„ერთი წლის განმავლობაში ზეთი 34%-ით, შაქარი 14 %-ით, თევზეული 10.6 %-ით, პური და პურპროდუქტები 8.7 %-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის თებერვალის ინფლაციის მაჩვენებლებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი).
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
ეკონომისტი პაატა ბაირახტარი for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ფასი მოიმატებს, ეს კი ნიშნავს, რომ სასურსათო პროდუქტზე ფასი კიდევ მოიმატებს.
„საქსტატის მონაცემები იმ რეალურ სურათს, რომელიც ჩვენ სამომხმარებლო ფასებზე გვაქვს, ვერ ასახავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ ერთი, კომუნალური სუბსიდირება, რომელიც საქსტატმა შეიყვანა დათვლის მეთოდოოგიაში, სურათს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. მეორე - ჩვენ თუ რეალური სურათის დანახვა გვინდა, შეგვიძლია, შევხედოთ საბაზო ინფლაციას, რომელიც ენერგომატარებელს გამორიცხავს. მესამე - ჩვენ თუ ქვეჯგუფებში ჩავიხედავთ და ჩავშლით, დავინახავთ, რომ სხვადასხვა ჯგუფებზე სურსათი, უალკოჰოლო სასმელებზე და სხვა პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს არის პირველადი მოხმარების პროდუქცია. ორი სექტორი გვრჩება - პირველი, სამომხმარებლო და სასურსათო პროდუქცია და მეორე, ჯანდაცვა და მედიკამენტები. ამ ყველაფერზე ფასები არის კატასტროფულად გაზრდილი, თუმცა ეს სრული მონაცემები არაა, რადგან ეს ასახავს გასულ თვეს. ახლა, პრაქტიკულად შეზღუდვების ფონზე ვცხოვრობთ და ვაგრძელებთ ოპერირებას. მით უმეტეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოცარი სისწრაფით დაიწყო საწვავის ფასების ზრდა, რაც აპრიორში ნიშნავს, გადაცემას სამომხმარებლო კალათაზე.
ფასები ორი მიზეზის გამო აუცილებლად კიდევ მოიმატებს. პირველი - ეს არის საწვავის ფასის მატება. მეორე - ჩვენ თუ დავაკვირდებით ეროვნულ ვალუტას, ბოლო ორი კვირაა ლარმა გაუფასურება დაიწყო და დაახლოებით 3 თეთრით კიდევ გაუფასურდა. თუ ვნახავთ ჩვენს გაჩერებულ ეკონომიკას, ასევე ეპიდემიოლოგირ სიტუაციას და ამას თუ დავამატებთ იმასაც, რომ ეროვნული ბანკი არ აქტიურობს და ცდილობს, რომ რეზერვებს მოუფრთხილდეს, უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში ფასების ზრდას, რომელიც კიდევ უფრო მძაფრი იქნება“, - გვითხრა ექსპერტმა.
მისივე თქმით ეკონოიკური კრიზისი გამოწვეულია პანდემიის ფონზე 400 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვით.
„ეს მდგომარეობა იქამდე არ შეიცვლება, ვიდრე ჩვენს ეკონომიკურ ფუნქიციონირებას არ შევცვლით. პირველ რიგში ჩვენ ეკონომიკა უნდა გამოვაცოცხლოთ. ჩვენ ავირჩიეთ მარტივი გზა, მოდი ეკონომიკა სრულად გავაჩეროთ და ვირუსი გაჩერდება. ასე არ ხდება, ეს იყო მცდარი გზა. როდესაც 400 ათასი სამუშაო ადგილი იკარგება, ეს არის ეკონომიკური ტრაგედია. ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენი ეკონომიკური მართვა მივანდეთ სამ ექიმს, რომლებთაც წარმოდგენა არ აქვთ ეკონომიკა როგორ მუშაობს. მათი მოთხოვნა იყო, რომ ეკონომიკა მინიმუმამდე დასულიყო, რათა ვირუსი არ გავრცელებულიყო. ვიდრე პასუხი არ მოეთხოვება იმ ადამიანებს, ვინც ქვეყანა ამ დონემდე მიიყვანა, მანამდე ეს მდგომარეობა არ გამოსწორდება“, - განაცხადა ექსპერტმა.
For.ge მოსახლეობის აზრითაც დაინტერესდა. როგორც ჩვენთან საუბარში მათი უმრავლესობა აცხადებს, ხელფასიდან ხელფასამდე თავს ძლივს ართმევენ. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ რაციონიდან ამოღებული აქვთ ხორც-პროდუქტები, რადგან საკმაოდ გაძვირებულია.
„ხშირ შემთვევაში პენსიას დროზე ადრე ვიღებ, რადგან წამლისთვის მჭირდება და თანხა არ მყოფნის. ოჯახში 4 წევრი ვართ. შემოსავალი კი მხოლოდ ჩემს შვილს აქვს. ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს. ხორცს თვეში ერთხელ თუ ვიყიდით, იმასაც 200-300 გრამს, რათა ბავშვს ვაჭამოთ. უფროსებზე საუბარიც კი ზედმეტია. ყოველდღე რომ შევდივარ მაღაზიაში, ფასები ყოველდღე მომატებული მხვდება. ზეთი შვილო 7 ლარამდე ღირს. აბა უცხიმოდ როგორ მოვამზადოთ სადილი?! არ ვიცი, რა დღეში ვართ“, - განუცხადა პენიოსნერმა ნანა მეხრიშვილმა for.ge-ს.
„პედაგოგი ვარ, ჩემი შემოსავალი 500 ლარია. მითხარით როგორ უნდა იმყოფინო ეს თანხა თვიდან თვემდე?! მარტო საკვები ხომ არ არის, იქ საყოფაცხოვრებო ნივთებიც ხომ სჭირდება ადამიანს?! ხელფსს ავიღებ და მეორე დღეს უკვე აღარ მაქვს. არ ვიცი, ასე როდემდე ვიქნებით. ვცდილობ, ცოტ-ცოტა შვიძინო ყველაფერი. მაღაზიებში ფასდაკლებებს ველოდები ხოლმე და ისე ვიძენ. ახლაც ზეთზე იყო ერთ-ერთ სუპერმარკეტში ფასდაკლება და ისე ვიყიდე. იმედი მაქვს, პანდემიის დასრულების შემდეგ გამოსწორდება და ფასებიც დაიკლებს“, - გვითხრა პედაგოგმა, რომელმაც სახელის დასახელებისგან თავი შეიკავა.
მოსახლეობას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი პასუხობს. როგორც მან for.ge-თან საუბრისას განაცხადა, ფასების მომატებამ პანდემიიდან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.
„ამ პროცესს ჩვენ მაქსიმლურად ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან თანმდევი პროცესია პანდემიიდან გამომდინარე. თავისთავად, პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკა დასუსტებულია. ასევე უცხოურ ვალუტასთან ლარის დევალლაცია მოხდა. ეს არის საბოლოო ჯამში ეკონომიკური ვარდნა, რომელმაც გამოიწვია პროდუქციის გაძვირება. პროდუქტების ნაწილი იმპორტირებულია. ეს თანმდევი პროცესი იქნებოდა იმ ეკონომიკური რეცესიის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში არის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გაიზრდება თუ არა კიდევ პროდუქტებზე ფასი, უმრავლესობის წევრი ასე გვპასუხობს: „ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკამ გახსნა დაიწყო და აქტიური მუშაობა მიდის ეკონომიკის აღდგენაზე. დღეს ორი დიდი გამოწვევა არის. ეს არის - პანდემია, მეორე ეკონომიკური კრიზისი. აქედან გამომდინარე, ამ ორ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ. ეს არის ნომერი პირველი ამოცანა. თავისთავად ამ ყველაფერზე პოლიტიკური პროცესებიც გავლენას ახდენს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.