2020 წელს ლარი დოლართან მიმართებით 14.3%-ით გაუფასურდა. ასევე მერყეობით გამოირჩეოდნენ მეზობელი ქვეყნის ვალუტები (აზერბაიჯანული მანათის გარდა). რუსული რუბლი, თურქული ლირა და უკრაინული გრივნა, ქართულ ფულზე მეტად გაუფასურდა. ვარდნა დაიწყო სომხურმა დრამმაც, რომელმაც შარშან 9% დაკარგა, თუმცა ეს ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორია ახლო მომავალში ლარის წონასწორობის ნიშნული და მოსალოდნელია თუ არა მორიგი გაუფასურება?
„გალტ ენდ თაგარტის“ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში ლარის გამყარება მოსალოდნელია 3.15-3.2 ნიშნულამდე. პესიმისტური სცენარის მიხედვით კი კურსი 3.30-3.40-ის ფარგლებში იტრიალებს.
კრიზისმა გლობალურ სავალუტო ბაზარზე დიდი რყევები გამოიწვია, თუმცა ლარის კურსის მერყეობის დიაპაზონი ერთ-ერთი ყველაზე ფართო აღმოჩნდა მსოფლიოში. მხოლოდ 10 დღის განმავლობაში (17-26 მარტი) ლარი 25 პროცენტით გაუფასურდა, როდესაც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებს ასეთი დევალვაცია ასეთ მოკლე ვადაში არ განუცდიათ. მოგვიანებით ქართუმა ვალუტამ წონასწორობის ნიშნული 3.30-ის დიპაზონში იპოვა და ბოლო რამდენიმე თვეა ამ პოზიციაზეა.
ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავდა, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
კობა გვენეტაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს, როგორც მცირე და ღია ეკონომიკას, სურს აქტიური მონეტარული პოლიტიკა და ამისთვის ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. ქვეყანაში კაპიტალის თავისუფალი მობილობისთვის კი მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.
იქვე სებ-ის პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს. ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკა უკვე გაცხადებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის. ასეთი ჩარევა მინიმუმ 2021 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ფინანსისტი ნიკა შენგელიაც ადასტურებს, რომ ლარის სტაბიულობას ახლა სრულად ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები განაპირობებს. კურსის პროგნოზი კი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც დღესაა - 3.30-ის ფარგლებში მდორედ მოძრავი ეროვნული ვალუტა.
„პირველ კვარტალში ლარის გაუფასურებას ნამდვილად არ ველოდები. ამას განაპირობებს სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე დოლარის გაყიდვა. ცენტრალურ ბანკს ამის შესახებ სრულად გაცხადებული პოლიტიკა ჰქონდა, რომ წლის პირველ ნახევარში არ დატოვებდა სავალუტო ბაზარს თვითდინებაზე. ეს გააკეთა კიდეც, იანვრის განმავლობაში ბაზარს 80 მლნ ლარი მიაწოდა. როგორც კი სებ-ი დატოვებს სავალუტო ბაზარს, ლარი დაიწყებს გაუფასურებას, თუმცა ეს ჯერ არ მოხდება.
ზოგადად, ლარი 3.30-ის ფარგლებში დარჩება მთელი გაზაფხულის პერიოდში. ასეთია ჩვენი პროგნოზი. მის გაუფასურებას არ ველოდებით“, - განაცხადა შენგელიამ.
იანვრის კრიზისული პერიოდი ეროვნულმა ვალუტამ ასე თუ ისე გადალახა და მცირედი გამყარებაც დაიწყო. თუკი ეკონომიკის აღდგენის ტემპი უფრო დაჩქარდა, შესაძლოა, ლარმა პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯებესოს.