკო ან ბეჟტას სუკო) და ჰუნზიბელებს (საკუთარი სახელწოდება - ენზეესი) იხსენიებენ. 

დიდოელები ოფიციალურად ხუნძებად აღირაცხებიან და ცალკე ეროვნებად არ გამოიყოფიან.