საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნისთანავე მგზავრობის ღირებულება გაძვირდა. ბილეთების ფასმა 3-5 ლარის ფარგლებში მოიმატა და ამას როგორც მძღოლები, ისე ავტოსადგურების ადმინისტრაცია, ძირითადად, საწვავის გაძვირებით ხსნიან. ეს არგუმენტი გაძვირების გასამართლებლად ვერ გამოდგება, რადგან პანდემიის დაწყებამდე ბენზინისა და დიზელის ფასი დაახლოებით იმდენივე იყო, რამდენიც ახლაა. როგორც ჩანს, მიზეზი სულ სხვაგვარია.
ზოგიერთ ავტოსადგურში მგზავრობის საფასური ოფიციალურად შეიცვალა. როგორც დიდუბის სადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქაუტაძე აცხადებს, მგზავრობა მხოლოდ შორ მიმართულებებზე და ისიც, მძღოლების მოთხოვნით გაძვირდა. ბილეთის ფასი 10%-ის ფარგლებში გაიზარდა.
„მგზავრობის ღირებულება ნამდვილად მომატებულია რიგ მიმართულებებზე, მძღოლების მოთხოვნით. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ავტოსადგური, რომელიც ვემსახურებით მგზავრთა გადამყვანებს. ამიტომაც, ვითვალისწინებთ მათ პოზიციას. გაძვირება 10%-ს არ გასცდენია არც ერთ მიმართულებაზე.
რაც შეეხება თბილისთან ახლომდებარე რაიონებსა და სოფლებს, მათ უცვლელად დატოვეს ტარიფი. მიზეზად კი დაასახელეს, რომ კონკურენციაში ვერ შევლენ ე.წ. ხიშნიკებთან, რომლებიც მრავლად დგანან ავტოსადგურის მიმდებარედ. ამიტომ ზარალობენ თვითონაც და ჩვენც, ავტოსადგურის ადმინისტრაციაც. ამიტომ სხვა გზა არ არის. ინარჩუნებენ არსებულ ფასს“, - აღნიშნა ნესტორ მიქაუტაძემ „ბიზნესპრენიუსთან“.
რაც შეეხება შედარებით შორ მიმართულებებს, დიდუბის ავტოსადგურიდან მგზავრობის ტარიფები ასე გამოიყურება:
თბილისი-ქუთაისი, თბილისი-თერჯოლა, თბილისი-ხონი, თბილისი-ზესტაფონის მიმართულებებზე ტარიფი 15 ლარამდე გაიზარდა. თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-სენაკი, თბილისი-აბაშა, თბილისი-მარტვილის მიმართულებებზე 20 ლარამდე. ხოლო, თბილისი საჩხერის 12 ლარამდე. ფასის ზრდა 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს სხვადასხვა მიმართულებებზე.
ქუთაისისა და ზუგდიდის მიმართულებით ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობა 1-ლი მარტიდან ძვირდება სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგურიდანაც. როგორც ავტოსადგურ „დედაქალაქში“ განაცხდეს, ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 10-დან 15 ლარამდე მოიმატებს, ხოლო ზუგდიდის მიმართულებით 15 ლარის ნაცვლად, მგზავრებს ბილეთში 20 ლარის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ არ ძვირდება ბილეთების ფასი და ისევ 20 ლარი ეღირება ოზურგეთის, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მგზავრებისთვის. ავტოსადგურში აღნიშნეს, რომ მგზავრობის ღირებულების გაძვირება საწვავის ფასების ზრდამ გამოიწვია.
არის სხვა ტიპის პრობლემებიც. მაგალითად, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მგზავრების საქალაქთაშორისო გადაადგილებას არ ახორციელებს „მეტრო ჯორჯია“. კომპანიაში ახლა იმ ეტაპებს გადიან, რომელიც კომპანიას მუშაობის განახლებისთვის სჭირდება. ისინი ადასტურებენ იმასაც, რომ მგზავრობის ტარიფი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული თანხის დასახელება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.
„ტრანსპორტი არის მწყობრში, მაგრამ პირველივე დღეს მუშაობის დაწყება მარტივი არაა. ბევრი რაღაც უნდა გადამოწმდეს. ტექნიკური მხარეებიც მოსაგვარებელია, ბილეთების ონლაინ გაყიდვები გვაქვს, სისტემაა ჩასართავი. არის რიგი ეტაპები, რომელიც კომპანიამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ განახლდეს მოძრაობა. უნდა შევაჯეროთ რიგი საკითხები, მათ შორის საფასო პოლიტიკა. ყველაფერი გაძვირდა მათ შორის საწვავი, ეს ყველფერი ფასზე, რა თქმა უნდა, იმოქმედებს“, - განაცხდა კომპანიის წარმომადგენელმა, ლაშა კენჭაძემ.