ლევან გაჩეჩილაძე „დაიცავი საქართველოში” რჩება

ლევან გაჩეჩილაძე „დაიცავი საქართველოში” რჩება

ორშაბათს ან სამშაბათს ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პარტიის პრეზენტაცია უნდა გამართოს.

პარტიის პრეზენტაციაზე ის საპატიო მიზეზით ვერ ჩამოვა. მის ნაცვლად განცხადებებს ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარი გააკეთებენ.

პარტიის სახელწოდება და ახალი წევრების ვინაობაც შესაძლოა ამ დღეებში შევიტყოთ. არ არის გამორიცხული, ახალი პარტიის გვერდით ყოფილი პრემიერი ნოღაიდელიც ვიხილოთ.

ნოღაიდელი და ოქრუაშვილი მთავრობაში ყოფნის დროს ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ახლა კი  დაახლოვდნენ. რამდენიმე თვის წინ მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. ნოღაიდელი, რომელიც ამ დღეებში ბრიუსელს ესტუმრა, ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთხელ დაელაპარაკა.

რაზე მოილაპარაკეს ყოფილმა ჩინოვნიკებმა, ეს ინფორმაცია არ ვრცელდება. ვიცით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, ვისთან ერთადაც ოქრუაშვილი აპირებს ბრძოლას.

ლევან გაჩეჩილაძის ამბავი ცოტა გაურკვეველია. ყველამ ვიცით, რომ გაჩეჩილაძემ შარშან მოძრაობა „დაიცავი საქართველო” დააფუძნა.

საქართველოს დამცველები ხმაურიანი ყრილობის ჩატარებასაც აპირებდნენ. დაპირებული ყრილობა არ ჩატარდა. მოძრაობა რამდენიმე ადამიანის გარდა, ყველამ დატოვა.

ლევან გაჩეჩილაძე ამ მოძრაობის წევრად ისევ ითვლება. და როგორც მისი პრესსამსახურის წარმომადგენელი ნანა ძაგნიძე ამბობს, არსად წასვლას არ აპირებს.

საბოლოო გადაწყვეტილებას გაჩეჩილაძე ალბათ თავად გაახმოვანებს. და მაშინ გავიგებთ, ანებებს თუ არა თავს საქართველოს დაცვას. არც ის არის გამორიცხული საქართველოს დაცვას ოქრუაშვილი შემოუერთონ. ამ უკანასკნელმა მის მიერვე დაფუძნებული პარტია ამ დღეებში დატოვა.

ცნობისათვის, ოქრუაშვილმა თავისი პირველი პარტია 2007 წლის 25 სექტემბერს დააფუძნა. პარტიის დაფუძნებიდან მესამე დღეს ის დააპატიმრეს.