„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა. ეს 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რასაკვირველია, ამაში დამნაშავე პანდემია და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია. სწორედ მასობრივი უმუშევრობის მიზეზია ის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სულ უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს სურს წასვლა და დასაქმება.
სამუშაო ძალის მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, 2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2.2 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.4 და 2.3 პროცენტული პუნქტით.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
„2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 1 პროცენტული პუნქტით უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 4.7 პროცენტული პუნქტით“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“, უმუშევრობის ოფიციალური დონის მკვეთრი ზრდა რეალურ საფრთხედ შეფასდა.
„თუ მთავრობა ანტიკრიზისულ ღონისძიებებს 2021 წელსაც გააგრძელებს, უმუშევრობის დონე კიდევ მოიმატებს. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები საგანგებოა და შედარებით მოკლევადიანი: ისინი ძირითადად შექმნილ პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას ისახავენ მიზნად. რაც შეეხება კრიზისის შედეგების დაძლევას, ამისთვის აუცილებელია კრიზისიდან გამოსვლის გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის ძირითადი მიმართულებები მთავრობამ უკვე გამოაცხადა და დაიწყო მათი განხორციელება. დღეის მდგომარეობით, მოვლენები დასაქმების სფეროში შესაძლოა შემდეგი სცენარით განვითარდეს: უმუშევრობის დონე განაგრძობს შეუჩერებელ ზრდას, რასაც მოჰყვება სოციალური ფონის არსებითი დაძაბვა, სახელმწიფოს კი აღარ ეყოფა მყისიერი ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსები, რომელთა შევსებაც, მკვეთრად გაზრდილი უმუშევრობის პირობებში, ძალზე გართულდება. მეორე მხრივ, კვლავინდებურად ასიმეტრიულად გაიზრდება სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა ხვედრითი წონა, რომელიც ისედაც მაღალია“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
სწორედ მასობრივი უმუშევრობის მიზეზია ის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სულ უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს სურს წასვლა და დასაქმება. პროგრამის პორტალში, რომელიც გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას ითვალისწინებს, რეგისტრაცია პირველ ორ დღეში 60 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. რასაკვირველია, დაინტერესების ასეთი დიდი მიზეზი ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონე და დაბალი ანაზღაურებაა.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებმაც ამ პროგრამის ასეთი დიდი დოზით დაინტერესება გამოიწვია და რომელთა გამოც საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლის სურვილი გაუმძაფრდათ.
„ამის პირველი მთავარი მიზეზი დიდი დოზით უმუშევრობაა, თანაც ანაზღაურება გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენთანაა. დარწმუნებული ვარ, დარეგისტრირებულთაგან ზოგიერთს სამსახური აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს, რომ ქვეყანა დატოვოს. არის კიდევ ერთი ფაქტორი - მართალია, ეს პროგრამა სამი თვის ვადით არის, მაგრამ ზოგს შეიძლება, იმედი ჰქონდეს, რომ ურთიერთობები დაამყაროს და მომავალში სხვადასხვა ფორმით განაგრძოს თანამშრომლობა და გერმანიაში დარჩეს.
ადამიანს, რომელსაც არ აქვს პურის საყიდელი ფული და თითქმის მოწყალებას ელოდება, უნდა მისცე საშუალება, რომ სხვა ქვეყანაში წავიდეს და იქ მუშაობა შეძლოს, მაგრამ მთავრობის ფუნქცია ის არის, რომ შიგნით განავითაროს სამამულო ეკონომიკა. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას ქვეყნის დატოვების სურვილი არ გაუჩნდება. რეალურად, ჩვენ გვყავს მუშახელი, მაგრამ მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. ეს უნდა წაახალისო, სოფლის მეურნეობა უნდა განავითარო და სამუშაო ადგილები ქვეყნის შიგნით უნდა შექმნა. როდესაც სათანადო პირობები არ არის, ბუნებრივია, ხალხს წასვლის სურვილი აქვს“, - აღნიშნა ავთო სილაგაძემ.
მოსახლეობის საზღვარგარეთ სამუშაოდ ორგანიზებულად გაყვანა არ არის სახელმწიფოს ფუნქცია. მისი ფუნქციაა თავისი მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ შრომითი მიგრაციის სამართლებრივი რეგულირება და უცხო ქვეყანაში მათი კანონიერი ინტერესების დაცვა.
სახელმწიფომ თავისი მოქალაქეებისათვის სამუშაო ადგილების შექმნაზე, ქვეყნის შიგნით უნდა იზრუნოს.
უუნაროს საზღვარგარეთ არავინ დაასაქმებს. მაღალი უნარების მქონე სამუშაო ძალის ქვეყნიდან ორგანიზებულად გაყვანა ადგილობრივ წარმოებას განვითარების პერსპექტივას უსპობს.
ეს არ არის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაზე ორიენტირებული პროექტი.
სახელმწიფომ, მოქალაქეთა ღირსეული შრომითი მირაციის სამართლებრივი ბაზა უნდა შექმნას, დანარჩენი მისი ფუნქცია არ არის. სახელმწიფო ამ პროცესში პროპაგანდისტად და ორგანიზატორად არ უნდა გვევლინებოდეს.