საჯარო მოხელეები ხელფასზე მეტს პრემიებს იღებენ. მოსახლეობა მოტყუებული რჩება, რომ მათი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან, ადამიანები, რომლებიც მათ ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ, მხოლოდ ჯიბეებს ისქელებენ. არადა, ჩინოვნიკების ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას წარმოდგენა შეგექმნება, რომ საქართველოში ყველაზე ღარიბი თანამდებობის პირები ცხოვრობენ. მაგალითად, თბილისის მერის გიგი უგულავას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას არაფერი გააჩნია და საერთოდ ცარიელ-ტარიელია.
„საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ პროექტის ფარგლებში, სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა, სადაც განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტები და სარეზევო ფონდები.
ყველაზე დახურულ უწყებებად შსს, განათლების, ლტოლვილთა და თავდაცვის სამინისტროები დასახელდა. პროექტის ორგანიზატორებს ინფორმაცია არ მიაწოდა არც პრეზიდენტის ადამინისტრაციამ. ყველაზე გამჭვირვალე რეინტეგრაციის სამინისტრო აღმოჩნდა.
პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა სახელფასო ფონდებისა და პრემიების შესახებ კითხვარები 21 უწყებას გადაუგზავნეს. მათ შორის თერთმეტმა ორგანიზაციის შეკითხვებს უპასუხა ნაწილობრივ, ხუთმა - სრულიად, ოთხმა - უარი განაცხადა თანამშრომლობაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ უარის მიზეზად კანონმდებლობა დაასახელა.
აღმოჩნდა, რომ გაცემული პრემიების ოდენობა, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელფასო ფონდსაც კი აღემატება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელფასების ფონდს პრემიების ფონდიც კი აჭარბებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელფასო ფონდისთვის 2010 წელს 395 ათასი ლარი იყო გამოიყო, ხოლო პრემიებზე 675 ათასი დაიხარჯა. ეს ნიშნავს, რომ ისედაც მცირედი სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი, მხოლოდ თანამშრომლების სახელფასო, საპრემიო ანაზღაურებისთვის იხარჯება.
დანარჩენ, ყველა სამინისტროში სახელფასო და პრემიების ფონდები თანაბარია. ექსპერტების განცხადებით, ესეც კი კატასტროფული მაჩვენებელია. საქართველოში საჯარო მოხელეებს ისედაც მაღალი ანაზღაურება აქვთ, თუმცა გამოდის, რომ ისინი პრემიების სახით ხელფასებს იორმაგებენ.
არის თუ არა თანამდებობის პირების პრემიები პირადი ინფორმაცია მაშინ, როცა პრემიები, ისევე როგორც ხელფასები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რიგდება? ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას განცხადებით, საჯარო სამსახურების მიერ გაცემულ ხელფასებსა და პრემიებზე ინფორმაცია არ შეიძლება საიდუმლო იყოს.
„არ შეიძლება, გაცემულ ხელფასებზე და პრემიებზე ინფორმაცია იყოს საიდუმლო. ხელფასები და პრემიები არის საჯარო ფინანსების შემადგენელი ნაწილი. ამიტომ ამ ფინანსებზე ნებისმიერი ინფორმაცია საჯაროა, გარდა სახელმწიფო საიდუმლო შესახებ კანონით გათვალისწეინებული დახურული ინფორმაციისა, რაშიც ხელფასები და პრემიები არ შედის“, - აღნიშნა ნარმანიამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამარ გურჩიანის თქმით, ამ შემთხვევაში პირადი ინტერესის დაცვას საზოგადოებრივი ინტერესი აღემატება, რის საფუძველზეც ეს ინფორმაცია ღია უნდა იყოს. გურჩიანის განმარტებით, დარღვევაა, როცა თანამდებობის პირების პრემიები დამალულია. მიუხედავად იმისა, რომ საია-მ თითქმის ყველა საჯარო დაწესებულებას ოფიციალურად მოსთხოვა აღნიშნული ინფორმაცია, სახელმწიფო ხაზინის გარდა უპრობლემოდ არცერთ უწყებას ეს ინფორმაცია არ გაუცია, რაც იურისტს ეჭვის საფუძველს აძლევს, რომ პრემიები უკანონოდ და დარღვევებით გაიცემა.
საჯარო უწყებების პრესსამსახურებში აცხადებენ, რომ პრემიების შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური და მას ვერ მოგვაწვდის.
„ვფიქრობ, საჯარო ფინანსების ხარჯვა არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და პირადი ცხოვრება სწორედ ბალანსდება დიდი საზოგადოებრივი ინტერესით. არ ვიცით, რა დამსახურებისთვის იღებენ პრემიებს და რა მოცულობით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პრემიების შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური, აქვე უნდა გაჩნდეს კითხვა: ეს ინფორმაცია რამდენად აღემატება საზოგადოებრივ ინტერესებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ბევრად აღემატება ამ პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინტერესს. აქ საუბარი არც არის პირადი ცხოვრების ღრმა დეტალების ცოდნაზე. აქ საუბარია სახელმწიფო სახსრების განკარგვაზე“, - აცხადებს თამარ გურჩიანი.