ბიზნესის წარმომადგენლებს უკვე იმედი გაუჩნდათ, რომ გაკოტრებამდე მიყვანილი სექტორების ამუშავებას და გაცოცხლებას მალე მოახერხებენ. ამის მიზეზი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სწრაფი გადაწვეტილებაა შეზღუდვების მასობრივად გაუქმებასთან დაკავშირებით.
ხანგრძლივი ჩაკეტვის შემდეგ, 25 თებერვლიდან იხსნება სასტუმრეობი, სამთო კურორტები (საბაგირეობი 8 მარტიდან), ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. მუნიციპალური ტრანსპორტი კი 27 თებერვლიდან მოყოლებული შაბათ-კვირასაც იმუშავებს. რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1-ლი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო დანარჩენ საქართველოში - 8 მარტიდან (შაბათ-კვირის გარდა). კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება 1-ლი მარტიდან, ხოლო 15 მარტიდან მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები.
საბავშვო ბაღები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან 1-ლი მარტიდან, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კი - 15 მარტიდან. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან. თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ლი აპრილიდან; არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;
ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს და არ გამორიცხავს, რომ თუ შესაბამისი მითითებების მკაცრი დაცვა არ მოხდება, შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.
„ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ და ამას აბსოლუტურად ვიაზრებთ, რომ მომავალში ასეთმა გახსნამ ეპიდვითარების გარკვეული გაუარესება გამოიწვიოს. რისკი ყოველთვის არსებობს, ამიტომ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ერთობლივი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველთვისაა, მაგრამ პასუხისმგებლობა იმ ბიზნესმაც უნდა გაიზიაროს, რომელსაც ვხსნით.
თუ დავინახეთ, რომ ადამიანებმა, მომხმარებლებმა აღარ დაიცვეს რეგულაციები და ბიზნესი არ ასრულებს პროტოკოლს, ვაფრთხილებთ, რომ ჩვენთვის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირატესია და მოგვიწევს კვლავ შეზღუდვების დაწესება, რისი გაკეთებაც არ გვინდა. ყველას და განსაკუთრებით ბიზნესს მოვუწოდებ, თუ პროტოკოლების ძალიან მკაცრი დაცვა არ იქნება, არავის ეწყინოს, ვალდებულები ვიქნებით ამ გადაწყვეტილებებს გადავხედოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბიზნესი ახალი მთავრობის სწრაფი რეაგირებით კმაყოფილია. საქართველოს ბიზნესი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, მთავარია რეალური პერსპექტივა გაჩნდეს და ქვეყანაში არსებული ბიზნეს სექტორები შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გაცოცხლებას შეძლებენ.
„მთავარი ის არის, რომ პერსპექტივა გაჩნდეს. რაღაც ოპტიმისტური განწყობა შეიქმნას, რომ ხვალ და ზეგ სარესტორნო ბიზნესი ნელ-ნელა გაცოცხლდება, ასევე სასტუმროები. სპორტული დარბაზები 15 მარტიდან თუ განაახლებენ მუშაობას, ესეც გაცოცხლდება და ა.შ. კარგია, რომ შაბათ-კვირის საკითხი ბაზრობებზე და მოლებზე მოიხსნა და აღარ იქნება პრობლემა“, - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ბიზნესისთვის კომენდანტის საათის არსებობს დამატებითი წნეხია, ამიტომ კარგი იქნება, თუკი სულ მცირე მისი ერთი საათით შემსუბუქება მოხდება.
რესტორატორი ლევან ქოქიაშვილიც ყურადღებას გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე ამახვილებს. შეზღუდვების მოხსნა რესტორნების შიდა სივრცეებზე იმ პირობებში, როცა კომენდანტის საათი და შაბათ-კვირის შეზღუდვა ძალაში რჩება, რესტორნების დიდი ნაწილისთვის, ბვერს არაფერს ნიშნავს.
„ეს მოცემულობა სულ დაკეტილი რომ ვიყავით იმას სჯობია, მაგრამ ისევ რჩება მთავარ გამოწვევად შაბათ-კვირის გახსნა და კომენდანტის საათის საღამოს 23 საათამდე გადაწევა ან საერთოდ მოხსნა. ეს არის რესტორნისთვის ყველაზე გადამწყვეტი იმიტომ, რომ მთავარი შემოსავალი რესტორანში შემოდის ან შაბათ-კვირას, როდესაც ადამიანები სამსახურიდან ისვენებენ, ან საღამოს, როცა სამსახურს ასრულებენ და სავახშმოდ მიდიან“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ქოქიაშვილმა.
კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი მთავრობის გადაწყვეტილებებს შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. დავით ჩხეიძე განმარტავს, რომ დღეს არსებული დატვირთვა სავაჭრო ობიექტების ხარჯების მხოლოდ ნაწილის ფარავს.
„მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ გახსნილები ვართ, ეს საკმარისი არ არის, რომ ხარჯები და დაგროვებული დავალიანებები, თუნდაც მოლებთან იჯარის გადასახადები, გავისტუმროთ. პარალელურად დავიწყეთ მოლაპარაკება ბანკებთან - რა გზით წავალთ, რადგან შეზღუდვებს ბიზნესზე იმდენად უარყოფითი გავლენა ჰქონდა, რომ ახლა რომც გაიხსნას, მყისიერად ამ კრიზისული მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ, ამას მინიმუმ 1-1.5 წელი დასჭირდება. მიუხედავად ყველაფრისა, შემიძლია ვთქვა, რომ შეზღუდვების ასეთი ტემპით მოხსნა ცალსახად კარგია“, - აღნიშნა დავით ჩხეიძემ.