ბიზნესს შეზღუდვების მოხსნაზე გაჯანჯლებული საუბარი ყელში ამოუვიდა და მთავრობას კონკრეტული მოთხოვნები წაუყენა. ეპიდემიოლოგების გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლება ჯერჯერობით ისევ ამუხრუჭებს ეკონომიკასაც და მოსხლეობასაც. არადა, უკვე მათ მიერ მთავარი საკონტროლო ნიშნული - დადებითობის მაჩვენებელი - დიდი ხანია 3%-ს ჩამოსცდა.
ქვეყანაში მოქმედი 10 ბიზნეს გაერთიანება პრემიერს 7 მოთხოვნით მიმართავს, რომელშიც არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არგუმენტირებულად გაწერილია შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობა:
- „კომენდანტის საათის“ დაწყების ვადის გადაწევა 2საათით. კერძოდ, ნაცვლად 21:00 საათისა, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში შევიდეს 23:00-დან. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ზეწოლას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე პიკურ პერიოდში და ასევე, მისცემს საგრძნობ ეკონომიკურ შედეგს ბიზნეს სექტორს.
- შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვის მოხსნა იმ ბიზნეს სექტორებისთვის, რომელთა მუშაობაც ნებადართულია სამუშაო დღეებში. ეს საკითხი განსაკუთრებით კრიტიკულია საცალო სავაჭრო სექტორისთვის, რომლის ბრუნვის 40% სწორედ დასვენების დღეებში გენერირდება.
- კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტების დამუშავება დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად მისცემს საშუალებას ცალკეული დარგებს, ოპერატიულად ამუშავდნენ. მაგალითად, საუბარია სავაჭრო ცენტრებისთვის შეღავათის მიცემაზე 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების კუთხით.
- 22 თებერვლიდან სარესტორნო - კვების ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც, შესაბამისი მკაცრი რეგულაციის პირობებში, რაზეც დარგის წარმომადგელნლებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული წინადადებები.
- მთის კურორტების გახსნა 22 თებერვლიდან. მიუხედავად ფაქტობრივად დასრულებული ზამთრის სეზონისა, სასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლონ მინიმალური შემოსავლების მიღება, სრული კოლაფსის და გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით.
- საქართველოს ბიზნესომბუდსმენის არჩევა და დანიშვნა მოხდეს ბიზნეს სექტორთან პირდაპირი კონსულტაციით და უშალო მონაწილეობით. ამ მიმართულებით მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შესაბამისი მოდელის დამუშავებაში, რაც ასევე გულისხმობს ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის დაფინანსებას ბიზნეს სექტორიდან.
- მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით“, - ნათქვამია კერძო სეტორის მოთხოვნაში, რომელსაც ხელს საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია - კოტე გაბრიჩიძე; საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია - ლევან ქოქიაშვილი; საქართველოს რითეილერთა ასოციაცია - ზურა ადეიშვილი; საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია - ივა ჭყონია; საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი - სანდრო რატიშვილი;
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია - ლევან სილაგავა; საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია - ლევან ყარალაშვილი;
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია - დავით მესხიშვილი;
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია - მაია ბიჭიკაშვილი; საქართველოს სასტუმროების ფედერაცია - შალვა ალავერდაშვილი აწერს.
ასეთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ, მთავრობამ მხოლოდ რესტორატორებისთვის მოიცალა და ეკონომიკის მინისტრმა მათთავნ შეხვედრა გამართა. რესტორნის მეპატრონეების მისი დასრულების შემდეგ კმაყოფილი არ დარჩნენ, თუმცა შეზღუვების მოხსნისთვის გარკვეული წინაპირობა მაინც დაინახეს.
ის, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, არის ის, რომ რესტორნების შიდა სივრცეები ეტაპობრივად, რეგულაციების შედარებით მკაცრი დაცვით გაიხსნება, თუმცა როდის, ამის შესახებ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
„ვისაუბრეთ ეტაპობრივად, ნაბი-ნაბიჯ, პირველ რიგში, შიდა სივრცეების გახსნაზე, რომელიც გაიხსენება მცირედით უფრო რთულ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს მობილობის გაზრდა, რისიც ეშინია ეპიდემიოლოგებს. თარიღი, სამწუხაროდ, არ იყო ნათქვამი, მაგრამ პირველივე საკოორდინაციო საბჭოზე იქნება გაჟღერებული ჩვენი შეთავაზებები.
თუ აქამდე 6 ადამიანი იყო დაშვებული მაგიდასთან, ახლა საუბარია 4-ზე, პირობითად 44 ადამიანის შეკრება იყო შესაძლებელი, ახლა შემცირებულია 30 ადამიანამდე, ანუ მაქსიმუმი ზღვარი დაწესდება და კვადრატულობის მიხედვით განისაზღვრება“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე და დასძინა, რომ ბიზნესის სურვილია გახსნა 22 თებერვალს მოხდეს, თუმცა რეალურად მიაჩნიათ რესტორნებს შიდა სივრცეების გახსნის შესაძლებლობა მარტის პირველი რიცხვებიდან მიეცეთ.
შეზუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება რომ შესაძლებელია, ამაზე საუბრობენ ეპიდემიოლოგებიც. ალექსანდრე გოგინავას აზრით, შესაძებელია, ეტაპობრივად დაკმაყოფილდეს ბიზნესის მოთხოვნა. დღეს დღეობით ნაკლებად რისკის შემცველია კომენდანტის საათის გადაწევაა.
„როგორც მინიმუმ, შესაძებელია, არსებული შეზღუდვები გადაიხედოს და ეტაპობრივად დაკმაყოფილდეს ბიზნესის მოთხოვნა, მაგრამ რეგულაციების ერთბაშად გაუქმება რთული და რისკის შემცველი იქნება. თუ ჩვენ, უახლოესი ორი კვირა, კიდევ სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვექნება, რა თქმა უნდა, უნდა გაიხნას, როგორც სარესტორნო ბიზნესი, ასევე სხვა შეზღუდვებიც უნდა გადაიხედოს. კომენდანტის საათის გადაწევა, ანდა კვირის დღეებში მისი გვიან ამოქმედება შესაძლებელია და ეპიდემიოლოგიური კუთხით დიდად არაფერს შეცვლის“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.