ნავთობკომპანიებს ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა დაევალოს! - ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქვეყანას ევროდირექტივა ავალდებულებს. საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორთან კონსულტაციები დაწყებულია. როგორც იმპორტიორები, ასევე კომპანიების წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ახლა ქვეყანაში ასეთი ნაბიჯების გადადგმის დრო არ არის. მით უფრო, რომ რეზერვის შექმნა საწვავის საცალო ღირებულებას გაზრდის.
ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და პანდემიაა. პროდუქციის მოხმარება ისედაც შემცირებულია. ამ დროს საწვავზე ფასის ხელოვნური ზრდა, სრულიად უგუნური ნაბიჯი იქნება. არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელ „ოპტიმაში“ ადასტურებენ, სტრატეგიული მარაგების შექმნა საწვავის ფასს ნამდვილად გაზრდის.
„ნავთობპროდუქტების სავალდებულო მარაგების შექმნა და დარეზერვება ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო იქნება კომპანიის მხრიდან საინვესტიციო რესურსის გამოყოფა. ვიტყოდი, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ჯერ ჩვენთვის ცოტა ადრეა“, - განუცხადეს „რეპორტს“ კომპანიაში და ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისათვის ამის გაკეთება აუცილებელია, თუმცა ცოტა მოგვიანებით.
ამჟამად ნავთობიმპორტიორებს საქართველოში მაქსიმუმ 2 თვის მარაგი შემოაქვთ. ნავთობპროდუქტების სტრატეგიული მარაგების მართვა მარტივი არ არის. სპეციალისტების განმარტებით, ბენზინის შენახვა დიდი ხნით არც შეიძლება. ზოგიერთ ქვეყანაში საწვავის სტრატეგიულ მარაგებს სახელმწიფო ქმნის და მართავს. არის შემთხვევები, როცა ამას ბიზნესი და ხელისუფლება კოორდინირებულად აკეთებს და პასუხისმგებლობასთან ერთად ხარჯსაც ინაწილებენ. თუ საქართველოში ამის გაკეთება მხოლოდ ბიზნესს დაევალება, ეს საწვავის თვითღირებულებას და იმპორტს გაზრდის, რაც ავტომატურად გაზრდის მის სარეალიზაციო ფასსაც.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნის ხარჯი საწვავის თვითღირებულებას გაზრდის. ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, კომპანიებს შესაბამისი კაპიტალდაბანდება მოუწევთ, რაც საწვავის ფასზე აისახება.
„კომპანიებს მოუწევთ გარკვეული სახის პროდუქტის ე.წ. დასაწყობება. კაპიტალდაბანდება, თანხების გამოყოფა - ეს დამატებითი ხარჯია, ცალსახად. ამიტომ მარაგის შექმნა ძალიან რთული თემაა. ევროკავშირის ქვეყნებში, კი ბატონო, მარაგების არსებობა სავალდებულოცაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა. მარაგის შექმნის ძირითადი მიზანი არის ყოველთვის ის, რომ გაუთვალისწინებელი სიტუაციისას ქვეყანას ჰქონდეს დასაწყობებული პროდუქტი, რომელიც მიმდინარე მოთხოვნებს პრობლემას არ შეუქმნის. ჩვენთან ჯერჯერობით არც შექმნილა დეფიციტი ამ კუთხით. ომი გამოვიარეთ და არც იმ პერიოდში იყო შეფერხება. ნავთობპროდუქტების მარაგების შექმნა ცალსახად კარგია, თუმცა დამატებით ხარჯებს გამოიწვევს კომპანიებისთვის, რაც, ალბათ, რაღაც დოზით პროდუქციის თვითღირებულებაზეც აისახება“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.