საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს. PMC კვლევითი ცენტრის გამოკითხვის შედეგები პესიმისტურია. გამოკითხულ დარგის ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება მხოლოდ 2-2.5 წლის შემდეგ, ხოლო 26.7%-ის აზრით კი, უფრო მოგვიანებით - 2024 წელს.
რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული შემოსავალი 2019 წლის მაჩვნებლის 21-40%-ს გაუტოლდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებისთვის შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა აკრძალვის გაუქმება ამ ეტაპზე არ ვრცელდება საბაგიროებზე. მათი მუშაობა მხოლოდ 8 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
ზამთრის კურორტზებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა მიუხედავად მთავრობის გადაწყვეტილებისა ყველა სასტუმრო მუშაობას ვერ განაახლებს.
„იმედი გვაქვს, რომ მარტში მაინც შევძლებთ რაღაც შემოსავალი ჰქონდეს კომპანიას. ყველას, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვა, გარკვეული პრობლემების გამო. რთული იქნება გახსნა და აამუშაო სასტუმრო, თან იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდული გვექნება ბაზარი. ძირითადად ვიმუშავებთ ისევ საქართველოს მოქალაქეებზე, უცხოელი სტუმრების იმედი ჯერ არ გვაქვს, უახლოესი 1-2 თვე.
სასტუმროს გახსნა არის დაკავშირებული გარკვეულ ხარჯებთან, მათ შორის უნდა მოძებნო რაც შეიძლება მალე თანამშრომლები, ბევრი ვინც უკვე წასულია, შეიძლება აღარ დაბრუნდეს. გარდა ამისა კონკურენცია ძალიან დიდი იქნება, ფასები დიდი ალბათობით დაბალი იქნება, რადგან მოთხოვნა არ არის, შესაბამისად ყველა ვერ შეძლებს იმუშაოს. საკმარისი სტუმრები თუ არ გეყოლება, სასტუმროს არ უღირს 1-2 ნომრის გამო მუშაობა და თანამშრომლების დაბრუნება. ამიტომ ძალიან ბევრ, განსაკუთრებით პატარა სასტუმროს შეიძლება გაუჭირდეს“, - განაცხადა Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ.
სასტუმროები „ლაჰილისა“ და „გუდაური ლოფტის“ მმართველი მაია მურაჩაშვილიც, მთის კურორტებზე სასტუმროების 25 თებერვლიდან ამოქმედებას დადებითად აფასებს.
„მართალია საბაგიროების გახსნა ცოტა ადრეც შეიძლებოდა, მაგალითად პირველ მარტს, მაგრამ სასტუმროებსაც გვჭირდება მომზადება, რეგულაციების გავლა. გახსნას 8 მარტისთვის ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი თებერვალში დაწყებულიყო და დაანონსებულიყო, მაგრამ ახლაც შეიძლება მოვასწროთ, რადგან თოვლიანი ამინდი ხელს გვიწყობს. მესმის რომ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები არ იძლეოდა წინასწარი გადაწყვეტილებების მიღებისა და სექტორის გაფრთხილების საშუალებას და ამიტომ ფორს-მაჟორში გვიწევს მომზადება, თუმცა ამასაც მივეჩვიეთ. ვფიქრობ, დარჩენილ თვენახევარს მესტია რაღაცნაირად გამოიყენებს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ მურაჩაშვილმა.
მიხედავად ოპტიმიზმისა, არც ერთი რესპონდენტი არ მიიჩნევს, რომ 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 60%-ზე მეტით აღდგება.
პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოსავლების კონტრიბუცია 3 მლრდ ლარი იყო. 2019 წელს კი ქვეყანას რეკორდული რაოდენობის 9,3 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 7,7 მლნ შეადგინა. შარშან კი ეს მაჩვენებლები 86%-ით შემცირდა.