პურის ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდია შესაძლოა, გაგრძელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაშიც ადასტურებენ. სახელმწიფო პროგრამა პირველ აპრილამდეა გათვლილი, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება იმედიანი განწყობის საბაბს არ იძლევა. შესაბამისად, ერთი თვის შემდეგ მარცვლეულის გაიაფების ტენდენცია მოსალოდნელი არ იქნება.
ამჟამად განიხილება სხვადასხვა მიდგომა და ფქვილის მოქმედი სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ეს პროგრამა გაგრძელდეს ან უშუალოდ პურის ფასის სუბსიდირება მოხდეს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინფორმაციით, ყველა შესაძლო სცენარი მუშავდება.
„პირველ აპრილს მთავრდება სუბსიდირების პროგრამა, შესაბამისად, დღესდღეობით მუშავდება გარკვეული სცენარები. სავარაუდოდ, იქნება ან სუბსიდირება ფქვილზე, როგორც დღესაა, ასევე განიხილება სუბსიდირება პურზე, ან შეიძლება სოციალურად დაუცველი ფენისთვის გარკვეული თანხის გადახდა, რომ გაძვირების ეფექტი დაიფაროს. ეს ყველაფერი ბიზნესისთვის ნულოვანი ეფექტის მქონეა და მიმართულია მომხმარებლებზე, რომ პური არ გაუძვირდეს.
დღეს რომ სუბსიდირება არ იყოს, ყოველდღიური მოხმარების პურის ფასი 20 თეთრით მეტი იქნებოდა. სახელმწიფო ჩარევით ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი შენარჩუნებულია. თუ სამომავლოდ არ დასუბსიდირდა გარკვეული რაოდენობა ისევ, ფასი, რა თქმა უნდა, გაიზრდება“, - განაცხადა სილაგავამ.
ჯერ კიდევ შემოდგომიდან ხორბლის გაძვირებამ საქართველოს ყველაზე მასობრივი მოხმარების პროდუქტის - პურის, გაძვირების, საფრთხე შეუქმნა. ქვეყანა ხორბალზე მოთხოვნის 80%-ს იმპორტით ივსებს. მიუხედავად სახელმწიფო სუბსიდირებისა, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით, ქვეყანაში პური და პურპროდუქტები 7.5 პროცენტითაა გაძვირებული. რომ არა მთვარობის ძალისხმევა, პური კიდევ უფრო გაძვირდებოდა.
როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, იმპორტიორებს სექტემბერში ხორბალი 200 დოლარად შემოჰქონდათ, დღეს კი მისი შემოატანა 300 დოლარი ჯდება.
ამასობაში რუსეთმა საბაჟო გადასახადი კიდევ გააძვირა, რამაც ბაზრის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ბაზრიდან გასულები იყვნენ, საშუალება მისცა, რომ 280 დოლარის ფარგლებში (1 ტონა ფქვილზე) შემოსულიყვნენ ბაზარზე. ესაა ყაზახეთი და, სავარაუდოდ, ეს იქნება უკრაინაც. ამიტომ ხორბალი საქართველოში ამ ქვეყნებიდანაც შემოვა.
„რუსული ხორბალი გარკვეული რაოდენობით ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება. 1-ლი მარტიდან რუსეთიდან გამოგზავნილი ხორბლის საბაჟო გადასახადი 50 ევროა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში რუსეთმა ხორბლის გამოტანაზე კვოტირება მოახდინა, მაშინ საბაჟო გადასახადი არ იგულისხმებოდა. ამის შემდგომ განაცხადა, რომ უკვე 15 თებერვლიდან საბაჟო გადასახადი იქნებოდა 25 ევრო, ხოლო პირველი მარტიდან - 50 ევრო. ასეთმა დამოკიდებულებამ მსოფლიო ბაზრებზე სიტუაცია ძალიან დაძაბა და ყველა ქვეყნისთვის ხორბალი გაძვირდა, რადგან შეიქმნა გარკვეული დეფიციტი. ახლა ბაზრის სხვა მოთამაშეები ისევ გამოჩნდნენ და მათთანაც მიდის მოწოდებაზე მოლაპარაკებები“, - აღნიშნა სილაგავამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. ადგილორივი ხორბლის წილი მთლიან მოხმარებაში 10%-საც ვერ აღწევს.