ტელეკომპანია „კავკასიაში" ერეკლე დეისაძის წიგნ „საიდუმლო სირობის" შესახებ გამართული დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბექა მინდიაშვილმა და ერეკლე დეისაძის სკანდალური წიგნის კიდევ რამდენიმე მომხრემ სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვეს.
„კავკასიის" ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, გადაცემიდან გამოსულ ბექა მინდიაშვილს და თეო ხატიაშვილს გარეთ დახვდნენ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" (მმკ) და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებმაც მათ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მინდიაშვილი და ხატიაშვილი გადაცემის მსვლელობის დროს მმკ–გან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდნენ.
შენობის გარეთ დაწყებულ ხმაურზე გადაცემაში მონაწილე პირებიც გარეთ გავიდნენ და ჩხუბში ჩაერთნენ. მოგვიანებით ჩხუბი და აურზაური სტუდიაშიც დაიწყო.
ინციდენტის დროს მმკ–ს და მოძრაობის წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადაცემის წამყვან ნინო ჯანგირაშვილის ძმისშვილს, ლუკა ჯანგირაშვილსაც, რომელიც ამავე ტელეკომპანიის ოპერატორია. ჩხუბის დროს პოლიცია მის დაკავებას ცდილობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ის ამ ტელევიზიის თანამშრომელია, მისი დაკავება აღარ მოხდა.
ნაცემები არიან ტელეკომპანიის ოპერატორები, ასევე, „კავკასიის" ხელმძღვანელი დავით აქუბარდია. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ყველას, ვინც ტელეკომპანიის ეზოში იმყოფებოდა.
მმკ–ს და მოძრაობის წარმომადგენლებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდათ „ეროვნული ფორუმის" ერთ–ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთანაც.
„კავკასიის" შენობასთან სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ერეკლე დეისაძის წიგნს აპროტესტებდნენ. მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ინციდენტის შემდეგ „კავკასიაში" მივიდნენ „ალიანსის" წარმომადგენლები თინა ხიდაშელი და სოფიო ხორგუანი, კონსერვატორები კახა კუკავა და ლაშა ჩხარტიშვილი. აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია, რომელმაც „კავკასიის" თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა.
ტელეკომპანიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ 8 ადამიანია დაკავებული. თავდაპირველად 18 პირი იყო დაკავებული, მოგვიანებით 10 ადამიანი გაუშვეს.
8 მაისს პოლიციის სამმართველოსთან მივიდნენ სასულიერო პირები, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლები და მოძრაობის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი, სულ 30–მდე ადამიანი.
როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს" მალხაზ გულაშვილმა განუცხადა, ისინი სამმართველოს შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გულაშვილის თქმით, პოლიციის სამმართველოდან გამოვიდა ჯგუფი, რომლებმაც აიყვანეს იქ მდგომი მშვიდობიანი მოქალაქეები, სულ დაკავებული იყო 18 პირი, მათგან შენობაში იმყოფებოდა 8, დანარჩენები დაკითხეს და გამოუშვეს.
გულაშვილმა „კავკასია" „თავისუფლების ინსტიტუტის" დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა.
„კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ ტელეკომპანიაში ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთი ლიდერი დავით საგანელიძეც მივიდა.
- თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან, სხვა დროსაც იგივეს გაიმეორებენ. მეც არ მომწონს ბევრი ტელევიზია, მაგრამ შევვარდნილვარ? დისკუსიაში არ შევდივარ, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. მთავარია, რომ ტელევიზიაში შეიჭრნენ ადამიანები ძალით, რომლებსაც თავისი პოზიციის დაფიქსირება უნდოდათ, - განაცხადა საგანელიძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი საპატრიარქოს მოუწოდებს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" მიერ გამოვლენილ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით ქართული ეკლესიის პოზიცია დააფიქსიროს.
- ეკლესიის დუმილი ამ სიტუაციაში წარმოუდგენელია. მართლმადიდებლობის ღირსება უნდა დავიცვათ. იმედია, თავად ეკლესია გააკეთებს შორსმჭვრეტელურ განცხადებას, - თქვა ცისკარიშვილმა.
ტელეკომპანიაში მომხდარმა ინციდენტმა აშშ–ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც შეაშფოთა. ამასთან დაკავშირებით, მან ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
- საქართველოში არიან ელემენტები, რომელთათვისაც მიუღებელია მრავალფეროვნება აზრის გამოხატვის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მასზე განხორციელებული ძალადობის გარეშე. მოხარული ვართ, რომ პოლიციის ჩარევა იყო ზომიერი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხალხი, ვისაც თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვა სურს, იყოს ანგარიშვალდებული.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა „კავკასიაში" მომხდარი ინციდენტი ჟურნალისტებზე თავდასხმად შეაფასა.
- პრეზიდენტმა გასცა მითითება, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველა დეტალი ბოლომდე დაადგინონ, გამოავლინონ ყველა პირი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმაში, ტელეკომპანიის დარბევაშია დამნაშავე და ყველა მათგანი დაისაჯოს, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის არ გამოიყენონ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.