კრემლი ძირძველი ქართული მიწების საერთაშორისო "აღიარებასაც" ესწრაფვის. ოკუპანტები და ადგილობრივი მარიონეტები იქამდე გათავხედდნენ, რომ ქართველ ბავშვებს საკუთარი ეზოებიდან იტაცებენ და ცხინვალის დილეგებში ამწყვდევენ.
თუ როგორ იწყებოდა და ვითარდებოდა ე.წ. სამხრეთ ოსური კონფლიქტი, ამაზე "სარკესთან" გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლების პრემიერ–მინისტრი თენგიზ სიგუა საუბრობს.
თენგიზ სიგუა:
– ყველაფერი ჯერ კიდევ 1989 წლიდან მზადდებოდა. მაშინ უკვე ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა. საკავშირო მეცნიერებათა აკადემიაში იყო ცნობილი ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, რომელიც აკადემიკოს ბრომლეის სახელს ატარებდა. სსრკ–ს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და უშიშროებამ (კაგებემ) სწორედ ამ ინსტიტუტს მისცეს შემდეგი დავალება – კავშირის დაშლის შემდეგ რა ღონისძიებები უნდა ჩაეტარებინა მოსკოვს, რომ თავის ორბიტაზე აწ უკვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები შეენარჩუნებინა.
ამ ინსტიტუტში მართლაც ძალიან ძლიერი სამეცნიერო ძალები იყო თავმოყრილი. იქ ყველაზე კარგად იცოდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ერების ფსიქოლოგია, მათ შორის ეთნოფსიქოლოგიაც. ამ ინსტიტუტმა დავალება "პირნათლად" შეასრულა. თუმცა მის დოკუმენტს ედო გრიფი "სრულიად საიდუმლოდ", მე მაინც მომეცა საშუალება და ამ დოკუმენტის შინაარსი გამაცნეს.
რა ძირითად მიმართულებებს მოიცავდა აღნიშნული დოკუმენტი?
– სულ 18 პუნქტიანი დოკუმენტი იყო, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რა რეკომენდაციები დგას მის უკან: პირველი – იმისთვის, რომ რესპუბლიკები კრემლის ორბიტაზე შენარჩუნდნენ, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში ახლავე უნდა შეიქმნას ე.წ. ინტერ–ფრონტები. იგულისხმებოდა, რომ ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში გარდა ავტოქტონური მოსახლეობისა ცხოვრებენ სხვა ერებიც. მათ საერთო საკომუნიკაციო ენა რუსული ჰქონდათ. ამიტომ ეს ერები ინტერ–ფრონტებში უნდა გაერთიანებულიყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებების წინააღმდეგ.
ამ რეკომენდაციამ ბევრ რესპუბლიკაში იმუშავა. მაგრამ საქართველოში მან ვერ ჰპოვა ისეთი ძლიერი დასაყრდენი, რომ ამ ინტერ–ფრონტს გაემართლებინა. ამიტომ საქართველოში მოქმედებაში შევიდა მეორე პუნქტი. იგი გულისხმობდა ავტონომიური წარმონაქმნების დაპირისპირებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამან საქართველოში "კარგად" იმუშავა.
რა ნაბიჯებით დაიწყო ეს ყველაფერი?
– 80–იანი წლების დასასრულს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა საკუთარ თავს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭა. ამის საპასუხოდ საქართველოს იმჟამინდელმა პარლამენტმა, რომელსაც უზენაესი საბჭო ერქვა, მიიღო დადგენილება და საერთოდ გააუქმა ოსეთის ავტონომია. ოთხი ადმინისტრაციული რაიონი, რისგანაც ეს ოლქი შედგებოდა, საქართველოს ჩვეულებრივ რაიონებად გამოაცხადა.
დღესაც რომ მკითხოთ, სავსებით გამართლებულად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება. არასოდეს ოსეთს რაიმე ავტონომიური წარმონაქმნი საქართველოს ტერიტორიაზე არ ჰქონია. იგი შექმნეს ბოლშევიკებმა. სახლში მაქვს ისტორიული რუკა, 1893 წელს გამოცემული რუსეთში, მოსკოვში. ამ რუკაზე თვალნათლივ ჩანს, რომ ცხინვალი არის გორის მაზრის ერთ–ერთი დასახლებული პუნქტი, მეტი არაფერი. ამიტომ უზენაესი საბჭოს მაშინდელი გადაწყვეტილება სავსებით გამართლებულად მიმაჩნია. თუ ამ საკითხში მომავალში სხვა გზით წავალთ, ეს საქართველოს დაღუპავს.
უფრო კონკრეტულად?
– არავითარ შემთხვევაში არ ვარ იმის მომხრე, რომ სამხრეთ ოსეთს პოლიტიკური ავტონომიის სტატუსი აღუდგეს. ახლა მეორე ფაქტორსაც გეტყვით.საქართველოში ცხოვრობს 150 ათასი ოსი, აქედან ავტონომიაში მხოლოდ 50 ათასი ცხოვრობდა. დანარჩენი 100 ათასი ოსი მთელ საქართველოში ცხოვრობს. რის საფუძველზე უნდა ჰქონოდათ ცხინვალში ავტონომია? ეს ბოლშევიკების დანაშაული იყო გამომდინარე შედეგებით. კულტურული ავტონომია კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკურ–ტერიტორიული ავტონომიის აღდგენა დაუშვებელია. ეს ისევ ნელი მოქმედების ნაღმი იქნება საქართველოს მიწაში ჩადებული.
ავტონომიის გაუქმების გადაწყვეტილების შემდეგ, იქ ქართული მილიციის ნაწილების შეყვანა რამდენად გამართლებული იყო?
– ამის შემდეგ იქ დაიწყო წინააღმდეგობები, მათ შორის შეიარაღებული წინააღმდეგობებიც. ამიტომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება იქ პოლიციის ძალების შეყვანის შესახებ. შევიდნენ საკუთრივ პოლიციის ძალები და პოლიციის აკადემიის სტუდენტები. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა ჩვენი პოლიციის გენერალი, აწ გარდაცვლილი გივი კვანტალიანი. გენერალმა კვანტალიანმა ისე მოახერხა, რომ იქ წინააღმდეგობა მთლიანად დაძლეული იქნა და დამყარდა სიმშვიდე.
ამის შემდეგ რატომ შეიცვალა სიტუაცია ჩვენთვის არასასიკეთოდ?
– უდიდესი შეცდომა ის იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს გივი კვანტალიანმა მიიღო ბრძანება, თავისი პოლიციური ძალების ცხინვალიდან გამოყვანის თაობაზე. იქ საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარები შევიდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ოსების მნიშვნელოვანი გააქტიურება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა მომხდარიყო და იგი დიდ შეცდომად მიმაჩნია.
ამის შემდეგ ოსებმა უკვე გათავხედება დაიწყეს. შეიარაღებულ თავდასხმებს ახორციელებდნენ. თუმცა ჩვენც ხელს არ ვაკლებდით. ჩვენი მხრიდანაც იქ საკმაოდ ძლიერი სამხედრო ოპერაციები იყო ჩატარებული. ყოველივემ მიგვიყვანა იმ სიტუაციამდე, რაც დღეს არის რეალურად.
რა როლი ითამაშა მდგომარეობის აქამდე მიყვანაში დაგომისის ცნობილმა შეთანხებამ?
– კიდევ ერთი დიდი შეცდომა, რაც ჩვენ დავუშვით, ეს იყო დაგომისის ცნობილი ხელშეკრულება. რუსეთი რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოდიოდა, ეს ხომ ყველასთვის ცნობილი იყო? რუსები ყველა რესპუბლიკაში ისეთი გარდაქმნების განხორციელებას ცდილობდნენ, რომ თავის ორბიტაზე დაეტოვებინათ ისინი საბჭოეთის დაშლის შემდეგაც. ასეთივე მცდელობა აქაც იყო და ეს ჩვენ ყველამ ვიცოდით. მაგრამ 1993 წელს უცებ დაგომისში ხელი ეწერება ხელშეკრულებას და რუსები ინიშნებიან მომრიგებელ–მოსამართლეებად. არ ვიცი, ეს უკვე შეცდომაა, თუ დანაშაული ქვეყნის წინაშე. ანუ დაინტერესებული მხარე ინიშნება მომრიგებლად. ამის შედეგად ისინი 2008 წლამდე ამ ე.წ. სამშვიდობო მისიას ასრულებდნენ. თუმცა დაგომისის დოკუმენტში შავით თეთრზე ეწერა, რომ იქ დსთ–ს სამშვიდობო ძალები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ შესანიშნავად ვიცით, რომ იქ არცერთი უკრაინელი, ყაზახი, უზბეკი და მოლდაველი არ ყოფილა. მხოლოდ რუსული ძალები იყვნენ.
დღეს ისინი უკვე თავხედურად სამხედრო ბაზებს ხსნიან, შეაქვთ და და შეაქვთ სამხედრო შეიარაღება. ეს იმის შედეგია, რომ ჯერ კიდევ 1993 წელს უნდა მოგვეთხოვა საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ჩარევა ჩვენს შიდა კონფლიქტებში. რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ–ერთ მხარედ არანაირად არ უნდა გვეღიარებინა. თავიდანვე არ უნდა მიგვეცა მათთვის აფხაზეთში და ცხინვალში კონტროლის განხორციელების საშუალება.
რატომ ვერ შეცვალა ამ მხრივ პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ სააკაშვილის ხელისუფლებამ?
– ძალიან ბევრი შეცდომები იყო დაშვებული. ხომ გახსოვთ 2005 წელს იქ რა მოხდა? შევიყვანეთ სამხედრო ძალები და სასტიკად დავმარცხდით. ალბათ გემახსოვრებათ საშინელი კადრები, როდესაც დაჩოქილი და თავზე ხელებშემოჭდობილი ორმოცდაათი სამხედრო დააპატიმრეს. ასეთი სამარცხვინო კადრი ჩვენ უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა.
მაშინაც აბსოლუტურად მოუმზადებელი ოპერაცია იყო. დღესაც გაუგებარია, რატომ ჩაატარეს ის ოპერაცია. იგივე მოხდა შარშან, 8 ავგვისტოსაც. ძალიან დეტალურად რომ შევისწავლე ის ამბები, ერთ დასკვნამდე მივედი. მეჩვენება, რომ შეერთებული შტატების ჩუმი თანხმობა იყო, რომ ქართველებს ცხინვალში სამხედრო ოპერაცია დაეწყოთ. ამაზე ორი ფაქტორი მიუთითებს: თუ გახსოვთ, ცოტა დაგვიანებით პრეზიდენტმა სარკოზიმ თქვა, რომ როდესაც ეს ომი დაიწყო, ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა დამირეკა და მითხრა, რომ ნუ ჩაერევი, რუსები თბილისში შევიდნენო. ე.ი. ბუშს უნდოდა, რომ რუსები თბილისში შესულიყვნენ; ეს ყოველივე ხდებოდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხარჯზე. მაგრამ მორალურად დასავლეთი მთელს მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახვებდა რუსეთის სახეს. მორალურად ბუში რასაკვირველია გამარჯვებული იქნებოდა, მაგრამ ვის ხარჯზე კეთდებოდა ეს? რასაკვირველია საქართველოს ხარჯზე.
მეორე – როდესაც გავიგეთ, რომ ევროკავშირი და აშშ დახმარების სახით 4,5 მილიარდს გამოგვიყოფდა, დავიწყე ამ საკითხის შესწავლაც; ამხელა დახმარება ჩვენი დონის სახელმწიფოს არასოდეს, არავისგან არ მიუღია. ერთადერთი ეს არის ისრაელი, რომელიც ყოველთვის დიდ დახმარებას იღებს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან. სხვა ასეთი მაგალითი არ არის. ეს მომენტიც იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა შინაგანად აღიარეს თავისი ვალდებულება და ამიტომ გამოყვეს ამხელა თანხა. ეს ფაქტორი იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის ხელმძღვანელობის ჩუმი თანხმობა იყო ამ აქციაზე.
უნდა დაენახვებინათ მსოფლიოსთვის, რომ აი გავიდა ოცი წელი სსრკ–ს დაშლის შემდეგ, თითქოსდა რკინის ფარდა უკვე მოიშალა, მაგრამ რუსეთმა ბოლო დროს ისევ დაიწყო მიუღებელი ნაბიჯების გადადგმა და მას ჭკუა უნდა ვასწავლოთო; ერთ–ერთი სახე ამ ჭკუის სწავლების ის იყო, რომ სწორედ საქართველოს ხარჯზე დაენახვებინათ მსოფლიოსთვის რუსეთის რეაქციული ხასიათი.