19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. სავარაუდოდ, მოსამართლე დანაშაულზე განაჩენს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
პროკურატურის ცნობით საქმეში 100-ზე მეტი მტკიცებულება დევს. ასევე 5 თვის მანძილზე საქმეზე 100-დე მოწმეა გამოკითხული.
საქმის პროკურორის განცხადებით, უკვე ადვოკატებმაც კარგად იციან, რომ 5-ვე პირმა ( ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ.) მოკლა გიორგი შაქარაშვილი. ასევე, პროკურორი განმარტავს, რომ ჩვენების მიცემა მხოლოდ ნიკოლოზ რევაზიშვილმა გაბედა, თუმცა რევაზიშვილი ტყუილებშიც გამოიჭირეს.
„წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა 5-ვე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი. ამაში ეჭვი დაცვის მხარესაც აღარ ეპარება, ჩემი აზრით. არჩილ გაგნიძე და ნიკა რევაზიშვილი ამ ხნის მანძილზე აპელირებდნენ, თითქოს Google Maps-ში დამახსოვრებული იყო მათი გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. გამოკვლეული მტკიცებულებებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მომხდარის დროს არც ერთ მათგანს არ ჰქონდა ჩართული ინტერნეტი. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, სწორედ ამით იყო გამოწვეული ის, რომ მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც ნიკა რევაზიშვილის შემთხვევაში, ისინი აირეოდნენ თავის ტყუილებში და ვერ მიიტანდნენ სასამართლომდე თავის სათქმელს. ამიტომ, მათ ურჩევნიათ ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როდესაც კითხვა არ დაისმევა, რადგან ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ. თუმცა, მათი ყველა ტყუილი გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს ამ ზღაპრებს“, - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
ბრალდებულის ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატი შოთა კახიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ამის შესახებ მან for.ge-თან საუბრისას განაცხადა. რევაზიშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.
„დასკვნითი სიტყვა ვთქვით. რაც შეეხება როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს, ეს დამოკიდებულია შემდეგ რამეზე: დასკვნითი სიტყვის შემდეგ, პროკურატურას აქვს უფლება რეპლიკა თქვას, მერე ისევ დაცვის მხარეს აქვს უფლება რეპლიკა წარმოთქვას, შემდეგ ბრალდებულების საბოლოო სიტყვას იტყვიან და სასამართლო ან ადგილზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ან სათათბიროდ გავა. სათათბიროდ რამდენი ხნით გავა, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია.
რაც შეეხება პროკურორის განცხადებას, ეს ყველაფერი ტყუილია. ნიკოლოზ რევაზიშვილი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა. ყველა კითხვას, როგორც პროკურორის, ასევე დაცვის მხარის კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა. ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენება თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, როგორც არის ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო ჩანაწერები და სხვა მოწმეების ჩვენებები. პროკურორი Google Maps-ზე საუბრობს, რომელზეც ჩვენ დასაწყისშივე პრეტენზია გვქონდა და გენერალურ პროკურატურას არაერთხელ მივმართეთ, რომ 28 ივნისს რევაზიშვილის Google-ის ანგარიშზე გამოძიების მხრიდან შეღწევა განხორციელდა. ასე რომ ვთქვათ, მოხდა 19 ივნისის ღამის ნიკოლოზ რევაზიშვილის გადაადგილების სრული მარშრუტის წაშლა. ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ და ჩვენ ამასთან ერთად ვითხოვდით, რომ Google-დან გამოეთხოვა პროკურატურას აღნიშნული ინფორმაცია, რაზეც დღემდე პასუხი არ მიგვიღია. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს 2020 წლის 19 ივნისის ღამეს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა. ეს არის ტყუილი, რადგან ბრალდების მხარის მიერ გამოთხოვილი ინტერნეტის კავშირთან დაკავშირებით, დასტურდება, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილს იმ ღამეს მუდმივი წვდომა ჰქონდა ინტერნეტთან. ეს არის მობილური ინტერნეტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია.
ასევე, რას ველოდებით სასამართლოდან, ასე გიპასუხებთ - სამართლებრივი თვალსაზრისით, გამამართლებლის განაჩენს არანაირი ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საქმე, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა არ დადასტურდა. არათუ რომელიმე პირის ბრალეულობაზე იყოს საუბარი, თვითონ გიორგი შაქარაშვილი რომ მოკლულია, ეს არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ბუნებრივია, ერთადერთი გზა და ერთადერთი გადაწყვეტილება შეიძლება მოსამართლემ მიიღოს, ეს არის გამამართლებელი განაჩენი. იმ შემთხვევაში თუკი მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს იმისათვის, რომ დავადასტუროთ ნიკოლოზ რევაზიშვილის უდანაშაულობა“, - განუცხადა for.ge-ს შოთა კახიძემ.
ნიკოლოზ რევაზიშვილის მსგავსად, ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძეც დარწმუნებულია მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, პროკურატურა ტყუის და არ აქვს მტკიცებულება.
„პროკურატურა რასაც ამბობს, სიმართლე არ არის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არჩილ გაგნიძის ბრალეულობა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს“, - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.
თავად, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ სასამართლო ბრალდებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვებს და ხუთივე ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს. ამის შესახებ for.ge-თან გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ საუბარისას განაცხადა.
„გიორგის მშობლებს ერთადერთი მოლოდინი აქვთ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი. ისინი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ბრალდება სწორედ არის დადგენილი. ის პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან, სწორედ მათ ჩაიდინეს უშუალოდ დანაშაული. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ მტკიცებულებები არის საკმარისზე მეტი, რაც საჭირო იყო გამამტყუნებელი განაჩენისთვის“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე ბრალი 17 პირს აქვს წარდგენილი. თუმცა, უშუალოდ მკვლელობას გამოძიება 5 პირს ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.