გამოჩნდა, რომ ახალი პრეიმიერისთვის ეკონომიკის აღორძინება უმთავრესი პრიორიტეტია და მთავრობის მთელი აქცენტი გადატანილი იქნება ინიციატივებზე, რომელსაც იგი თავის გუნდთან ერთად 100 დღის განმავლობაში წარმოადგენს. სასწრაფოდ შემსუბუქდება ეპიდემიოლოგიური აკრძალვები და მალე მთლიანად მოიხსნება კიდეც. ასეთი მიდგომით ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესის და ეკონომისტების პირველი მხარდაჭერაც დაისახურა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ და გარღვევას ჯერაც ვერ მივაღწიეთ. წინა ხელისუფლების დროს არაერთი ფასადური რეფორმების მომსწრე ვიყავით. პირველ რიგში, ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რაც უკვე ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ მითია სუსტი სახელმწიფოს იდეა, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში და ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ კონტექსტს, რაც დღეს არის შექმნილი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცენდენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა, რომლის განცხადებითაც, შეზღუდვების 80% მოიხსნება და შემსუბუქებები მიმდინარე კვირიდანვე ამოქმედდება.
„შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა, პირველი ვაქცინა, როგორც მე ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინე, მარტში შემოვა და წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო კახაძემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც რამდენიმე დღეში გადაიდგმება შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით.
„ირაკლი ღარიბაშვილისგან პირობა მივიღეთ, რომ შეზღუდვები მოიხსნება და მუშაობას შეძლებენ თეატრები, კინოები. გარკვეული მოსაზრებაა კომენდანტის საათზე, შესაძლოა, გადაიწიოს ღამის 12 საათამდე, ამას საბჭო საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს.
რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს - პირველი პრეცედენტი თბილისი-რუსთავი იქნება, მაგრამ საბჭო ამის გადაწყვეტილებას მიიღებს. საუბარია მთის კურორტებზეც -სავარაუდოდ, შეზღუდვა აქაც მოიხსნება, მთავარია, წესების დაცვა და დისციპლინა“, - განაცხადა კახაძემ.
უკმაყოფილო ჯერჯერობით არც ბიზნესია. „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში არის რთული სამკუთხედი: ეკონომიკური კრიზისი, კოვიდკრიზისი და პოლიტიკური კრიზისი. ამ სამკუთხედის გახსნის ერთადერთი შესაძლებლობა ეკონომიკური კრიზისის გადაწყვეტაა.
„მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იგივე სამთავრობო გუნდია, მათ საშუალება ეძლევათ ნაბიჯები გადადგან, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მისცენ. მგონია, უდავოა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამენ და არსებული შეზღუდვები ეტაპობრივად, მოკლედ დროში შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური აფეთქება გარდაუვალია. დღეს მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტების გახსნა, შემდეგია რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა, შაბათ-კვირას ფუნქციონირება და „კომენდანტის საათის“ გადაწევა. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით კარგია, რადგან ლიკვიდაციის პირას მყოფ ბიზნესს შესაძლებლობა მიეცემა ნელ-ნელა აღდგეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
რაც შეეხება საკითხს, ითხოვს თუ არა ბიზნესი ახალ პრემიერთან შეხვედრას, მისი თქმით, თუ ადეკვატური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს.
ეკონომიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯების გადადგმას დადებითად აფასებს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, თუმცა აუცილებელია აკრძალვების სრულად გაუქმება და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებისგან, ბრმა მითითებებისგან თავის დაღწევა, რამაც ქვეყნის განვითარებას დიდი საფრთხე შეუქმნა.
„შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამას ვამბობდი გახარიას პრემიერობის დროს და ახლაც ამ პოზიციაზე ვრჩები. ბიზნესისა და დასაქმებული ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას. 100%-იანი გახსნაა საჭირო.
ღარიბაშვილს ვურჩევ, დაუყოვნებლივ გამოსტაცოს ეკონომიკა იმ ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ეკონომიკა როგორ მუშაობს და პროცესები დიქტატის ქვეშ მოაქციეს“, - განაცხადა ბაირახტარმა.
ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი კი აქცენტს ქვეყანაში არსებულ სტაბილურობაზე აკეთებს.
„ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დიდად არის დამოკიდებული მოსახლეობაში და ბიზნეს-წრეებში სტაბილურობის განცდაზე. ირაკლი ღარიბაშვილის მკაცრი რიტორიკა და „წესრიგის აღდგენის“ დაპირება, სწორედ სტაბილურობის განცდის დამკვიდრებას ემსახურება ქვეყანაში“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.