„დინამო თბილისს“ ბრიტანულმა იუთუბ არხმა Tifo Football-მა ვიდეოილუსტრაცია მიუძღვნა, რომელშიც ქართული კლუბის ისტორიაზე ზედაპირულად არის საუბარი. „ევროპის თასის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გამარჯვებული“ - ეს არის ფიილმის სახელი, რომელიც მთლიანად „დინამო თბილისს“ და კერძოდ, 1981 წლის თასების თასის ჩემპიონ გუნდს ეძღვნება.
თუმცა, ფილმში სხვა პერიოდებიც არის მოთხრობილი. მაგალითად, საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა 1964 და 1978 წლებში დებიუტი ევროთასებზე 1972 წელს და ენსხედეს „ტვენტესთან“ 3:2 გამარჯვება. ცხადია, გვერდი არ აუვლიათ ჩემპიონთა თასზე „ლივერპულთან“ ისტორიულ მატჩზე და შემდგომ უკვე „ჰამბურგთან“ მარცხზე. ფილმში ნახსენებია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ და დამოუკიდებლობის მოპოვებამ „დინამო თბილისს“ კარგი არაფერი მოუტანა და გუნდი ძველ დიდებას დღითიდღე დაშორდა, ბოლო მაგალითად კი, ფარერების „კლაკსვიკთან“ წაგებასაც ახსენებენ (1:6).
„როდესაც საბჭოთა კავშირმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, გუნდში სამი ქართველი თამაშობდა: გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი. ისინი „დინამო თბილისში“ თამაშობდნენ და „დინამოს“ გამარჯვება საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ნიშნავდა“, - ამბობენ ვიდეოში.
შემდგომ უკვე საუბარი „დინამოში“ ნოდარ ახალკაცის მთავარ მწვრთნელად მისვლაზე, რომელიც მანამდე თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. გუნდის მთავარი ვარსკვლავი კი დავით ყიფიანი იყო, რომელსაც ავტორი „ქართველ გარინჩად“ იხსენიებს. ყიფიანის გარდა, ყველაზე დიდ ტალანტად ნახსენებია ვიტალი დარასელია და დაცვის ლიდერი ალექსანდრე ჩივაძე. თასების თასის მოგების შემდეგ „დინამო თბილისს“ ჩავარდნა დაეწყო, რაც 1986 წელს გუნდიდან ნოდარ ახალკაცის წასვლით დასრულდა.
ვიდეოში აღნიშნულია, რომ 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ახალგაზრდა ვარსკვლავი ვიტალი დარასელია. ასევე ახალგაზრდულ ასაკში წავიდნენ დავით ყიფიანი (49 წლის) და რამაზ შენგელია (55 წლის). ავტორი ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობამ „დინამო თბილისზე“ ცუდად იმოქმედა. კორუფციამ და ორგანიზებულმა კრიმინალმა ქართულ კლუბებს განვითარებაში ხელი შეუშალა და დღემდე საქართველოს ნაკრებს დიდ ფორუმზე არ უთამაშია, თუმცა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხი რომ არა, შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა. კიდევ უფრო მძიმედ ხასიათდება კონკრეტულად „დინამოს“ მდგომარეობა და მაგალითად „კლაკსვიკთან“ მარცხი მოჰყვას, რომელსაც ახასიათებს, რომ კლუბი ამ წაგებით კიდევ უფრო დაშორდა თავის დიდებულ წარსულს...